ბს-282 (კ-19) 16 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2018წ. და 25.09.2018წ. განჩინებებზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
07.08.2017წ. ნ. მა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირის ნ. მ-ის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.07.2017წ. №… და 21.07.2017წ. №… გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 24.08.2017წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. მა-ის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა გასაჩივრებული აქტების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.07.2017წ. №… და 21.07.2017წ. №… გადაწყვეტილებების მოქმედება, რაც გასაჩივრდა ნ. მ-ის მიერ კერძო საჩივრით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.12.2017წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 12.04.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.07.2017წ. №… და 21.07.2017წ. №… გადაწყვეტილებები, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2018წ. განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
კასატორი აგრეთვე ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2018წ. განჩინებას მოსამართლის აცილებაზე უარის შესახებ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა მათ. კასატორს არასწორად მიაჩნია სააპელაციო ინსტანციაში საქმის ერთი მოსამართლის მიერ განხილვა. ნ. მ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა საქმის განხილვიდან მოსამართლის აცილება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველ მოსამართლეს განხილული აქვს იმავე მხარეებს შორის დავა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოება მოსამართლის აცილების საფუძველს ქმნიდა.
არ არსებობს ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების კანონით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, არასწორია ნ. მა-ის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევა, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ. მ-ის კუთვნილი ფართი შეიძინა ა. დ-ისგან. ერთი და იმავე უძრავ ნივთზე რამოდენიმე ჩანაწერის არსებობისას „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი უპირატესობას ანიჭებს პირველ შემძენს, რაც უგულებელყოფილია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამასთანავე, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ადმინისტრაციულ დავაში არ არსებობს კეთილსინდისიერი შემძენი. ა. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობით დადასტურდა უძრავი ქონების ჯერ ა. დ-ეზე, ხოლო შემდგომში ნ. მა-ზე გასხვისების უკანონობა. სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
საქმეზე არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები, ვინაიდან სარჩელის აღძვრისას ნ. მა-ის მიერ არ იქნა დაცული აქტის გასაჩივრების 1 თვიანი ვადა და მას ზიანს ვერ მიაყენებდა ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად უძრავი ნივთის პირველ მესაკუთრეს ენიჭება უპირატესობა შემდგომ შემძენთან შედარებით, იმის მიუხედავად შემძენი კეთილსინდისიერია თუ არა. ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისე განხორციელდა, რომ მას არ მოუთხოვია ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
სასამართლომ დაადგინა ა. დ-ეზე ნ. მ-ის ფართის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა, ამასთანავე, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით ნ. მა-ის სახელზე რეგისტრირებული ფართს აღარ აქვს მინიჭებული ნომერი და ის ნომრის გარეშე ფიქსირდება დღეის მდგომარეობით. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს ნ. მ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას. განსახილველ დავაში სადავოდ გამხდარი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები კანონიერია, რადგან ამ გადაწყვეტილებებით საჯარო რეესტრმა გაასწორა ის შეცდომა, რაც მათ დაუშვეს ნ. მ-ის ფართის ა. დ-ეზე არასწორად რეგისტრაციის დროს.
კასატორი თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი უნდა იქნას ყველა სახის მტკიცებულება, რომელიც დაკავშირებულია ნ. მ-ის, ა. დ-ის და ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან. კასატორი თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნას ცნობილი და განხილული უნდა იქნას ზეპირი მოსმენით დიდი პალატის მიერ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დადგენის მიზნით. კასატორი თვლის, რომ გასარკვევია აგრეთვე საქმეში მესამე პირად სადავო ფართის მესაკუთრის მ. ყიფშიძის უფლებამონაცვლის ჩართვის საჭიროება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს განსახილველ საქმეში მონაწილე მხარეთა შორის ამავე დავაში სადავოდ ქცეულ ფართთან დაკავშირებულ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებზე: სუსგ 19.05.2016წ. #ბს-597-590 (კ-15); 20.04.2017წ. # ბს-156-154 (კ-17); 28.06.2019წ. #ას-1086-2018, რომელთაც პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ განსახილველ საქმესთან მიმართებით. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტები საკასაციო სასამართლოსთვის დამატებით მტკიცებას არ საჭიროებენ (სსკ-ის 106-ე მუხ.). მითითებული გადაწყვეტილებებით დადგენილი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნები.
საკასაციო საჩივარი შეიცავს მსჯელობას რიგი გარემოებების შესახებ, რომლებიც განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის არ არის რელევანტური, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით შეფასება მიეცა კასატორის მიერ მითითებულ გარემოებებს ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის, აგრეთვე რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების თაობაზე. არც ერთი სასამართლო აქტით არ დადგენილა ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უკანონობა (იხ. სუსგ 19.05.2016წ. #ბს-597-590 (კ-15); 20.04.2017წ. # ბს-156-154 (კ-17)), არ დადგენილა აგრეთვე ნ. მა-ის არაკეთილსინდისიერება სადავო ფართის შეძენის დროს (იხ. სუსგ 28.06.2019წ. #ას-1086-2018). ვინაიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსკ-ის 266-ე მუხ.), საკასაციო პალატა დამატებით აღარ იმსჯელებს კასატორის მიერ მითითებული იმ გარემოებებზე, რაც უკვე შეფასდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით. პალატა ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ არგუმენტებზე, რომლებიც უშუალო შემხებლობაშია დავის საგანთან, კერძოდ, ნ. მა-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართზე ნუმერაციის შეცვლისა და შემდგომ ნუმერაციის მოშლასთან.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების გამოცემის საფუძველი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არგუმენტი, რომ გასაჩივრებული აქტები გამოიცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დასრულებულ დავებზე არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილება არ მიუთითებს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ ნ. მა-ის საკუთრებაში რიცხული №18 ფართი დარეგისტრირებულიყო №16 ფართად, ან ნომრის გარეშე. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაში ნუმერაციის ცვლილების ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი. მით უფრო არასწორია მარეგისტრირებელი ორგანოს მითითება, რომ ნუმერაციის ცვლილება განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით შეფასდა ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი და დადგინდა, რომ არ არსებობდა ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები. სასამართლომ დაადგინა აგრეთვე ნ. მა-ი კეთილსინდისიერება ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს. ნ. მა-ის საკუთრებაში რეგისტრირებული ფართის ნუმერაციის ცვლილების საკითხი სასამართლოს გადაწყვეტილებებით არ გადაწყვეტილა, სასამართლოს არც ერთ გადაწყვეტილებაში ამ მიმართებით არ დადგენილა საკითხი, რომელიც საჭიროებდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ აღსრულებას, მით უფრო ნუმერაციის შეცვლის ან მოშლის გზით.
ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სზაკ-ის 6011 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველის არსებობის შესახებ.
საფუძველს არის მოკლებული კასატორის მოსაზრება, რომ საქმეზე არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები. კასატორი მიუთითებს, რომ ნ. მა-მა ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში არ აღძრა სარჩელი, რის გამოც სარჩელი დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია არა ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა, არამედ ნ. მა-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაში ფართის ნუმერაციის ცვლილება, რაც განხორციელდა 17.07.2017წ. და შემდგომ 21.07.2017წ.. ნ. მა-ის სარჩელი აღძრულია 07.08.2017წ., სასკ-ის 22-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ნორმით დადგენილ 1 თვიან ვადაში. დაუსაბუთებელია აგრეთვე ნ. მ-ის მოსაზრება გასაჩივრებული აქტებისადმი ნ. მა-ის კანონიერი ინტერესის არარსებობის თაობაზე. გასაჩივრებული აქტები ეხება უშუალოდ ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, რაც ადასტურებს დავის საგნის მიმართ მის კანონიერ ინტერესს (სასკ-ის 22.2 მუხ.).
უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება მოსამართლის აცლების საფუძვლის არსებობის თაობაზე, რაც კასატორის მოსაზრებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.09.2018წ. განჩინების გაუქმების საფუძველს ქმნის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე არ დგინდება მოსამართლის აცილების საფუძვლის არსებობა. კასატორი არგუმენტირებულად ვერ უთითებს სსკ-ის 29-32-ე ან სასკ-ის 29-ე მუხლით დადგენილი მოსამართლის აცილების რომელიმე საფუძველზე. მხოლოდ ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველმა მოსამართლემ წარსულში განიხილა იმავე მხარეებს შორის არსებული სხვა დავა, არ წარმოშობს მოსამართლის აცილების საფუძველს. საპროცესო კანონმდებლობით დასაშვებია მოსამართლის მიერ ერთი და იმავე მხარეებს შორის არსებული რამოდენიმე დავის განხილვა, უკეთუ აცილების სხვა საფუძველი არ არსებობს (სსკ-ის 29-ე მუხ.). ამდენად, არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.09.2018წ. განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების და შეფასების შესაძლებლობას, იგი არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, რის გამოც კასატორის მოსაზრება საჯარო რეესტრიდან ნ. მ-ის, ა. დ-ის და ნ. მა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სრული მასალების გამოთხოვის საჭიროების თაობაზე უსაფუძვლოა. ამასთანავე, როგორც აღინიშნა მითითებული საკითხები შეფასებული და გადაწყვეტილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადწყვეტილებებით.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას საქმის არსებითად უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ განხილვის საჭიროების თაობაზე. საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის საკითხი შეადგენს სამოსამართლო დისკრეციას, ამასთანავე, საკასაციო საჩივარი არ იქნა მიჩნეული დასაშვებად, რის გამოც სახეზე არ არის საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის სსკ-ის 3911 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სასკ-ის 29-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების ძალაში შესვლიდან ძალას კარგავს საქმეზე საჩხერის რაიონული სასამართლოს 24.08.2017წ. განჩინება გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2018წ. განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2018წ. განჩინება;
3. ნ. მ-ეს (პ/ნ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.04.2019წ. N12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე