Facebook Twitter

#ბს-884(კ-19) 26 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 6 ივლისს შ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის #2950151 ბრძანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის #723818 ბრძანების არარა აქტად აღიარება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის შ. კ-ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს უფროსის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე, იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

2018 წლის 15 ნოემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მოპასუხე მხარედ განისაზღვრა საქმეში მესამე პირად ჩაბმული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარა აქტად იქნა ცნობილი შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის #2950151 ბრძანება; არარა აქტად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის #723818 ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა შ. კ-ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს უფროსის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში, იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს მმართველობაში შემავალ ერთეულს. მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობაში შემავალ საკითხებს და თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხიმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, მაგრამ ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორცილებისას იგი შეზღუდულია კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს არ ჰქონდა, რადგანაც მის კომპეტენციაში აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დანიშვნა-გათავისუფლება დეტალურად არის მოწესრიგებული კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანების მე-7 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით. მითითებული ნორმის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი - სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვეოდა, მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, რომლის დისკრეციულ უფლებამოსილებასაც განეკუთვნებოდა როგორც მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნა, ისე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მითითებით, საგულისხმოა ის, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის არა ცალკე განყენებული სტრუქტურული ერთეული, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენელი ნაწილი. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის ხსნებული ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ამავე წესის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი. კასატორის განმარტებით, აღნიშნული დეფინიცია მიზნად ისახავს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსისათვის უფლებამოსილების დელეგირებისა და, ამავე დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისათვის დელეგირებული უფლებამოსილების შენარჩუნებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი, უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ერთეულებისა თუ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის სფეროს დასარეგულირებლად, თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, ასევე, მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება სამინისტროს მოსამსახურეზე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ერთმევა აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების უფლება.

კასატორი, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

კასატორის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის #2950151 ბრძანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის #723818 ბრძანების არარა აქტად აღიარება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის შ. კ-ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს უფროსის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე, იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურების დავალება.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ. კ-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს უფროსის თანამდებობა. ამდენად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 71-ე მუხლზე, რომელშიც არის ჩამონათვალი სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე მათი მოადგილეები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილებებს, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამინისტროს მმართველობის სფეროს მიეკუთვნება, თუმცა არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გამიჯვნას, მათ შორის, ახდენს სადავო პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციაც. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

ამასთან, ამავე დებულების მე-7 მუხლი შეიცავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ამომწურავ ჩამონათვალს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); იურიდიული დეპარტამენტი; გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი); ეკონომიკური დეპარტამენტი; ლოჯისტიკის დეპარტამენტი; ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი; საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი; ერთობლივი ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი); განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; ობიექტების დაცვის დეპარტამენტი; სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი; სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი; შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი; მიგრაციის დეპარტამენტი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.

ამავე დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ამდენად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგება ახდენს სამინისტროს ერთიანი სისტემისათვის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა მიკუთვნებას, თუმცა, ამავდროულად, სტრუქტურულ ქვედანაყოფთა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ერთმანეთისაგან გამიჯვნას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება ცალსახად განსაზღვრავს თითოეული სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის) ფუნქციებს, რომელთა შესრულება უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას მიეკუთვნება, განსხვავებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან, რომელიც მართალია შედის სამინისტროს მმართველობის სფეროში, თუმცა წარმოადგენს არა სამინისტროს ერთ-ერთ რომელიმე დეპარტამენტს, ანუ სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, არამედ ცალკეულ სპეციალურ სამსახურს და სამართალდამცავ ორგანოს. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე. სასაზღვრო პოლიციას აქვს გერბი და დროშა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სასაზღვრო პოლიციას აგრეთვე აქვს ნამდვილი და პირობითი სახელწოდება, ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, ბლანკები, უნიფორმა, შტამპები და ოფიციალური ვებგვერდი.

ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის არა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, არამედ, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტთან ანგარიშვალდებულება მიუთითებს მის სპეციალურ დანიშნულებასა და განსაკუთრებულ ფუნქციებზე. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას განცალკევებით გააჩნია საკუთარი გერბი და დროშა, ემბლემა, ბეჭედი და ა.შ, მისი სტრუქტურა და საქმიანობა კი რეგულირდება ცალკეული საკანონმდებლო აქტით - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულებით“, რომელიც აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლება-მოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარტოოდენ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედება არ გულისხმობს საკანონმდებლო რეგულაციებით სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან გამოყოფილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურულ ქვედანაყოფებად მოაზრებას, რამდენადაც კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განცალკევებით, იმპერატიულად და ამომწურავად ჩამოთვლის ამგვარ ქვედანაყოფებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებს, განცალკევებით განსაზღვრავს მათ ფუნქციებსა და დანიშნულებას, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არ წარმოადგენენ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და ისინი მათგან განცალკევებით არსებობენ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, რომლის დისკრეციულ უფლებამოსილებასაც განეკუთვნება როგორც მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნა, ისე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ამასთან, შ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განმარტეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დანიშვნა-გათავისუფლება დეტალურად არის გაწერილი კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელე შ. კ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იდენტურ საქმეზე ანალოგიურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის #ბს-537(2კ-19) განჩინებით არარა აქტად ჩაითვალა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული აქტები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი