ბს-517 (კ-19) 16 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. მი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2018წ. გადაწყვეტილებასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
22.01.2018წ. ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირის ნ. მი-ის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.11.2017წ. №...-03 და 21.12.2017წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთოვნით, მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე არსებულ ...ში №... ფართზე (ს/კ ...) ნ. მი-ის საკუთრების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების დავალება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 26.07.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.11.2017წ. №...-03 და 21.12.2017წ. №... გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე არსებულ ...ში №18 ფართზე (ს/კ ...) ნ. მი-ის საკუთრების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მი-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
კასატორი აგრეთვე ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნით ნ. მ-ი ითხოვდა აქტების ბათილად ცნობას და ნ. მი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების დავალებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების გარდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაავალა ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
კასატორი აღნიშნავს, რომ არასწორია სააპელაციო ინსტანციაში საქმის ერთი მოსამართლის მიერ განხილვა, ვინაიდან ამავე მხარეებს შორის მიმდინარე დავა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე სააპელაციო ინსტანციამ განიხილა კოლეგიური შემადგენლობით სამი მოსამართლის მონაწილეობით, რა დროსაც სასამართლო შემადგენლობის მიერ განმარტებული იქნა, რომ საქმე იყო რთული კატეგორიის და აღნიშნული განაპირობებდა საქმის კოლეგიური შემადგენლობით განხილვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საქმე ასევე კოლეგიური წესით უნდა განხილულიყო. მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ზეპირ მოსმენაზე საქმის განმხილველმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ნ. მ-ი ქონების კეთილსინდისიერი შემძენია, ნ. მი-ის წარმომადგენელმა მოითხოვა საქმის განხილვიდან მოსამართლის აცილება, რაც არ არის ასახული სხდომის ოქმში. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის არასრულყოფილებას, თუმცა მ. მი-ის მხარემ გაუშვა ოქმში შენიშვნის შეტანის ვადა, რის გამოც სხდომის ოქმში არ აისახა მოსამართლის აცილების შესახებ ნ. მი-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა. ამასთანავე, საქმეზე არსებობდა მოსამართლის თვითაცილების საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველ მოსამართლეს განხილული აქვს იმავე მხარეებს შორის დავა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
არ არსებობს ნ. მი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების კანონით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, პირიქით, ნ. მი-ეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად უფლება აქვს მოითხოვოს ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება, ვინაიდან ბათილადაა ცნობილი ნ. მ-ის საკუთრების რეგისტრაციის საფუძველი, კერძოდ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ა. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომლისგანაც ნასყიდობის ხელშეკრულებით ფართი შეიძინა ნ. მ-მა. არასწორია ნ. მ-ის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევა, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ. მი-ის კუთვნილი ფართი შეიძინა ა. დ-ისგან. ერთი და იგივე უძრავ ნივთზე რამოდენიმე ჩანაწერის არსებობისას „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი უპირატესობას ანიჭებს პირველ შემძენს, რაც უგულებელყოფილია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამასთანავე, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ადმინისტრაციულ დავაში არ არსებობს კეთილსინდისიერი შემძენი.სასამართლოს მიერ ნ. მ-ის კეთილსინდისიერ შემძენად ცნობა არ შეიძლება გახდეს ნ. მი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი. ა.დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობით დადასტურდა უძრავი ქონების ჯერ ა. დ-ეზე, ხოლო შემდგომში ნ. მ-ზე გასხვისების უკანონობა.
სასამართლომ დაადგინა ა. დ-ეზე ნ. მი-ის ფართის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა, ამასთანავე, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული ფართს აღარ აქვს მინიჭებული ნომერი და ის ნომრის გარეშე ფიქსირდება დღეის მდგომარეობით. აღნიშნული გარემოებები ქმნის არა ნ. მი-ის, არამედ ნ. მ-ის საკუთრების უფლების ძალადაკარგულად ცნობის საფუძველს.
უკანონოა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ, ვინაიდან ნ. მ-ის მიერ არ იქნა დაცული აქტის გასაჩივრების 1 თვიანი ვადა და მას ზიანს ვერ მიაყენებდა ნ. მი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად უძრავი ნივთის პირველ მესაკუთრეს ენიჭება უპირატესობა შემდგომ შემძენთან შედარებით, იმის მიუხედავად შემძენი კეთილსინდისიერია თუ არა. ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისე განხორციელდა, რომ მას არ მოუთხოვია ნ. მი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. მ-ი გამოსახლდა ნ. მი-ის კუთვნილი ფართიდან და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ნ. მი-ეს.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით კასატორი ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტას და საქმის არსებითად განხილვას ზეპირი მოსმენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს განსახილველ საქმეში მონაწილე მხარეთა შორის ამავე დავაში სადავოდ ქცეულ ფართთან დაკავშირებულ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებზე: სუსგ 19.05.2016წ. №ბს-597-590 (კ-15); 20.04.2017წ. № ბს-156-154 (კ-17); 28.06.2019წ. №ას-1086-2018, რომელთაც პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ განსახილველ საქმესთან მიმართებით. გადაწყვეტილებებით დადგინდა, რომ ნ. მ-ი იყო სადავო ფართის კეთილსინდისიერი შემძენი, არ დადასტურდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა, აგრეთვე უარყოფილი იქნა ნ. მი-ის სარჩელი ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონის მოთხოვნის დაცვით. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტები საკასაციო სასამართლოსთვის დამატებით მტკიცებას არ საჭიროებენ (სსკ-ის 106-ე მუხ.). მითითებული გადაწყვეტილებებით დადგენილი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით მართებულოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნები.
უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მითითება გადაწყვეტილების უკანონობაზე იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ნ. მ-ი სადავო ფართის კეთილსინდისიერ შემძენად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხზე მიღებულია საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.2017წ. №ბს-156-154 (კ-17) განჩინება, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დადგინდა საწინააღმდეგო, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. მ-ი იყო სადავო ფართის კეთილსინდისიერი შემძენი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული ძალა გააჩნია განსახილველ დავასთან მიმართებით, ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნულ გარემოებას დადგენილად მიიჩნევს, რაც დამატებით მტკიცებას აღარ საჭიროებს (სსკ-ის 106-ე მუხ.).
კასატორის მოსაზრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის დანაწესზე არ ადასტურებს მოთხოვნის საფუძვლიანობას, ვინაიდან უკეთუ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია სამოქალაქო გარიგება, კანონმდებელმა ნივთის თავდაპირველ მესკუთრესთან შედარებით უპირატესობა კეთილსინდისიერ შემძენს მიანიჭა, ასეთის არსებობის შემთხვევაში (სკ-ის 185-ე მუხ.). მოცემულ შემთხვევაში ნ. მ-ის კეთილსინდისიერება გარიგების დადების დროს დადგენილია. აღნიშნულის თაობაზე არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა. კასატორის მითითება, რომ დაინტერესებული მხარის უფლებაშემზღუდავი გარიგების დადება შეუძლებელი იყო ამავე დაინტერესებული მხარის თანხმობის გარეშე რელევანტური არ არის სამოქალაქო გარიგებასთან მიმართებით. ამგვარ დათქმას კანონმდებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციული გარიგებების მიმართ (სზაკ-ის 67-ე მუხ.), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ვინაიდან ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს ადმინისტრაციული გარიგება არ შეადგენდა. სასამართლოს მიერ ა. დ-ესა და ნ. მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების შემოწმების შედეგად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ არ არსებობდა გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები და უარყოფილი იქნა ნ. მი-ის სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე (სუსგ 28.07.2019წ. №ას-1086-2018).
ნ. მ-ის სადავო ფართიდან გამოსახლების შესახებ კასატორის მითითება არ ადასტურებს ნ. მი-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას. აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (სუსგ 27.01.2015წ. №ას-764-725-2013) არ შეფასებულა და არ დადგენილა ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილობის საფუძვლების არსებობა. ამასთანავე, ის გარემოება, რომ ნ. მ-ი არ სარგებლობს სადავო ფართით გავლენას ვერ იქონიებს განსახილველი საქმის გადაწყვეტაზე, ვინაიდან ნ. მ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი გახდა არა უძრავი ქონებით სარგებლობა, ხელთმპყრობა, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის კანონიერების შემოწმების შედეგად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დადასტურდა გარიგების კანონშეუსაბამობა, გარიგება და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიჩნეული იქნა კანონიერად (სუს №ბს-156-154 (კ-17) 20.04.2017წ. განჩინება). ამდენად, დადასტურებულია, რომ ნ. მ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი და რეგისტრაცია კანონიერია და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები. სადავო ფართით სარგებლობის შეუძლებლობის საკითხი დავის გადაწყვეტისთვის რელევანტური არ არის. ამასთანავე, სარგებლობის უფლების დაკარგვა გავლენას ვერ ახდენს საკუთრების უფლების არსებობაზე და არ სპობს საკუთრების უფლებას, პირიქით დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს საკუთრებით სარგებლობის მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, აღნიშნული ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად (სუსგ 28.02.2013წ. №ბს-367-363 (კ-12)).
არარელევანტურია აგრეთვე კასატორის მითითება გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ნ. მ-ის საკუთრება რეგისტრირებულია ნომრის გარეშე, სადავო ფართის ნუმერაციის საკითხის გადაწყვეტა გავლენას ვერ იქონიებს განსახილველი დავის შედეგზე, ვინაიდან ფართების ნუმერაციის საკითხზე პასუხისმგებლობა ნ. მ-ს არ ეკისრება და აღნიშნული საკითხი გავლენას ვერ იქონიებს განსახილველ დავაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების დავალების თაობაზე. განსახილველ საქმეში მონაწილე მხარეთა შორის ამავე დავაში სადავოდ ქცეულ ფართზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესულია არაერთი გადაწყვეტილება, რომელთაგან არც ერთი სასამართლო აქტით არ დადგენილა ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უკანონობა (იხ. სუსგ 19.05.2016წ. №ბს-597-590 (კ-15); 20.04.2017წ. № ბს-156-154 (კ-17)), არ დადგენილა აგრეთვე ნ. მ-სა და ა. დ-ეს შორის დადებული გარიგების უკანონობა (იხ. სუსგ 28.06.2019წ. №ას-1086-2018).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 17.10.2017წ. №3/4/550 გადაწყვეტილებაზე (ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), სადაც მსჯელობის საგანს სკ-ის 185-ე და 312-ე მუხლების კონსტიტუციურობა შეადგენდა და აღინიშნა, რომ „ერთი და იმავე უძრავ ნივთზე რამოდენიმე პარალელური რეგისტრაციის დროს საკითხის კეთილსინდისიერი შემძნის სასარგებლოდ გადაწყვეტა ემსახურება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და სიმარტივეს, რა დროსაც საჯარო ინტერესების გარდა, მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი კერძო პირის ინტერესი. უძრავ ქონებაზე თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრების უფლებას უპირისპირდება კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესი. სადავო ურთიერთობის ფარგლებში თავდაპირველ მესაკუთრეს არანაირი უმართლობა არ მიუძღვის, მან კანონის დაცვით დაარეგისტრირა უძრავი ქონება და არ ჰქონდა გონივრული საფუძველი ეფიქრა, რომ მისი საკუთრების უფლება დაცული არ იქნებოდა. ჩადენილ უმართლობაში ბრალი არ მიუძღვის არც კეთილსინდისიერ შემძენს, იმდენად, რამდენადაც იგი უზუსტობის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, მან არ იცოდა ნივთის უფლებრივი ნაკლის შესახებ. ამდენად, სადავო ქონებაზე სამართლებრივი პრეტენზია გააჩნია ორ კეთილსინდისიერ მხარეს. ამავე დროს, ნებისმიერი სამართლებრივი გადაწყვეტის პირობებში ბუნებრივად შეუძლებელია ორივე მხარის ინტერესის სრულყოფილად დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ამ ორი სუბიექტიდან რომელ სუბიექტს დარჩება საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ხოლო რომელს – ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. თავის მხრივ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დამოკიდებულია არაზუსტი ჩანაწერის გამომწვევ მიზეზებზე. შესაძლებელია არსებობდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სახელმწიფოსგან, თუ დადგინდა, რომ არაზუსტი ჩანაწერის არსებობა სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის უმართლობის შედეგია ან კერძო პირისგან, რომელმაც არამართლზომიერი ქმედება ჩაიდინა. ამავე დროს, ზიანის ანაზღაურების მექანიზმი ყოველთვის სრულყოფილად ვერ ახდენს შეზღუდული უფლების კომპენსირებას“ (§30-31). ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება, რომ არასწორად მოხდა კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების გათვალისწინება.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით არ დგინდება მხარის მოთხოვნის ფარგლების გაცდენა, ვინაიდან განსახილველი სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.11.2017წ. №...-03 და 21.12.2017წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე არსებულ ...ში №... ფართზე (ს/კ ...) ნ. მი-ის საკუთრების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების დავალება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით გადაწყვეტილია მხოლოდ აღნიშნული საკითხები, ხოლო კასატორის მითითება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასათანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. მ-ის საკუთრების უფლება სადავო ფართზე რეგისტრირებულია 25.08.2009წ. (ტ.1.ს.ფ.21-22), ამავე მხარეებს შორის განხილულ არც ერთ დავაზე არ დადგენილა ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა და რეგისტრაცია დღემდე ძალაშია. შესაბამისად, ნ. მ-ს სასარჩელო განცხადებით არ მოუთხოვია მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება, არ არსებობდა აღნიშნულის მოთხოვნის საჭიროება.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება დავის კოლეგიური შემადგენლობით გადაწყვეტის აუცილებლობის თაობაზე. ასკ-ის 34-ე მუხლი ადგენს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გარკვეული კატეგორიის საქმეთა ერთპიროვნულად განხილვის შესაძლებლობას, რომელთა შორის განსაზღვრულია საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებული დავაც. ამდენად, ვინაიდან განსახილველი საქმე შეეხება აღნიშნულ საკითხს, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა ერთპიროვნულად. ამასთანავე, სსკ-ის 26.1 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით საქმის მასალებით არ დგინდება საქმის კოლეგიური წესით განხილვის საჭიროება. კასატორის მითითება წარსულში განხილულ საქმეზე, რომელზეც გადაწყდა საქმის კოლეგიური წესით განხილვა, არ ადასტურებს სასამართლოს ვალდებულებას განსახილველი საქმის კოლეგიური წესით განხილვაზე.
საქმის მასალებით არ დასტურდება კასატორის მითითების საფუძვლიანობა მოსამართლის აცილების შუამდგომლობის არსებობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს 27.11.2018წ. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის თანახმად 14:06:31 სთ.-ზე ნ. მი-ის წარმომადგენელმა მოსამართლის შეკითხვაზე განაცხადა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ აცილება არ აქვს. არ დგინდება აგრეთვე სხდომის ოქმის უსწორობა ან მასზე შენიშვნის შეტანა. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმეზე მის მიერ მოთხოვნილი იქნა მოსამართლის აცილება. არ დგინდება აგრეთვე მოსამართლის თვითაცილების საფუძვლის არსებობა. კასატორი არგუმენტირებულად ვერ უთითებს სსკ-ის 29-32-ე ან სასკ-ის 29-ე მუხლით დადგენილი მოსამართლის აცილების საფუძველების არსებობაზე. საპროცესო კანონმდებლობით დასაშვებია მოსამართლის მიერ ერთი და იმავე მხარეებს შორის არსებული რამოდენიმე დავის განხილვა, უკეთუ აცილების სხვა საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს 27.11.2018წ. განჩინების უკანონობის თაობაზე, იმ მოტივით, რომ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები. კასატორი მიუთითებს, რომ ნ. მ-მა ნ. მი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში არ აღძრა სარჩელი, რის გამოც სარჩელი დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია არა ნ. მი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა, არამედ ნ. მ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.11.2017წ. და 21.12.2017წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რომელთა გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაცვა საქმის მასალებით დადასტურებულია (ტ.1.ს.ფ. 1; 27-33). საქმის მასალებით არ დასტურდება სარჩელის აღძვრა გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. ამასთანავე, სახეზეა ნ. მ-ის კანონიერი ინტერესის არსებობა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის მიმართ. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დროს ნ. მი-ეს მართებულად ეთქვა უარი საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაუშვებლად ცნობის, საქმის წარმოების შეწყვეტის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.2018წ. განჩინების გაუქმების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორის - საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. მი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2018წ. გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინება;
3. ნ. მი-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.07.2019წ. N4 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე