ბს-1144 (კ-18) 16 იანვარი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჰ. დ-მა 30.03.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა ჰ. დ-ის განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 02.03.2015წ. N155 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელის მიერ 1995-2000 წლებში ქ...ში განათლების მიღების ფაქტის აღიარების შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.05.2017წ. გადაწყვეტილებით ჰ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჰ. დ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.05.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჰ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ჰ. დ-ის განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 02.03.2015წ. N155 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის მიერ 1995-2000 წლებში ქ...ში განათლების მიღების ფაქტის აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
კასატორი "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა" და "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონზე მითითებით აღნიშნავს, რომ ცენტრმა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კასატორმა აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" კანონი, რომლის 18.2 მუხლის თანახმად, პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ამ კანონით განსაზღვრულ ლიცენზირებას დაქვემდებარებულ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაც მიღებული ჰქონდათ ლიცენზია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი იყვნენ მისი ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში წერილობით მიემართათ ლიცენზიის გამცემი ორგანოსათვის ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შესატანად, ზემოაღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონის ამოქმედებამდე მიღებული ლიცენზიები ითვლებოდა გაუქმებულად. მოცემულ შემთვევაში ქ...ს ლიცენზიის გამცემი ორგანოსათვის ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შესატანად წერილობით არ მიუმართავს, უნივერსიტეტის ლიცენზია ჩაითვალა გაუქმებულად. შესაბამისად, ლიცენზიის არმქონე პირი არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა საგანმანათლებლო საქმიანობა და მსგავსი კანონდარღვევით განხორციელებული საქმიანობის შედეგად გაეცა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია. გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გაითვალისწინა მოსარჩელის შუამდგომლობა დასაქმების თაობაზე ცნობის დამატებითი მტკიცებულების სახით დართვასთან დაკავშირებით, რადგან მხარეს მისი წარმოდგენა შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოში და არ დასტურდება მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა. ამდენად სახეზე არ არის სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ჰ. დ-ი 1995 წელს ჩაირიცხა შპს "ქ...ში" და 2000 წელს დაამთვარა იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. ჰ. დ-ს სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით 15.05.2000წ. მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და მის სახელზე გაიცა დიპლომი. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ. N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" 6.1 მუხლის თანახმად, უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობა არის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ჰ. დ-ი ენდობოდა შპს "ქ...ის" მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და ეს ნდობა დაცვის ღირსია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჰ. დ-ი ზემოაღნიშნული დიპლომის საფუძველზე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. არც ერთ ეტაპზე ჰ. დ-ს დიპლომის სანდოობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ შექმნია, იგი ახორციელებდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებებს, რაც ადასტურებს დიპლომის გაცემის მიმართ მის კანონიერ ნდობას. ამასთანავე, სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებები.
კასატორის მითითება, რომ არ არსებობს ჰ. დ-ის კანონიერი ნდობა მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჰ. დ-ს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, გაიცა დიპლომი, რომლის საფუძველზეც დასაქმდა. ასევე უსაფუძვლოა კასატორის აპელირება, რომ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო დამატებითი მტკიცებულება, რომლის წარდგენის შესაძლებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც არსებობდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ჰ. დ-ის სამუშაო ადგილის შესახებ ცნობა გაცემულია 2017 წლის 16 ივნისს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია 2017 წლის 17 მაისს, რაც ფიზიკურად გამორიცხავდა ცნობის მანამდე წარდგენის შესაძლებლობას. ამდენად ცენტრმა მიღებული განათლების შედეგების აღიარებაზე დაუსაბუთებლად უარის თქმით ფაქტობრივად დაარღვია ჰ. დ-ის კანონით დაცული უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს.კ. 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.08.2018წ. N07611 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი