ბს-164-164 (კ-18) 16 იანვარი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „…ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…მა“ 06.03.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, მესამე პირის სს „…ის“ მიმართ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 11.12.2014წ. №50/65 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ქსელზე მიერთების საფასურის 94 000 ლარის განულების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.01.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 11.12.2014წ. №50/65 გადაწყვეტილება, დაევალა მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2017წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „…ის“ მიერ.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებას, მიუთითებს სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, სზაკ-ის 193-ე, 96-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ შეიცავს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ დასაბუთებას, კერძოდ, სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ იქნა მიჩნეული დადგენილ ვადაში შესრულებულად სს „…ის“ მიერ ჩატარებული სამუშაოები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას სს „…ის“ მიერ სემეკის დადგენილების მოთხოვნათა დაცვით სამუშაოს შესრულების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 261 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის პირობებში რა არგუმენტით იქნა მიჩნეული სემეკის გადაწყვეტილება მართებულად. კერძოდ, სასამართლომ შეფასება არ მისცა სს „…ის“ მიერ მომხმარებლისათვის შეტყობინების არ გაგზავნისა და მრიცხველის დალუქვის თაობაზე აქტის არ არსებობის საკითხს, რომელთა შესრულების ვალდებულებას სს „…ის“ მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 261 მუხლის მე-7 პუნქტი ითვალისწინებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „…ის“ მოთხოვნას შეადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მომსახურების ღირებულების განულება სს ,,…ის” მიერ მიერთების მომსახურების სტანდარტის შეუსრულებლობის გამო. მოთხოვნის საფუძვლად შპს „…ი“ მიუთითებს ქ. თბილისში, …ის ქუჩაზე №28-ში მდებარე მის კუთვნილ ობიექტზე ელექტროენერგიის მიწოდების დადგენილი ვადის გადაცილებით დაწყებას, აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 261 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით სს ,,…ის” მიერ სამუშაოების დასრულების შეუძლებლობის შესახებ შეტყობინების არ გაგზავნას და მრიცხველის დალუქვის თაობაზე აქტის არ არსებობას.
საქმის მასალებით დგინდება 01.04.2013წ. შპს ,,…ის” მიმართვა სს ,,…ისადმი” ქ. თბილისში, …ის ქუჩაზე №28-ში მდებარე ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ (ტ.1.ს.ფ.20). სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 90 კალენდარული დღე, რაც იწურებოდა 03.07.2013წ.. ობიექტის ელექტრომომარაგების თაობაზე გაცემული ტექნიკური პირობით დგინდება, რომ ობიექტზე კომპლექსური-სატრანსფორმატორო ქვესადგურის მონტაჟის ვალდებულება შპს ,,…ს” ეკისრებოდა. სს ,,…ის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაციით დასტურდება მათი შესრულება დადგენილ ვადაში, 2013 წლის 25 ივნისის ჩათვლით (ტ.1.ს.ფ. 95-96; 104-107). მას შემდეგ, რაც შპს „…ის“ მიერ 2013წ. ოქტომბრის თვეში წარდგენილი იქნა სს ,,…ისთვის” კომპლექსური-სატრანსფორმატორო ქვესადგურის მონტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სს ,,…ის” მიერ 30.10.2013წ. გაიცა №გ-1074 განკარგულება ობიექტის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ (ტ.1.ს.ფ.17-18) და მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების შესახებ აქტი (ტ.1.ს.ფ.23). ამდენად, დადგენილ ვადაში სს ,,…ის” მიერ სამუშაოების შესრულების და შპს „…ის“ მიერ კომპლექსური-სატრანსფორმატორო ქვესადგურის მონტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მხედველობაში მიღებით საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად დადგინდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების არარსებობა.
ამასთანავე, უსაფუძვლოა კასატორის მითითება სს „…ის“ მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 261 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 261 მუხლის მე-7 პუნქტი მხარეთა შორის დავის წარმოშობისას და გასაჩივრებული აქტის გამოცემისას არ მოქმედებდა. აღნიშნული დანაწესი დადგენილებაში აისახა ცვლილების შედეგად, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 25.05.2015წ. №28 დადგენილებით განხორციელდა. ამდენად, მხარეთა შორის შეთანხმებული სამუშაოების შესრულებისას (2013წ.), როდესაც აღმოჩნდა, რომ შიდა ქსელი არ იყო მზად, სს ,,…ს” არ გააჩნდა შპს „…ისთვის“ შეტყობინების გაგზავნის და ამავე პუნქტით გათვალისწინებული სხვა მოქმედებების შესრულების ვალდებულება, კანონმდებლობაში შესაბამისი ნორმების არარსებობის გამო, განსხვავებით დღევანდელი მოწესრიგებისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2017წ. გადაწყვეტილება;
3. შპს „…ს“ (ს/ნ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.02.2018წ. N№1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი