ბს-671-671(კ-18) 10 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. კ. ა. ი. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. კ. ა. ი. მ-მა 04.04.2017წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ მოპასუხის 07.03.2017წ. N… გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სააგენტოსათვის მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.06.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ. ა. ი. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2018წ. განჩინებით ა. კ. ა. ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ. ა. ი. მ-მა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს სადავო საკითხის მიმართ მოსარჩელის არგუმენტაცია. ა. კ. ა. ი. მ-ი არის ინვესტორი, მასზე ერთხელ უკვე იყო გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვა, მან ითანამშრომლა საქართველოს საგამოძიებო უწყებებთან და ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედაც გამოდიოდა. სწორედ აღნიშნული გარემოების გამო, მისი დაბრუნება ეგტვიპტეში შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს კასატორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ. ა. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად მყოფ პირზე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვრევის დეპარტამენტიდან, რომლის 10.02.2017წ. წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ა. კ. ა. ი. მ-ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, რაც ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა.
საკასაციო სასამართლოს მიერ 22.01.2020წ. Nბს-671-671(კ-18) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ა. კ. ა. ი. მ-ისთვის შრომითი ბინადრობის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისია გასაჩივრებული აქტები და ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება (1-ლი მუხ.), კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას (6.1 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისთვის ასევე იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, პალატა გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსი სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მართებულად არ აისახა. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას.
ის გარემოება, რომ ა. კ. ა. ი. მ-ს ერთხელ უკვე ჰქონდა მინიჭებული შრომითი ბინადრობის ნებართვა, არ წარმოშობს ყოველი შემდგომი მოთხოვნისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმავე სახის ნებართვის გაცემის ვალდებულებას. შრომითი ნებართვის დროებითი ხასიათის გამო, პირი ხელახლა ახდენს განცხადების წარდგენას, რასაც შესაბამისად მოჰყვება სააგენტოს მიერ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და წარმოების არსებული შედეგების გათვალისწინებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Leander v. Sweden, 26.03.1987).
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას მისი ეგვიპტეში დაბრუნების საფრთხისშემცველობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის მართლზომიერების შეფასება, დავის საგანს არ შეადგენს ა. კ. ა. ი. მ-ისთვის თავშესაფრის ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი. ამდენად, კასატორის მითითებული მოსაზრება არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ა. კ. ა. ი. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ. ა. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2018წ. განჩინება;
3. ა. კ. ა. ი. მ-ს (…, …) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 16.05.2018წ. N1 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი