ბს-768 (კ-19) 7 თებერვალი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ს-ემ 21.08.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (საქმე N3/5811-17) მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა სამუშაო ადგილის შეცვლის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... დეპარტამენტის უფროსის დავალების (ქმედების) უკანონოდ ცნობა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 18.07.2017წ. N18/07-4/05/1 ბრძანებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის შეფარდების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 19.09.2017წ. N19/09-4/04/1 ბრძანების ბათილად ცნობა.
ნ. ს-ემ 28.11.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (საქმე N3/7995-17) მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ ნ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 24.10.2017წ. N24/10-4/04-1 ბრძანების ბათილად ცნობის, ნ. ს-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და ნ. ს-ისათვის გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.03.2018წ. განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმეები N3/5811-17 და N3/7995-17.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.10.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ს-ის მიერ.
სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და სამუშაო ადგილის შეცვლის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... დეპარტამენტის უფროსის დავალების (ქმედების) უკანონოდ ცნობის ნაცვლად მისი ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.10.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... დეპარტამენტის უფროსის დავალება სამუშაო ადგილის შეცვლის თაობაზე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 18.07.2017წ. N18/07-4/05/1 ბრძანება, ბათილად იქნა ცნობილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის-საყვედურის შეფარდების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 19.09.2017წ. N19/09-4/04/1 ბრძანება, ბათილად იქნა ცნობილი ნ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 24.10.2017წ. N24/10-4/04-1 ბრძანება, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაევალა ნ. ს-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ნ. ს-ისათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის შესაბამისი დავალების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თავდაპირველად ზეპირად, ხოლო მოსარჩელისგან უარის მიღების შემდეგ უკვე წერილობით სამსახურებრივი ელ. ფოსტის საშუალებით მოსარჩელეს დაავალა თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ...ის საქმიანობის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ იგი არ გადადიოდა სხვა პოზიციაზე, არ ხდებოდა მისთვის დამატებითი და განსხვავებული ფუნქციების დაკისრება, უბრალოდ იცვლებოდა სამუშაო ოთახი და თანამდებობის პირი, ვისი დავალებების შესრულებაც ეკისრებოდა. თავად მოსარჩელეც ვერ უთითებს რაში გამოიხატებოდა დამატებითი და განსხვავებული ფუნქციის დაკისრება, რაც შესაძლებელია მიჩნეული ყოფილიყო "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ მოხელის გადაყვანად. ჰორიზონტალური გადაყვანისას უნდა არსებობდეს ორი გარემოება: გადასაყვანი პოზიცია უნდა იყოს იმავე თანამდებობისა და რანგის, ხოლო ფუნქცია-მოვალეობები უნდა იყოს მოხელის მიერ დაკავებული პოზიციის სამუშაო აღწერილობის მსგავსი ან/და შესაძლებელია იყოს განსხვავებული. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ არ აიცვლებოდა მოსარჩელის პოზიცია, მას იმავე პოზიციაზე უნდა გაეგრძელებინა საქმიანობა და თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელება, ის უბრალოდ უნდა გადასულიყო სხვა სამუშაო ოთახში, რადგან ადმინისტრაციის უფროსის ...ის საქმიანობის მხარდაჭერა დისტანციურად ვერ განხორციელდებოდა. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში გამოთქვამს ვარაუდებს და არ ემყარება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზს. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი სამუშაო აღწერილობები არ მიიჩნია იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებად. აღსანიშნავია, რომ არცერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტი სამუშაო აღწერილობების ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცების სავალდებულოობას არ ითვალისწინებს. ამასთანავე, სასამართლოს არ უმსჯელია დისციპლინური ზომის გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებების კანონიერების შესახებ. კასატორი მიუთითებს, რომ სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 19.09.2017წ. N19/09-4/04/1 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელემ მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა ბრძანების გაცნობიდან 2 თვის შემდეგ. ამდენად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... დეპარტამენტის უფროსის წერილით (დავალებით) ნ. ს-ეს ეცნობა, რომ მას უნდა შეესრულებინა ადმინისტრაციის უფროსის ...ის დავალებები, რისთვისაც სამუშაო ადგილი გამოეყოფოდა ადმინისტრაციის უფროსის ...ის მისაღებში. აღნიშნულ პერიოდში ნ. ს-ე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ... დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციისა და საქმეში დაცული სამუშაო აღწერილობების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერა წარმოადგენდა ... დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ერთ-ერთ ფუნქციას, რომლის შესასრულებლადაც უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად ხდებოდა სხვადასხვა თანამდებობის პირებთან დეპარტამენტის თანამშრომელთა გადანაწილება. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ ზემოაღნიშნული მოწესრიგება ბუნდოვანია და არღვევს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მიზნებსა და პრინციპებს. მოხელის სამართლებრივი ურთიერთობა დამსაქმებელთან, საჯარო დაწესებულებასთან საჯარო სამართლის ყველა პრინციპის დაცვის საფუძველზე უნდა მიმდინარეობდეს. განსახილველ შემთხვევაში კონკრეტული რეგულაციის, გადანაწილების წესის არარსებობა ვერ პასუხობს საჯარო შრომით ურთიერთობებში გარკვეულობის, სიზუსტის, სამსახურებრივი გადაადგილების, განჭვრეტადობის, სტაბილურობის პრინციპებს. ნ. ს-ის მიმართ გამოცემული აქტები არის დაუსაბუთებელი და არ პასუხობს კანონმდებლობის მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ ნ. ს-ის მიმართ გამოცემული ყველა სადავო აქტის კანონიერების საკითხი შეაფასა, შესაბამისად უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს არ უმსჯელია დისციპლინური ზომის გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებების კანონიერების შესახებ.
საფუძველს არის მოკლებული აგრეთვე სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 19.09.2017წ. N19/09-4/04/1 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ბრძანება ნ. ს-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელზეც შესაბამისი პასუხის მიღების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრების უფლებით მიმართა სასამართლოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2019წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი