ბს-333 (კ-19) 16 იანვარი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. დ-მა 03.08.2017წ. სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.03.2017წ. №… და 22.05.2017წ. №… გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, აგრეთვე მცხეთის რაიონის სოფ. …ში მდებარე 1200 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ. დ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 18.07.2018წ. გადაწყვეტილებით მ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.03.2017წ. №… და 22.05.2017წ. №… გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მცხეთის რაიონის სოფ. …ში მდებარე 1200 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ. დ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 18.07.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოების მიერ რეგისტრაციისთვის საკმარის დოკუმენტად არასწორად იქნა მიჩნეული საკუთრების უფლების საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი, რომელიც არ არის დამოწმებული სათანადო წესით და ის არც ერთ უწყებაში არ არის დაცული. არ დასტურდება, რომ საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა გაცემულია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის გამოც ის არ ქმნის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკმარის საფუძველს. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ იუსტიციის მინისტრის 01.08.2016წ. №153 ბრძანების შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მოძიების მიუხედავად მ. დ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნა მოძიებული. საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ასლის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არასწორია, ვინაიდან შესაძლებელია ერთ მიწის ნაკვეთზე გაცემული აღმოჩნდეს რამოდენიმე კანონის დარღვევით გაცემული საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი. აღნიშნული მდგომარეობა ხელს შეუშლის რეესტრის ჩანაწერის ნამდვილობის, სისრულისა და უტყუარობის უზრუნველყოფას, საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება მცხეთის რაიონის სოფ. …ში მდებარე 1200 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა (ტ.1.ს.ფ. 58-59), რომლის თანახმად მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა მ. დ-ი. მოწმობა შეიცავს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. №327 ბრძანებულებით დადგენილ ყველა რეკვიზიტს და შეესაბამება ამავე ბრძანებულის დანართით დამტკიცებულ მოწმობის ფორმას. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება დოკუმენტის ასლის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების უსწორობის თაობაზე. კასატორის მიერ არგუმენტირებულად ვერ იქნა მითითებული აღნიშნული მოწმობის უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნევის გამომრიცხავ გარემოებაზე. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მიიჩნევს, როგორც კონკრეტულად განსაზღვრულ დოკუმენტებს (მაგ.: მიღება-ჩაბარების აქტი, სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვ.), აგრეთვე „სხვა დოკუმენტს“ (კანონის მე-3 მუხ. 1-ლი ნაწ. „ჟ“ და „რ“ ქვეპ.), რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს ქმნის. ამდენად, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის წარდგენა მარეგისტრირებელ ორგანოში ქმნის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა მიჩნეული მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა დასტურდება არა მხოლოდ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლით, საქმის მასალებით დგინდება მ. დ-ის საკუთრების უფლების დატანა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ სისტემური აღრიცხვის მონაცემებში (ტ.1.ს.ფ.149), რაც ადასტურებს მცხეთის რაიონის სოფ. …ში მდებარე 1200 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მ. დ-ის საკუთრების უფლების არსებობას, სხვა პირთა რეგისტრირებულ მონაცემებთან დაპირისპირების არარსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია კასატორის მითითება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისათვის საფრთხის შექმნისა და რეესტრის ჩანაწერის ნამდვილობის, სისრულისა და უტყუარობის უზრუნველყოფისათვის ხელის შეშლის თაობაზე.
არ დასტურდება კასატორის მოსაზრების საფუძვლიანობა უფლების დამდგენი დოკუმენტის ასლის დოკუმენტის არარსებობასთან გათანაბრების თაობაზე, ამასთან, კასატორის ზოგადი მითითითებები განჩინების უსწორობის თაობაზე არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოებები მართებულად გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის და მ. დ-ის სახელზე მცხეთის რაიონის სოფ. …ში მდებარე 1200 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის დავალების საფუძველი.
საკასაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული განჩინების არგუმენტირებულ კრიტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით. ამდენად, დასტურდება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის მართებულობა მითითებულ საკითხზე და კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობა. ამასთანავე, დგინდება საკითხის საკასაციო პალატის მიერ დადგენილის პრაქტიკის შესაბამისად გადაწყვეტა (იხ. სუსგ 05.02.2019წ. საქმე №ბს-1381(კ-18)).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2018წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.04.2019წ. N№07538 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი