ბს-424 (გ-19) 16 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ. ი-ის სასარჩელო განცხადების თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებები საქმის განსჯადობასთან დაკავშირებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ი-მა 30.01.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 27.09.2018წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის პრივატიზაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ვ. ი-ს საკუთრებაში გადაეცემოდა მარნეულის რაიონში სოფ. ...ში (...) მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: ს/კ ..., N..., N..., N...; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 25.01.2019წ. N1-1/43 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი ხარჯების ანაზღაურების დავალება. მოსარჩელემ იშუამდგომლა ასევე მარნეულის რაიონში, სოფ. ...ში (...) მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ს/კ ..., N..., N..., N... ყადაღის დადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2019წ. განჩინებით ვ. ი-ის სარჩელი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. განსახილველ შემთხვევაში ვ. ი-ის მიერ სარჩელი აღძრულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, მოსარჩელე ითხოვს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 27.09.2018წ. N... გადაწყვეტილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 25.01.2019წ. N1-1/43 ბრძანების ბათილად ცნობას. ვინაიდან ეს უკანასკნელი მიღებულია ვ. ი-ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, შესაბამისად დავის საგნის შეფასება უნდა მოხდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 27.09.18წ. N... გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებასთან ერთად. ამასთან უძრავი ქონება, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს მარნეულის რაიონში, სოფელ ...ში (...).
თბილისის საქალაქო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 01.05.2013წ. N1-1/107 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრის დებულებაზე, რომლის მიხედვითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა). დებულების 1.1 მუხლის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრი არის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის ერთიანობის მიუხედავად, სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება თავდაპირველი აქტით, რაც განაპირობებს დავის სასამართლო განსჯადობას თავდაპირველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის ადგილმდებარეობის (მისამართი: ქ. რუსთავი, ვახუშტის ქუჩა N8) მიხედვით. სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე მოპასუხეს წარმოადგენს არა მოსარჩელის მიერ სასარჩელო განცხადებაში მითითებული სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, არამედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 193-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 04.02.2019წ. განჩინებით ვ. ი-ს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, რაც გასაჩივრდა ვ. ი-ის მიერ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 07.03.2019წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ვ. ი-ის საჩივარი, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 04.02.2019წ. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეკრძალათ მარნეულის რაიონში, სოფ. ...ში (...) მდებარე N..., ..., N..., N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გასხვისება ან რაიმე სახით უფლებრივად დატვირთვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 11.03.2019წ. განჩინებით ვ. ი-ის სარჩელი სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
რუსთავის საქალაქო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის მე-18.1 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნებს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. საქმეზე თანდართული დოკუმენტაციით დგინდება, რომ N..., ..., N..., N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (...). მითითებული ტერიტორია არ წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯად ტერიტორიას.
სასამართლო მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.07წ. N1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 33.2 მუხლის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის-რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
რუსთავის საქალაქო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. აღნიშნული ეხება აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე სარჩელებს. საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდუქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციულო ორგანო, ხოლო ნივთობრივი განსჯადობის შესახებ სსკ-ის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სპეციალური წესით, სარჩელი საკუთრების უფლების შესახებ, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით (სუს 23.01.2015წ. Nბს-816-802 (გ-14), 04.06.2015წ. Nბს-280-276(გ-15)). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს უძრავი ქონება, მოცემულ შემთხვევაში ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ბოლნისის რაიონული სასამართლო, ვინაიდან სადავოდ გამხდარი სამართლებრივი აქტები მიღებულია მარნეულის რაიონში, სოფელ ...ში (...) მდებარე N..., ..., N..., N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან მიმართებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 25.03.2019წ. საჩივრით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ 07.03.2019წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამარათლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. თბილისის სააპელაციო სასამარათლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2019წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაუბრუნდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 19.07.2019წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.08.2019წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 07.03.2019წ. განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ საქმე ვ. ი-ის სარჩელის გამო უნდა დაუბრუნდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარედგინება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში ძირითადი სადავო აქტი გამოცემულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის მიერ, რომლის ადგილსამყოფელი განსაზღვრულია ქ. რუსთავში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ უძრავი ნივთები, რომელთა თაობაზეც მიღებულია სადავო აქტები (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 27.09.2018წ. N... გადაწყვეტილება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 25.01.2019წ. N1-1/43 ბრძანება), მდებარეობს მარნეულის რაიონში, სოფელ ...ში.
"რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. N1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები. აღნიშნული გადაწყვეტილების 33-ე მუხლით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით, ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები მოცულია ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიით (მუხ. 10).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 01.05.13წ. N1-1/107 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მომსახურების ცენტრის დებულება, რომლის თანახმადაც ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი ადგილზე წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. მოცემულ შემთხვევაში ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი სააგენტოს წარმოადგენს რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ხსენებული დებულების 1-ლი მუხლის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრი არის სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. დებულების მე-2 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში. ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დებულებებს, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომლის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს. ხსენებული ნორმის მიხედვით სარჩელი წარედგინება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ადმინისტრაციულ ორგანოსთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება შესაძლოა არ ემთხვეოდეს სასამართლოს იურისდიქციას და ვრცელდებოდეს რამოდენიმე რეგიონზე ან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში დავის განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობისა და არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების გავრცელების მასშტაბის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი მდებარეობს ქ. რუსთავში, რუსთავის საქალაქო სასამართლო არ აყენებს სარჩელის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქციისადმი კუთვნილების საკითხს და უძრავი ქონების მარნეულის რაიონში ადგილმდებარეობის გამო თვლის, რომ დავა არ არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადი. რუსთავის საქალაქო სასამართლო სსკ-ის მე-18 მუხლზე მითითებით თვლის, რომ დავა არ განეკუთვნება რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯად ტერიტორიას, ვინაიდან ..., ..., ..., ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა პრივატიზაციასაც მოითხოვს მოსარჩელე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში (...) მდებარეობენ. სსკ-ის 18.1 მუხლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილმდებარეობის მიხედვით. ამდენად ხსენებული ნორმა შეიცავს ადგილმდებარეობის მიხედვით დავის განხილვის მხოლოდ შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში არ აღუძრავს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსკ-ის მე-15 მუხ.). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამ პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან გამომდინარე, დაშვებულია სასამართლო პრაქტიკის მიერ მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება სსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესი, რომლის მიხედვით განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით (იხ. მაგ., სუს განჩინება 18.01.18წ., საქმე Nბს-629-625(გ-17); 24.05.18წ. განჩინება, საქმე Nბს-613-610(გ-17)).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში არ არის მოყვანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში განსჯადობასთან დაკავშირებით მოყვანილი არგუმენტაციის საწინააღმდეგო მოსაზრებები, კერძოდ განჩინება არ შეიცავს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქციის გავრცელების საჭიროების მოსაზრებებს. შესაბამისად სასამართლოებს შორის საქმის განსჯადობაზე დავა როგორც ასეთი არ არსებობს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში განსჯად სასამართლოდ მითითებულია არა თბილისის საქალაქო სასამართლო, არამედ ბოლნისის რაიონული სასამართლო. სასკ-ის 26-ე მუხლის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს საქმის განხილვაზე განსჯადი სასამართლო სასამართლოებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის არსებობის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის განსჯადობის საკითხზე დავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმე განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, უკანასკნელი თვლის, რომ საქმის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლო არის ბოლნისის რაიონული სასამართლო, თუმცა საქმე განსახილველად არ გადაგზავნილა ბოლნისის რაიონული სასამართლოსთვის, რუსთავის საქალაქო სასამართლომ საქმე განსჯადობის საკითზე დავის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე განსჯადობის საკითხზე დავა. შესაბამისად სასკ-ის 26-ე მუხლის თანახმად საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს საქმის განსჯადობის საკითხი (იხ. სუსგ 20.03.2003წ. N3გ/ად-6-გ-03; სუსგ 19.03.2007წ. Nბს-1099-1048 (გ-06)). იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არ არის სასამართლოებს შორის დავა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმე უნდა დაუბრუნდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის 1.2, 2.1, 26.2 მუხლებით, სსსკ-ის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქმე ვ. ი-ის სარჩელის გამო დაუბრუნდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი