ბს-1253(2კ-19) 07 თებერვალი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…ამ“ 16.12.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 05.08.2016წ. N659 აქტის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 11.11.2016წ. N1-2163 ბრძანების ბათილად ცნობის, არქიტექტურის სამსახურისათვის თავისი 13.03.2015წ. N07/934-13 გადაწყვეტილების არარად აღიარების და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 11.11.2016წ. N1-2163 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 05.08.2016წ. N659 აქტი და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
კასატორებმა მიუთითეს საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნეს, რომ სასამართლოს არ მიუთითებია საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გამოსაკვლევ კონკრეტულ გარემოებებზე. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელეს სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით და სრულად შეისწავლეს საქმის გარემოებები, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ კორექტირებას საჭიროებდა ნაკვეთის საზღვრები. კასატორები მიიჩნევენ, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ წერილის არარად აღიარების საფუძვლები არ არსებობდა, არ დასტურდება დადგენილი ხარვეზის მოსარჩელის მიერ გამოსწორების ფაქტობრივი შეუძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინებების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება, ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 17.04.2014წ. გადაწყვეტილებით პალატამ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არაერთი გარემოების გამოკვლევა. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაედგინა შპს „…ას“ სახელზე გაცემული მშენებლობის (რეკონსტრუქციის) ნებართვის გავლენა შპს „ნ…ას“ ინტერესებზე, უნდა გამოკვლეულიყო რეკონსტრუქციის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - …ს სივრცობრივი გადაფარვის, მისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნის საკითხი. სააპელაციო პალატამ ყურადება გაამახვილა აგრეთვე ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.03.2013წ. დასკვნაზე, რომელშიც მითითებული იყო, რომ ქ. თბილისში, …ის ქ. N3-ში მიმდინარე მიშენება-დაშენების ლითონის კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საჭიროებს გაძლიერებას, ლითონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებზე გოგირდის ორთქლის ზეგავლენა გათვალისწინებული არ არის, ამიტომ ყველა ლითონისა და რკინაბეტონის კონსტრუქცია, რომლებიც უშუალოდ განიცდიან გოგირდის ორთქლის ზეგავლენას დაფარული უნდა იქნეს ანტიკოროზიული საფარით, რათა თავიდან იქნეს აცილებული საფრთხე, რომელიც შეიძლება შეექმნას N5 …ს, ასევე აუცილებელია სავენტილაციო სისტემის მოწყობა. პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მოხსენებით ბარათზე, რომლის მიხედვით, სადავო მიშენების ის ნაწილი, რომელიც შეჭრილია ძეგლის ტერიტორიაზე, ისტორიულ ნაგებობასთან მიმართებით ქმნის მკვეთრ დისონანსს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად გარკვევას საჭიროებდა წითელი ხაზების დარღვევის საკითხი. ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა დაწყების მიუხედავად, ორგანომ უგულებელყო სასამართლოს მიერ მითითებული, საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებების გამოკვლევის საჭიროება. ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ერთ - ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხზე და ამავე დროს არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული შესაძლოა ვერ განხორციელებულიყო შპს „…ას“ ცალმხრივი ნების საფუძველზე, რადგან 13.03.2015წ. აქტით მოთხოვნილია არა მარტო საპროექტო ნაკვეთის საზღვრების კორექტირება, არამედ რამდენიმე საკადასტრო ერთეულის გაერთიანებაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2018წ. განჩინება;
3. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს.კ. 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.09.2018წ. N01773 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ.ქადაგიძე
ვ. როინიშვილი