ბს-83(კ-19) 16 იანვარი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. თ-მა 26.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ „მ. თ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 28.07.2016წ. MOD81600002816 ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2017წ. გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „მ. თ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 28.07.2016წ. MOD81600002816 ბრძანება, დადგინდა მოსარჩელის აღდგენის საჭიროება გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ შეისწავლა მტკიცებულებები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. თ-მა უარი განაცხადა გენერალურ ინსპექციაში გამოცხადებაზე. მ. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა გენერალური ინპექციის უფროსის წერილი და გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომელიც მიღებულ იქნა ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მ. თ-მა ჩაიდინა მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, რაც ქმნიდა თანამდებობიდან გათავისუფლების საკმარის საფუძველს. მოხელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომის შერჩევა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლო დაუსაბუთებლად შეიჭრა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებაში. კასატორი თვლის, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნით უტყუარად დასტურდება არა მხოლოდ დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, არამედ აგრეთვე მოსარჩელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატებოდა ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შეუსრლებლობაში. მ. თ-ი არ უარყოფს სამინისტროს დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებების საჯაროდ გაკეთებას. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია, რადგან რეორგანიზაციის შედეგად კონკრეტული თანამდებობა აღარ არსებობს
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველო სუზენაესი სასამართლოსა (20.04.2017წ. Nბს-644-637(კ-16), 28.03.2017წ.Nბს-802-794(კ-16)) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს („იაკუბოვსკი გერმანიის წინააღმდეგ“, „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“) პრაქტიკას. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში სწორედ ზნეობის ნორმებისა და მორალური პრინციპების დაცვა მიიჩნია თავისი მნიშვნელობით უპირატესად აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით (ბს-270-255(კ-07)).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კასატორის მიერ მითითებულ განჩინებებთან (20.04.2017წ. Nბს-644-637(კ-16), 28.03.2017წ.Nბს-802-794(კ-16)) წინააღმდეგობა არ დასტურდება, ვინაიდან სრულიად განსხვავებულია დავის ფაქტობრივი გარემოებები. მხოლოდ ის, რომ მითითებული გადაწყვეტილებებით უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციულ ორგანოთა მოსაზრებები და მართლზომიერად მიიჩნია მოხელეთა გათავისუფლება, არ ადასტურებს დივერგენტულობას, რადგან მოხელის გათავისუფლების საფუძვლების, მათ შორის გენერალური ინსპექციის დასკვნის, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულების შეფასება სასამართლოს მიერ ხორციელდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული საქმის გარემოებების, მტკიცებულებებისა და დასკვნის დასაბუთების გათვალიწინებით. არ დასტურდება აგრეთვე სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინააღმდეგობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.09.2007წ. Nბს-270-255(კ-07) განჩინებასთან, რადგან Nბს-270-255(კ-07) საქმე მართალია ეხებოდა სამინისტროშო დასაქმებული პირის მიერ მინისტრის საქმიანობის ხარვეზიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას, თუმცა არსებითია სხვაობა აღნიშნულ და განსახილველ დავებს შორის, რადგან Nბს-270-255(კ-07) დავაში მინისტრის შესახებ ნეგატიური ინფორმაცია გაავრცელა მინისტრის მოადგილემ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მინისტრის მოადგილისა და სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის თანამდებობების როგორც სტატუსი და სამართლებრივი შინაარსი, ასევე დანიშვნის წესი და საფუძვლები, არსებითად განსხვავებულია, რაც კასატორის მიერ მითითებულ და განსახილველ საქმეებს შორის მნიშვნელოვან სხვაობას ქმნის.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. კასატორის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე: „იაკუბოვსკი გერმანიის წინააღმდეგ“ და „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, ასევე არ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლებს, რადგან კასატორის მიერ მითითებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მოცემულ დავასთან მიმართებით არარელევანტურია, არსებითად განსხვავდება საქმეთა ფაქტობრივი გარემოებები: საქმე „იაკუბოვსკი გერმანიის წინააღმდეგ“ ეხებოდა სამსახურიდან გათავისუფლებული პირის მიერ ყოფილი დამსაქმებლის მიმართ მისი საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის განზრახ გავრცელებას საქმიანი პარტნიორების გადაბირების მიზნით, ხოლო გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ შეიცავდა მსჯელობას კონკრეტული შინაარსის მქონე წიგნების ტირაჟების ჩამორთმევის შედეგად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ. განსახილველი დავა კი ეხება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას მის მიერ დამსაქმებელ ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული საქმიანობის შესაძლო ხარვეზების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია „მ.თ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 28.07.2016წ. ბრძანება, რომელიც გამოცემულია საქართველოს გენერალური ინსპექციის 28.07.2016წ. დასკვნის საფუძველზე. სადავო აქტი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, რაც ადასტურებს მის გამოცემას დასკვნაში ასახული მოსაზრებების გაზიარების შედეგად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნა მ. თ-ის მიერ გადაცდომის ჩადენასთან დაკავშირებით მსჯელობისას შეიცავს მხოლოდ არსებულ ფაქტებზე მითითებას, აღწერილია მ. თ-ის მიერ 26.07.2016წ. გაკეთებული საჯარო განცხადების შინაარსი, რომელსაც მოჰყვება დასკვნა, რომ ჩადენილია დაწესებულების დისკრედიატაციისაკენ მიმართული საქციელი. არ დასტურდება ამ მიმართებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებით პირი არ კარგავს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მოხელე ამ თავისუფლებით სარგებლობს იმ ვალდებულებათა და პასუხისმგებლობათა გათვალისწინებით, რომელიც მას თავისი სოციალური როლისა და სამსახურებრივი სტატუსის გათვალისწინებით ეკისრება. საჯარო მოხელის, ისევე როგორც სხვა პირთა, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა შესაძლოა განხორციელდეს ისეთი ლეგიტიმური საჯარო მიზნების გათვალისწინებით, როგორებიცაა: საჯარო მმართველობის პროცესის ეფექტიანად და შეუფერხებლად განხორციელება, საჯარო დაწესებულების რეპუტაციის დაცვა, პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის შენარჩუნება და სხვ. (მხედველობაშია მისაღები, რომ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლთან შედარებით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფუძვლების უფრო შეზღუდულ წრეს ითვალისწინებს). მოხელე უფლებამოსილია სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში საჯაროდ გამოხატოს თავისი მოსაზრება საჯარო სამსახურში არსებული ხარვეზების შესახებ, რაც შესაძლოა განხორციელდეს როგორც უფლებამოსილი პირისათვის/ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდებით, ასევე აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებით, რა დროსაც დაცული უნდა იყოს გონივრული ბალანსი საჯარო მოხელის გამოხატვის თავისუფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის, უნდა არსებობდეს ინფორმაციის სამოქალაქო საზოგადოებისათვის მიწოდების დაშვების სათანადო წინაპირობები. მოხელის მიერ დამსაქმებელ ორგანიზაციაში შესაძლო კანონშეუსაბამო ქმედებების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება ზოგ შემთხვევაში შესაძლოა იყოს დაცვის ღირსი, ასეთ დროს შეფასებას საჭიროებს, მაგ: ინფორმაციის შინაარსი, ავთენტურობა, საჯარო ინტერესის სფეროსადმი კუთვნილება, ინფორმაციის გავრცელების საჭიროება და აუცილებლობა, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიყენებული შესაძლო ზიანი, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშედარება და სხვ. („ჰაინეში გერმანიის წინააღმდეგ“, N28274/08, 21.07.2011წ. 63-69 პ.). განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება სადავო აქტის გამოცემამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ზემოაღნიშნულ გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. თ-მა 22.07.2016წ. განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის - გ. მ-ის მიმართ სამსახურებრივი მოკვლევის დაწყების მოთხოვნით, განცხადება შეიცავდა მითითებას გ. მ-ის მიერ ჩადენილ შესაძლო დარღვევებზე. აღნიშნული განცხადების წარდგენიდან 4 დღის შემდეგ - 26.07.2016წ. მ. თ-მა საჯაროდ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ შესაძლო გადაცდომებსა და საქმიანობის ხარვეზებზე. მ. თ-ის მიერ განცხადების საჯაროდ გაკეთებიდან ორ დღეში - 28.07.2016წ. დასრულდა სამსახურებრივი შემოწმება და შედგა გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომლის მიხედვით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მ. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება, მოსარჩელე იმავე დღეს გათავისუფლდა თანამდებობიდან. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მ. თ-ის ინფორმირება მის მიმართ დაწყებული სამსახურებრივი მოკვლევის შესახებ. კასატორის მითითება, რომ მ. თ-მა უარი განაცხადა მის მიმართ დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობის შესახებ, არ არის დასაბუთებული, რადგან მ. თ-თან სატელეფონო საუბრის შესახებ საქმეში დაცული ცნობის მიხედვით ირკვევა, რომ ინპექტორი გ. რ-ი 26.07.2016წ. (მ.თ-ის მიერ განცხადების საჯაროდ გავრცელების დღეს) დაუკავშირდა მოსარჩელე მ. თ-ს 22.07.2016წ. N676497 განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში და თხოვა მომდევნო დღეს ინსპექციაში გამოცხადება, რაზეც უარი განაცხადა. ამდენად, აღნიშნული ცნობით არ დასტურდება მ. თ-ის ინფორმირება მის მიმართ სამსახურებრივი მოკვლევის დაწყების შესახებ, რადგან 22.07.2016წ. N676497 განცხადება, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარე წარმოებაზეც მ. თ-ი 26.07.2016წ. მიიწვიეს ინსპექციაში იყო სწორედ მ. თ-ის მიერვე წადგენილი განცხადება, რომელიც გ. მ-ის მხრიდან ჩადენილ შესაძლო დარღვევებს ეხებოდა. გასათვალისწინებელია, რომ ამ განცხადებასთან დაკავშირებით მ. თ-ს გენერალური ინსპექციისათვის უკვე ჰქონდა მიცემული ახსნა-განმარტება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ მ.თ-ს არ ჰქონდა ინფორმაცია მის მიმართ მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების შესახებ, საწინააღმდეგოს დადასტურება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი. მოხელეს არ მიეცა მის მიმართ დაწყებულ წარმოებაში ჩართვის, წარმოების მასალების გაცნობის, ახსნა-განმარტებების მიცემის, თავისი მოსაზრებების მართებულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა ადასტურებს გენერალური ინსპექციის შესაძლებლობას საკუთარი ინიციატიცით დაიწყოს კონკრეტული მოხელის მიმართ სამსახურებრივი შემოწმება, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მოხელის ინფორმირების, ადმინისტრაციული წარმოების პრინციპების გათვალისწინების, ნორმატიულად დადგენილი პროცედურის დაცვის საჭიროებას. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივად მ. თ-ის მიერ გენერალურ ინსპექციაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული წარმოება დამთავრდა მისთვის სახდელის დაკისრებით. მ. თ-ის მიერ ინსპექციაში წარდგენილი განცხადების შინაარსისა და დანიშნულების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არამართლზომიერად მიიჩნევს აღნიშნული განცხადების საფუძველზე მიმდინარე წარმოების შედეგად განმცხადებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს შიში, რომ განცხადების/საჩივრის წარდგენის შედეგად დაკარგავს იმას, რაც უკვე მოპოვებული აქვს. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მიუღებელია განცხადების საუარესოდ შებრუნება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტი არ არის სათანადოდ დასაბუთებული, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სათანადოდ და ყოველმხრივ გამოკვლევა, რასაც ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ მ. თ-ის წერილობით და საჯარო ზეპირსიტყვიერ განცხადებებში მითითებული შესაძლო გადაცდომების კომპლექსური ხასიათისა და სიმრავლის მიუხედავად, სამსახურებრივი შემოწმება დასრულდა გენერალურ ისპექციაში წერილობითი განცხადების შეტანიდან 6 დღეში, ხოლო მ. თ-ის მიერ საჯარო განცხადების გაკეთებიდან 2 დღის შემდეგ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა იწვევს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა მოხდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული (იხ. სუსგ 17.01.2019წ. Nბს-809-805(3კ-17)). განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა არა მხოლოდ მ. თ-ის სამართალდამრღვევად ცნობა, არამედ შეფარდებული სანქციის გამოყენების საჭიროება. დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი