Facebook Twitter

ბს-978(კ-18) 16 იანვარი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...“-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“-მა 11.08.2016წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიმართ აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 21.07.2016წ. N03-07/103 გადაწყეტილების, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 01.08.2016წ. Nმ/1772 ბრძანების ბათილად ცნობის და მერიისათვის ზღვაზე სასეირონო ბაქანის მოწყობის თაობაზე წარდგენილი სამშენებლო-არქიტექტურული პროექტის დამტკიცებისა და ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.12.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „...“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 21.07.2016წ. N03-07/103 გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 01.08.2016წ. Nმ/1772 ბრძანება და მოპასუხეებს დაევალათ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმებისა და ზღვაზე სასეირნო ბაქანის და ჯიხურების მშენებლობის მიზნით სამშენებლო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ შპს „…“-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „…“-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „…“-ის მიერ.

კასატორმა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოები განზრახ, ხელოვნურად ქმნიან პროექტის დამტკიცებაზე უარის თქმის საფუძვლებს. განსახილველ შემთხვევაში პროექტის დამტკიცებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი ითქვა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, თუმცა რაიმე დასაბუთებას კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სადავო აქტი არ შეიცავს, გაურკვეველია რა ობიექტი იქნა მიჩნეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და რა საფრთხე არსებობს შპს-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. შპს „…“-ის კუთვნილ ობიექტთან ახლოს ფუნქციონირებს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, რომლის ნაწილიც განთავსებულია სანაპიროს ზონაში, ხოლო ნაწილი შეჭრილია ზღვაში, ამასთან, პროექტი დამტკიცებულია ბათუმის მერიის მიერ, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობას ადასტურებს. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ქ. ბათუმის მერიას შპს „…“-ის მიერ განცხადების პირველად წარდგენისთანავე უნდა მიეთითებინა ყველა შესაძლო ხარვეზის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში ყოველი სასამართლო დავის დასრულების შემდეგ ქ. ბათუმის მერია პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის ახალ საფუძველს უთითებს, რაც დაუშვებელია. ამდენად, კასატორი თვლის, რომ სასამართლოს არსებითად თავადვე უნდა გადაეწყვიტა დავა, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვისას დადებითი გადაწყეტილების მიღების პერსპექტივა ფაქტობრივად არ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…“-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება, მით უფრო რომ საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას. განსახილველ შემთხვევაში პროექტის დამტკიცებასა და ნებართვის გაცემაზე უარი ეფუძნება აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მიზანშეუწონელია დაგეგმილი მშენებლობა, თუმცა აქტი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, არ არის განმარტებული, პროექტის დამტკიცების მიზანშეუწონლად მიჩნევის კონკრეტული საფუძვლები და გარემოებები, გაურკვეველია რა საფრთხე შეიძლება შექმნას წარდგენილი პროექტის დამტკიცებამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დაგეგმილი მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია მსგავსი საზოგადოებრივი ობიექტები.

დაუსაბუთებელია აგრეთვე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 01.08.2016წ. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა მხოლოდ აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 21.07.2016წ. გადაწყვეტილების საფუძველზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ მერიის მიერ არ მომხდარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა, წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა. საბჭოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არ ქმნიდა პროექტის დამტკიცებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. აქტის მიღება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს სპეციფიურობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მათ შორის მიზანშეწონილობის საკითხებზე მსჯელობის საჭიროების გათვალისწინებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „…“-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „…“-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. განჩინება;

3. შპს „…“-ს (ს.კ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.08.2018წ. N2725 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი