ბს-831 (კ-18) 16 იანვარი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. პ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. პ-ამ 16.11.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მესამე პირის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მიმართ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 15.10.2015წ. №1/კ-612 ბრძანების ბათილად ცნობის, გ. პ-ას თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.01.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. პ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2018წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-ამ.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოების შეფასების მიღმა დარჩა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, გათვალისწინებული არ იქნა, რომ გ. პ-ას მიმართ სამინისტროს მიერ გამოცემულია წახალისების შესახებ ბრძანებები. სასამართლომ არ იმსჯელა საკითხზე, თუ რამდენად თავსებადია მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულება და მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულება ერთიდაიმავე პერიოდში. გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არ უშვებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით უკიდურესი ზომის - განთავისუფლების გამოყენებას, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულის მიმართ მანამდე არ მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა. გ. პ-ას განთავისუფლებამდე არათუ არ მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა, არამედ წახალისების შესახებ ბრძანებები იყო გამოცემული, მათ შორის ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ. ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი დარღვევები არ შეიძლება იქნას მიჩნეული იმგვარ გადაცდომად, რაც მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების საკმარის საფუძველს წარმოშობდა. ინსპექტირების დასკვნით დარღვევად იქნა მიჩნეული ისეთი გარემოებები (მაგ. თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალზე რესურს-ცენტრის თანამშრომლის ხელმოწერის არარსებობა, საჯარო ინსფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის არარსება და სხვ.), რაც წინა ინსპექტირების დასკვნით მიჩნეული არ იქნა დარღვევად. სასამართლომ არ გაითვალისწინა აგრეთვე, რომ საქართველოს საპატრიარქოს თხოვნის შესაბამისად სკოლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის გადაცემის საკითხი დადებითად არ გადაწყვეტილა გ. პ-ას განთავისუფლების შემდეგაც. ინსპექტირების დასკვნაში არ მითითებულა, რომ გ. პ-ას მოქმედებებმა აზარალა ბიუჯეტი ან უარყოფითად იმოქმედა სამსახურის საქმიანობის რეპუტაციაზე. გარკვეული დოკუმენტაციის სრულყოფილად შევსებაზე გ. პ-ას გარდა პასუხისმგებელი პირი იყო აგრეთვე იურისტიც, რომელსაც დარღვევების მიუხედავად არ დაკისრებია არანაირი პასუხისმგებლობის ზომა. ინსპექტირების დასკვნაში მითითებული დარღვევები დამახასიათებელია ყოველი მუშა პროცესისთვის, რაც არ შეფასდა ადექვატურად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება გ. პ-ას საქმიანობის პერიოდში მთელი რიგი დარღვევების არსებობა, რაც დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 02.09.2015წ. №0510151140 დასკვნით. აღნიშნული დასკვნა არ გასაჩივრებულა გ. პ-ას მიერ, იგი სადავოდ არ ხდის დასკვნაში მითითებულ ხარვეზებს, უფრო მეტიც, მიიჩნევს, რომ ამგვარი ხარვეზების არსებობა მუშა პროცესის დროს დასაშვებია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინსპექტირების დასკვნით დადგენილი ხარვეზების არსებობა ფიქსირდებოდა წარსულ პერიოდში, რომლებზეც გ. პ-ას რეაგირება არ მოუხდენია. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ გ. პ-ას ჰქონდა მცდელობა აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების. არ დგინდება აგრეთვე ხარვეზის აღმოფხვრის შეუძლებლობის ობიექტური მიზეზების არსებობა. კასატორი არ ეთანხმება მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომის შეფარდებას და მიიჩნევს, რომ სამსახურიდან განთავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ადექვატური ზომა, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებდა პასუხისმგებლობის სხვა ზომა, რასაც ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკადრო საკითხებში ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა სამსახურეობრივ მოვალეობათა დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომის ადექვატური სახე. უკეთუ არ არსებობს უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენების საფუძველი, დასაშვებია პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენება. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით დადგენილი გადაცდომების, მათი ხასიათის და ინტენსივობის, აგრეთვე მათი გამოსწორების მცდელობის არარსებობის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნა მართებული გადაწყვეტილება. სახეზე არ არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, არ დარღვეულა პროპორციულობის, თანასწორობის, „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეთათვის, მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად, საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპები.
მოთხოვნის საფუძვლიანობას არ ადასტურებს კასატორის მითითება სხვა თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოუყენებლობის თაობაზე. სასამართლოს განხილვის საგანს შეადგენს გ. პ-ას განთავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება. სსკ-ის 248-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს მხრიდან დავის ფარგლების გაცდენის დაუშვებლობა. ამასთანავე, გ. პ-ას, როგორც რესურს ცენტრის ...ს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 17.01.2006წ. №31 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების“ მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დაკისრებული ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესრულების ვალდებულება, მასვე ეკისრებოდა კანონით დადგენილი წესით სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება რესურსცენტრის თანამშრომელთა საქმიანობაზე. ამდენად, რესურს-ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობის ხარვეზებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მის ...ს - გ.პ-ას, შესაბამისად სამსახურის იურისტის თუ სხვა თანამშრომლის მიერ საქმიანობისას დაშვებული ხარვეზების დადასტურებით გ. პ-ა ადასტურებს საკუთარი საქმიანობის ხარვეზიანობას, რაც მართებულად იქნა შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. პ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი