ბს-423-423 (კ-18) 16 იანვარი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს "…ის" საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 13.11.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შპს "…ის" მიმართ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 4402.45 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.11.2015წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 25.12.2015წ. სხდომის ოქმით საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 26.02.2016წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2017წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 26.02.2016წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს "…ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 4402.45 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს "…ის" მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილების 22.3 მუხლის "ზ" ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 21.08.2012წ. აქტით დარიცხული თანხა აღიარებულად ითვლება ამ აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლიდან 60 დღეში, რაც არასწორია, ვინაიდან აქტით დარიცხული დავალიანება 4402.45 ლარი აქტზე ხელმოწერისთანავე აღიარა კასატორმა, შესაბამისად სკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამ დროიდან უნდა აითვალოს. 2012 წლის 21 აგვისტოდან სარჩელის სასამართლოში შეტანამდე, 2015 წლის 13 ნოემბრამდე გასულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც უფლებას აძლევს კასატორს უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე. სინამდვილეს არ შეესაბამება სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით რომ 09.07.2013წ. N110 წერილით კასატორმა აღიარა სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალი, ვინაიდან ამ წერილით კასატორმა მოწინააღმდეგე მხარეს სამედიცინო დაზღვევის პროგრამების წინაშე არსებული დავალიანება მოსთხოვა, რაც არ შეიძლება აღქმულ იქნას ვალის აღიარებად. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო კასატორის დაუსწრებლად, კასატორს არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს "…ის" საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 21.08.2012წ. შემოწმების აქტით შპს "…ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 4402.45 ლარის ანაზღაურება. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილების 22.3 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის მიხედვით მიმწოდებელი ვალდებული იყო ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების შესრულება უზრუნველეყო აღიარებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ აღიარება უკავშირდება აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლას. მოცემულ შემთხვევაში შპს "…ს" არ გამოუყენებია აქტის გასაჩივრების უფლება, შესაბამისად 21.08.2012წ. აქტის აღიარებიდან 60 დღის ვადაში დაწესებულება ვალდებული იყო გადაეხადა აქტით დარიცხული თანხა, რაც არ განუხორციელებია, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე არ არის გასული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის აპელირებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომის შესახებ უწყება კასატორს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა უფლებამოსილ პირს (ტ.2, ს.ფ. 112). შესაბამისად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა მოპასუხის გამოუცხადებლობის მიუხედავად, რაც არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს "…ის" საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "…ის" (ს/კ …) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2017წ. გადაწყვეტილება;
3. მ. ნ-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.05.2018წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი