Facebook Twitter

ბს-885 (კ-18) 16 იანვარი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 11.05.2017წ. სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფ. თ-ის მიმართ, საიჯარო ქონების სარგებლობის პერიოდისათვის (2014 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით) 2028.65 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 05.12.2017წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფ. თ-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის იჯარის ქირა 750 ლარის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო 750 ლარიდან 0.1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (166 დღეზე), ჯამში 124 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ფ. თ-ის მიერ გადასახდელი წლიური საიჯარო ქირა 750 ლარის ოდენობით, რადგან წლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 900 ლარს. შესაბამისად, არასწორად განსაზღვრა სასამართლომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება 750 ლარიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით. კასატორი აღნიშნავს, რომ იჯარის ხელშეკრულების 10 წლიანი ვადის გასვლის შემდგომ მოპასუხეს არ დაუბრუნებია იჯარით აღებული ქონება, რის გამოც მას ეკისრება საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება ქონების დაბრუნების დაყოვნებისთვის, ასევე შეუსრულებელია საიჯარო ქირის გადახდის ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. საერთო ჯამში მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი თანხების ოდენობა შეადგენს 2028.65 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე მიღებული განჩინება უკანონოა და არსებობს მის გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით 16.06.2004წ. საიჯარო ხელშეკრულებით ფ. თ-ს სარგებლობაში გადაეცა 30 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის საიჯარო ქირა ერთ ჰექტარზე შეადგენდა 30 ლარს, წელიწადში საიჯარო ქირა სულ 900 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ახალქალაქის რაიონის გამგეობის 05.07.2004წ. N8/60 დადგენილებით ცვლილება განხორციელდა ფ. თ-თან დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ ფასში, შემცირდა საიჯარო ქირა და ერთ ჰექტარზე გადასახდელმა საიჯარო ქირამ შეადგინა 25 ლარი, რაც წელიწადში სულ 750 ლარის გადახდის ვალდებულებას აკისრებდა მოიჯარეს. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განსაზღვრა საიჯარო ქირის ოდენობა. საქმის მასალებით არ დასტურდება იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ საიჯარო ქონებით სარგებლობის და მფლობელობის ფაქტი ფ. თ-ის მიერ, უკანასკნელი უარყოფს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქონებით სარგებლობას. ფ. თ-ის მიერ უძრავი ნივთით სარგებლობის ფაქტს ვერც კასატორი ადასტურებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება უნდა გავრცელდეს 2014 წლის 1-ლი იანვრიდან 2014 წლის 16 ივნისამდე პერიოდზე, რამეთუ ფ. თ-ს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის საფუძველზე ეპატია 2014 წლის 1-ელ იანვრამდე გადაუხდელი თანხები, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2014 წლის 16 ივნისს ამოიწურა, ხოლო აღნიშნული პერიოდის საიჯარო ქირის გადაუხდელობა დადასტურებულია ფ. თ-ის მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი