გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 49-აპ 4 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
თ. ლალიაშვილი
განიხილა თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ თ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 აპრილის განაჩენი ლ. ხ-სა და ჯ. ც-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 აპრილის განაჩენით მიესაჯათ:
ლ. ხ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 1 წლით; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2002წ. 30 სექტემბრიდან.
ჯ. ც-ეს საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “ე” ქვეპუნქტებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 3 წლით, 375-ე მუხლით _ 4 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2002წ. 30 სექტემბრიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ნოემბრის განაჩენით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:
ლ. ხ-ძე გამართლდა სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ლ. ხ-ს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა _ 400 ლარი. ამ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ჯ. ც-ძე გამართლდა სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 375-ე მუხლითა და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ე” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ჯ. ც-ეს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა _ 400 ლარი.
განაჩენით ლ. ხ-სა და ჯ. ც-ეს მსჯავრი დაედოთ შემდეგში:
2002წ. 12-21 აგვისტოს პერიოდში ლ. ხ-ემ შეაღწია თბილისში, --- მცხოვრებ მ. კ-ის ბინაში, საიდანაც ფარულად გაიტაცა 8275 ლარის ნივთები.
ჯ. ც-ემ დაფარა ლ. ხ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული და გადამალა ბინიდან ფარულად გატაცებული თოფი “ვინჩესტერი”. ჯ. ც-ემ დაამზადა ყალბი პირადობის მოწმობა, ი. ა-ის პირადობის მოწმობაში ჩააწება თავისი ფოტოსურათი და მას იყენებდა ლ. ხ-სთან ერთად ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის დროს.
საკასაციო საჩივრით პროკურორი თ. შ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო. საჩივარში პროკურორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას უნდა გაეთვალისწინებინა მსჯავრდებულთა პიროვნების მახასიათებელი ნიშნები, მათი წარსული საქმიანობა, ნასამართლობა, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი და ა.შ.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. ს-მა საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულ მ. კ-ს განმარტებით, ნივთმტკიცებებით ლ. ხ-სა და ჯ. ც-ის მიერ მათზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით, განაჩენის გაუქმების შესახებ. საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი ზომით, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებულებმა _ ლ. ხ-ემ და ჯ. ც-ემ წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, ჯ. ც-ძე დაავადებულია ტუბერკულოზით, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ სააპელაციო პალატამ ორივე მსჯავრდებულს შეუმცირა ბრალის მოცულობა. ასეთ პირობებში პალატა თვლის, რომ ლ. ხ-ის მიმართ 6 წლით, ხოლო ჯ. ც-ის მიმართ 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეტისმეტად მსუბუქ სასჯელად და აშკარად უსამართლოდ.
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ნოემბრის განაჩენი ლ. ხ-სა და ჯ. ც-ის მიმართ დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ნოემბრის განაჩენი ლ. ხ-სა და ჯ. ც-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.