Facebook Twitter

ბს-782 (კ-19) 16 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2019წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. პ-ამ, ნ. პ-ამ, ი. პ-ამ და მ. პ-ამ 30.03.2017წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიმართ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელ) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 24.01.2017წ. N06 ოქმის, დანართით (წერილობითი დასაბუთების), მოსარჩელეებისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 07.02.2017წ. N104, N105, N106, N107 ბრძანებების ბათილად ცნობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის მოსარჩელეთათვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და მიუღებელი დევნილის შემწეობის - ყოველთვიურად 180 ლარის, მისი შეწყვეტიდან - 2014 წლის 01 დეკემბრიდან აღდგენამდე (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე) პერიოდისათვის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2017წ. გადაწყვეტილებით შ. პ-ას, ნ. პ-ას, ი. პ-ას და მ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 24.01.2017წ. N06 ოქმი, დანართით (წერილობითი დასაბუთება), ასევე მოსარჩელეებისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 07.02.2017წ. N104, N105, N106, N107 ბრძანებები; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელეთათვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა და მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიუღებელი დევნილის შემწეობის - ყოველთვიურად 180 ლარის, მისი შეწყვეტიდან - 2014 წლის 01 დეკემბრიდან აღდგენამდე (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე) პერიოდისათვის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2019წ. სასამართლო საოქმო გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც მოძიებული იქნა სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია. მოსარჩელეს მიეცა საშუალება გასაუბრებისას დაეფიქსირებინა ყველა გარემოება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვებასთან დაკავშირებით. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტარციულ-სამართლებრივ აქტში ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და დაფუძნებულია იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებიც ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული. შ. პ-ას საცხოვრებელი ადგილის შესახებ არსებობს სხვადასხვა ინფორმაცია. შ. პ-ა გასაუბრების დროს აღნიშნავს, რომ 1987-1988წწ-ში სწავლობდა ქ. სოხუმში, 1988-1990წწ-ში იმყოფებოდა ჯარში. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის და შსს-ს წერილებში აღნიშნულია, რომ შ. პ-ა მარტვილის რაიონის სოფ. …ში ცხოვრობდა … წლიდან (დაბადებიდან) 1990 წლამდე. ასევე შ. პ-ა გასაუბრებისას აღნიშნავს, რომ აფხაზეთის დატოვების შემდეგ ცხოვრობდა სენაკში. შსს-ს წერილით ირკვევა, რომ იგი 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს მარტვილის რაიონის სოფ. კ…ში "…ს" უბანში, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილის მიხედვით, შ. პ-ა სოფ. …ში 2013 წლიდან ცხოვრობს. ზემოაღნშნული უზუსტობების გამო, მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შ. პ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. ამასთანავე, სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივი საცხოვრებლის დასადგენად მიმართა აფხაზეთის მთავრობას, რომელმაც საპასუხო წერილით არ დაადასტურა მოსარჩელის აფხაზეთში, სოფ. ბესლეთში ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 90-იანი წლების მოვლენებამდე და მას მერეც იყო მარტვილი და არა აფხაზეთი. კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილთა დიდი ნაკადის არსებობისა და დროის სიმცირის გამო ვერ ხერხდება საბუთების სათანადოდ გადამოწმება და პირს ენიჭება სტატუსი, ხოლო შემდეგში გადამოწმების დროს დევნილის სტატუსის არასწორად მინიჭების გამოვლენის შემთხვევაში იგი ჩამოერთმევა კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტროს მიერ მუდმივად ხდება დევნილთათვის სტატუსის მინიჭების საფუძვლიანობის გადამოწმება. დევნილთა რაოდენობის და მათთვის დევნილის სტატუსის საფუძლიანობის შემოწმების ერთ-ერთი ბერკეტი დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციის წესის წარმოებაა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და ტარდება სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადებში. 2013 წლის 1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე საქართველოს მასშტაბით ჩატარდა დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია. რეგისტრაციისას გამოვლენილ იქნა ასეულობით ადამიანი, რომელთაც არასწორი ინფორმაციის, ყალბი დოკუმენტების თუ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით არაკანონიერად ჰქონდათ მინიჭებული დევნილის სტატუსი. ამდენად, სამინისტრო სადავო აქტების გამოცემისას მოქმედებდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელში შ. პ-ამ, ნ. პ-ამ, ი. პ-ამ და მ. პ-ამ იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეწყვეტა და მიუთითეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2017წ. გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას, რის შედეგადაც კანონიერ ძალაში შევიდა გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელ) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 24.01.2017წ. N06 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში. შესაბამისად, ვინაიდან აღარ არსებობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 07.02.2017წ. N104, N105, N106, N107 ბრძანებების გაცემის იურიდიული საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს დავის საგანი და სახეზეა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, კერძოდ შს სამინისტროსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით შ. პ-ა მარტვილის რაიონის, სოფ. …ის მაცხოვრებელი იყო …-1990 წლებში, ხოლო აღნიშნული პერიოდის შემდეგ შ. პ-ას აფხაზეთში გადასვლის ფაქტი დაადასტურებულია შს სამინისტროს ცნობით, ამავე ცნობით შ. პ-ა 1993 წლიდან ცხოვრობს …ში, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობა სოფ. …ში შ. პ-ას ცხოვრების ფაქტს 2013 წლიდან ადასტურებს. უსაფუძვლოა კასატორის აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ცნობები განსხვავებულ ინფორმაციას შეიცავს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შ. პ-ას აფხაზეთში ცხოვრების ფაქტის დადგენა 1990 წლის შემდეგ და არა აფხაზეთის დატოვების შემდგომი მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ზუსტად განსაზღვრა. საქმეში წარმოდგენილია სსრკ მოქალაქის პასპორტი, რომლის მიხედვითაც შ. პ-ას მისამართი 1990 წლიდან არის სოხუმი, სოფელი ბესლეთი, აღნიშნული მისამართი ფიქსირდებოდა შ. პ-ას სახელზე გაცემულ დევნილის და პირადობის მოწმობებზე. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება შ. პ-ას 1993 წლის მდგომარეობით აფხაზეთში ცხოვრებისა და საომარი მდგომარეობის გამო მისი დატოვების ფაქტი, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებლებები საქმეში არ ფიქსირდება და არც კასატორს წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი დავის საგნის არარსებობის გამო, ვინაიდან კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, გამოიყენა გასაჩივრების უფლება, შესაბამისად სადავოდ გახადა მის მიერ მიღებული სადავო აქტების კანონიერების შემოწმების საკითხი, რაც ქმნის გასაჩივრებული განჩინების შემოწმების ვალდებულებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. N487 დადგენილების 1.3 მუხლის მიხედვით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების მიმართულებით განისაზღვრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რომლის დებულების (დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 31.10.2019წ. N01-109/ნ ბრძანებით) მე-2 მუხლის მიხედვით, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა დევნილთა სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზების წარმოება) საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი