#ბს-814(კ-19) 23 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 28 მაისს ა. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის #02/18-0499 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ა. ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი მსჯავრდებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 276.8 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება. მოსარჩელის მითითებით, მან სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე მიმართა მოპასუხეს ვადაზე ადრე განთავისუფლების შუამდგომლობით, რაც არ დაკმაყოფილდა უკანონოდ, ვინაიდან არ არსებობდა უარის თქმის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის #02/18-0499 გადაწყვეტილება და მოპასუხე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ა. ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ა. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი და ა. ს-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის მიღებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებისა და მატერიალური ნორმების სწორი მისადაგების საფუძველზე. საბჭოს გადაწყვეტილება მოქცეული უნდა იყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის #138 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით“ დაწესებულ ჩარჩოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საბჭოს, მისი დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გააჩნია ცალკეული კრიტერიუმების შეფასების უფლებამოსილება, რომელიმე მათგანისათვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობა, რაც არ ნიშნავს მის უფლებას უარყოს ან შეფასების მიღმა დატოვოს რომელიმე მათგანი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ განმარტავს, არ ასაბუთებს, თუ რატომ ასრულებს ა. ს-ის ვადაზე ადრე განთავისუფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში მთავარ/გადამწყვეტ როლს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით გათვალისწინებულ შეფასების რამოდენიმე კრიტერიუმს შორის - დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მაშინ, როცა ა. ს-ის საქმეში წარმოდგენილი არაერთი ფაქტი მიუთითებს ასევე კანონით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმების (მაგალითად, მსჯავრდებულის ქცევა, მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება) მისსავე სასარგებლოდ განმარტების, გაგების და გამოყენების შესაძლებლობაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თუკი ა. ს-ის საქმეში წარმოდგენილი რამდენიმე კრიტერიუმიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოპასუხე მხარეს უნდა შეეძლოს საქმესთან დაკავშირებული ყველა კრიტერიუმის, ყველა ფაქტის შედარებითი ანალიზის პირობებში იმის მტკიცება, რომ ა. ს-ის პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი და რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს, ვერ გადაწონის სხვა, დადებითი კონტექსტის მქონე კრიტერიუმები. ის გარემოება, რომ ა. ს-ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის მისთვის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ასეთი დანაშაულის ჩადენაზე ნასამართლობა არ გამორიცხავს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას, უფრო მეტიც, კანონმდებლობით დაწესებულია ასეთი შემთხვევებისათვის მსჯავრდებულის მიერ მისჯილი სასჯელის მოხდის შესაბამისი ზღვარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში საბჭო ისევ გამოსცემს უკანონო გადაწყვეტილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემის შემდეგ გასულია 1 წელიწადზე მეტი, რა დროსაც იგი იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთაში. კასატორის მოსაზრებით, დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი, ობიექტური და კანონიერი. კასატორი აღნიშნავს, რომ პროცესზე მოკლებული იყო შესაძლებლობას სრულყოფილად ესარგებლა საპროცესო უფლებებით, რის გამოც ითხოვს ზეპირი მოსმენის დანიშვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ს-ის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით კასატორს – ა. ს-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ამასთან, საკასაციო სასამართლოში სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ა. ლ. ს-ი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 23.05.2019წ. #02/19-0725 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა პირობით ვადამდე 1 წლით, 4 თვითა და 16 დღით ადრე. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ასევე კასატორმა (მოსარჩელე) ა. ს-მა, თუმცა აღნიშნა, რომ საბჭოს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მიმართ კვლავ გააჩნია ინტერესი, რის გამოც დავის არსებითად გადაწყვეტა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის #02/18-0499 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ა. ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამასთან, სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ მსჯავრდებული უნდა შეაფასოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის #138 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე და საბჭოს შეფასება უნდა შეესაბამებოდეს მითითებული დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.
ამდენად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, ვინაიდან მან, ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე დაფუძნებული. ამგვარი უფლებამოსილება საბჭოს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას, სასამართლო იკვლევს, რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც, თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის მიღებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებისა და მატერიალური ნორმების სწორი მისადაგების საფუძველზე, არ იქნა გამოკვლეული მოხდა თუ არა მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი. ადმინისტრაციული ორგანო არ განმარტავს და არ ასაბუთებს, თუ რატომ ასრულებს ა. ს-ის ვადაზე ადრე განთავისუფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში მთავარ/გადამწყვეტ როლს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით გათვალისწინებულ შეფასების რამოდენიმე კრიტერიუმს შორის - დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მაშინ, როცა ა. ს-ის საქმეში წარმოდგენილი არაერთი ფაქტი მიუთითებს ასევე კანონით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმების (მაგალითად, მსჯავრდებულის ქცევა, მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება) მისსავე სასარგებლოდ განმარტების, გაგების და გამოყენების შესაძლებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში რაიმე დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა. იგი დაწესებულების ადმინისტრაციასა და დაწესებულების მსჯავრდებულების მიმართ თავაზიანი იყო. ა. ს-ი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა. იგი თავს ცნობს დამნაშავედ და აქვს სინანულის განცდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ა. ს-ს მონაწილეობა აქვს მიღებული დაწესებულებაში ჩატარებულ არაერთ აქტივობაში. ამასთან, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. ა. ს-ს აქვს სამუშაო გამოცდილება, უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტი.
ყოველივე აღნიშნული კი ქმნიდა იმის მტკიცების საფუძველს, რომ საბჭომ შეფასების კრიტერიუმების შესწავლა მოახდინა არასრულყოფილად, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, როგორც დაუსაბუთებელი აქტი, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის #02/18-0499 გადაწყვეტილება, რომლითაც (მოცემულ ეტაპზე) არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ა. ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა და მოპასუხე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ა. ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. თუმცა, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეცვლილი გარემოების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კასატორი (მოსარჩელე) ა. ლ. ს-ი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 23.05.2019წ. #02/19-0725 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა პირობით ვადამდე 1 წლით, 4 თვითა და 16 დღით ადრე, აღარ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ა. ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.
რაც შეეხება ა. ს-ის მოთხოვნას საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა წარმოებს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის საჭიროება, კასატორი (მოსარჩელე) ა. ს-ი გათავისუფლებულია პირობით ვადამდე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით კასატორს - ა. ს-ს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს - ა. ს-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინება;
3. ა. ს-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი