ბს-1334(კ-18) 16 იანვარი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ც-ემ 26.06.2017წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 30.05.2017წ. Nმ/1094 ბრძანების ბათილად ცნობის და მერიისათვის ქ. ბათუმში, ...ის ქ. 21-23-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის საბჭო.
ბათუმის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.12.2017წ. გადაწყვეტილებით ჯ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 30.05.2017წ. Nმ/1094 ბრძანება და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჯ. ც-ის მოთხოვნასათან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორმა საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 3.43, 32.1, 37-ე, სზაკ-ის 84-ე და 78-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის საბჭო უნდა ჩართულიყო ჯ. ც-ის განცხადებაზე მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში, რადგან საპროექტო ტერიტორია მოქცეულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. სანებართვო დოკუმენტაციის გაცემამდე უნდა დადასტურდეს დაგეგმილი მშენებლობის შესაბამისობა მიმდებარედ არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ინსოტრიულად ჩამოყალიბებულ სივრცით-არქიტექტურული გარემოს განაშენიანებასთან. კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ შეისწავლა მასთან გადაგზავნილი დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ დაგეგმილი მშენებლობა მიზანშეუწონელი იყო სიმაღლის გამო. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ჯ. ც-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ვერ შეამოწმებდა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გადაწყვეტილების მართლზომიერებას. მერიის ერთ-ერთი მოვალეობაა კულტურული მემკვიდრეობის არასასურველი ზეგავლენისაგან დაცვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
განსახილველ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარი ეფუძნება აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მიზანშეუწონელია დაგეგმილი მშენებლობა, თუმცა აქტი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, არ არის განმარტებული, პროექტის დამტკიცების მიზანშეუწონლად მიჩნევის კონკრეტული საფუძვლები და გარემოებები, გაურკვეველია რა საფრთხე შეიძლება შექმნას წარდგენილი პროექტის დამტკიცებამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დაგეგმილი მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია მსგავსი ობიექტები. საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით ნაგებობის მოწყობის მიზანშეუწონლობა განპირობებულია მისი სიმაღლით. საქმის მასალებით, მათ შორის ფოტოსურათებითა და სამშენებლო დოკუმენტაციით, დასტრდება, რომ ჯ. ც-ის მიერ იგეგმება 15 მ. სიმაღლის ნაგებობის მოწყობა, ამასთანავე, საპროექტო ნაკვეთის მიმდებარედ განთავსებულია ორი 15 მ. სიმაღლის ნაგებობა, რაც სრულიად დაუსაბუთებელს ხდის მოსაზრებას მხოლოდ სიმაღლის გამო კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ნაგებობის აშენების მიზანშეუწონლობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსგავსი საკითხები არ უნდა წყდებოდეს განსხვავებულად, ხოლო განსხვავებული საკითხები - ერთნაირად. უკეთუ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ რიგ გადაწყვეტლებებში ორგანო გარკვეული წესით იყენებდა კონკრეტულ უფლებას, ის ვალდებულია მომავალშიც ანალოგიურ სიტუაციაში დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენოს შესაბამისი წესით. ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში აპირებს გადაწყვეტილებათა მიღების სხვა კონცეფციის გატარებას. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არ დაუსაბუთებია განსახილველ შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები, მის მიერვე დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლა. გასათვალისწინებელია, რომ საბოოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც განმცხადებლის მიმართ კონკრეტულ შედეგს წარმოშობს, იღებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და არა კულტურული მემკვიდრეობის საბჭო. განსახილველ შემთხვევაში მერიამ მხოლოდ საბჭოს დაუსაბუთებელ წერილზე მითითებით თქვა უარი ჯ. ც-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება მერიის მიერ მასთან წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა ან საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების გამოკვლევა. გადაწყვეტილების მიღება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ორგანოს მიერ მიზანშეწონილობის საკითხებზე ზოგადი მითითება, არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი