ბს-774-774 (კ-18) 16 იანვარი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-ამ 01.03.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.02.2017წ. N...-18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.03.2017წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მ. კ-ას სახელზე 1898 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე: მცხეთა, სოფ. ..., ...) რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მ. კ-ასათვის 1898 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მდებარე: მცხეთა, სოფ. ..., ...) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 21.01.2017წ. N571 საოქმო გადაწყვეტილების (დღის წესრიგის მე-14 საკითხი) ბათილად ცნობა, ამავე კომისიის 01.02.2017წ. N14 განკარგულების ბათილად ცნობა და მ. კ-ასათვის 1898 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.2017წ. გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.02.2017წ. N...-18 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.03.2017წ. N... გადაწყვეტილება, სსიპ სააჯრო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მ. კ-ას სახელზე 1898 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე: მცხეთა, სოფ. ..., ...) რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, რომლის თანახმადაც საქართველოში საკუთრების უფლება აღიარებულია, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება და ამ ძირითადი უფლების უზრუნველყოფა ქვეყანაში არსებული ყველა ადმინისტრაციული ორგანოს უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ასევე სზაკ-ის 1.2 მუხლი. სადავო ქონების მ. კ-ას სახელზე დარეგისტრირებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველია მიღება-ჩაბარების აქტის დედნის წარუდგენლობა, რაც არ არის კასატორის ბრალი. კასატორის მეზობლებმა მიღება-ჩაბარების აქტის ასლებით დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.04.2013წ. Nბს-656-642(კ-12) გადაწყვეტილებაზე. ამდენად, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შესახებ, არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, რის შედეგადაც საქმეზე მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მ. კ-ამ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რისთვისაც სარეგისტრაციოდ წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მიღება-ჩაბარების აქტის ასლი. მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს მ. კ-ას კომლის შემადგენლობის, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის, მიწის განაწილების სიების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით მიმართა. საქმის მასალების მიხედვით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე მ. კ-ას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სათანადო ორგანოებში ვერ მოიძებნა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მ. კ-ას მიერ ვერ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც უდავოდ დადასტურდებოდა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა, ამასთან ადმინისტრაციულ ორგანოებში არ არის დაცული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მიწის გადასახადის გადამხდელთა სია, საკომლო ჩანაწერები, მიწის ნაკვეთის განაწილების, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სია, სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.) მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის ასლით განმცხადებლის სახელზე განეხორციელებინა პირველადი რეგისტრაცია.
კასატორის მითითება საკასაციო პალატის 11.04.2013წ. Nბს-656-642(კ-12) გადაწყვეტილებაზე არარელევანტურია, რადგან არსებითად განსხვავებულია ფააქტობრივი გარემოებები. მითითებულ დავაში მოსარჩელე ითხოვდა სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას, ხოლო საკასაციო პალატამ მიღება-ჩაბარების აქტის ასლი იმ პირობებში მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად, როდესაც სადავო უძრავ ნივთთან მიმართებით სახეზე იყო პირველადი სარეგისტრაციო ჩანაწერი, გაცემული იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა, საჯარო რეესტრში დაცული იყო უძრავი ნივთის სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ძალაში იყო უძრავი ნივთის პირველადი რეგისტრაცია, ხოლო განსახილველ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტის ასლის გარდა არ ფიქსირდება მ. კ-ას საკუთრების უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის საფუძველი.
ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. კ-ას აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის ასლით არ განუხორციელებია საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მ. კ-ას სახელზე საკუთრების უფლებით აღიცხულია სხვა მიწის ნაკვეთი, ხოლო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველია არა მიღება-ჩაბარების აქტის ასლი, არამედ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მ. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. გადაწყვეტილება;
3. დ. ნ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.08.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი