ბს-635-635(2კ-18) 16 იანვარი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.11.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…ამ“ და შპს „მ…მა“ 08.04.2015წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.08.2014წ. N1450535 გადაწყვეტილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.03.2015წ. N147 ბრძანების ბათილად ცნობის, არქიტექტურის სამსახურისათვის მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის, 2.2 მ. სიმაღლის მქონე ბადისებრი რობის მოწყობაზე ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.08.2014წ. N1450535 გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 10.03.2015წ. N147 ბრძანება და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ქ. თბილისში, საქართველოს …ო გზაზე, …ისა და …ას ქუჩებს შორის, …ის N26-ში, შპს „მ…ისა“ და შპს „…ას“ საკუთრებაში არსებულ, … და … საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის 2,2 მ. სიმაღლის მქონე, ბადისებრი ღობის მოწყობის განხორციელების დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.11.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
კასატორებმა მიუთითეს პირველი კლასის ღობის მოწყობის მიზნით უფლებამოსილი ორგანოს მიერ მშენებლობის შესაძლებლობის დადასტურების გაცემის წესის მომწესრიგებელ ნორმებზე და აღნიშნეს, რომ არქიტექტურის სამსახურს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია ყოველ კონრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი საპროექტო ობიექტის მდებარეობისა და ვიზუალური მხარის გათვალისწინებით, არქიტექტურის სამსახურმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ღობის მოწყობა. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 31.03.2006წ. N41 დადგენილებით საქართველოს …ო გზის მიმდებარედ, …ისა და …ას ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე „…ის ტყე-პარკი“ გამოიყო, როგორც გამწვანების სპეციალური ზონა, აღნიშნულ ტერიტორიაზე აიკრძალა მშენებლობა, ხოლო ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს დაევალა ტყე-პარკის საზღვრების დადგენა. სწორედ ამ საზღვრებში ექცევა მოსარჩელეთა საკუთრებაში რიცხული ტერიტორია, რის გამო ნაკვეთზე რაიმე ნაგებობის მოწყობა დაუშვებელია. ტერიტორიას შესაძლოა შემდგომში მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი, თუმცა აღნიშნული არ აუქმებს ტერიტორიის გამწვანების ზონის სტატუსს. სსიპ არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული რუკიდან ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელეთა ნაკვეთი კვლავ გამწვანების ზონაშია. კასატორები თვლიან, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან იდენტურ მდომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მიდგომა. არქიტექტურის სამსახური ვალდებულია იზრუნოს ქალაქის იერსახეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინებების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 31.03.2006წ. N41 დადგენილების მიხედვით, საქართველოს …ო გზის, …ისა და …ას ქუჩებს შორის მდებარე „…ის ტყე-პარკს“ მიენიჭა გამწვანების სპეციალური ზონის სტატუსი და ამ ტერიტორიაზე აიკრძალა სამშენებლო სამუშაოების წარმოება. დადგენილების განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ …ის ტყე-პარკის ტერიტორიაზე აიკრძალა ყოველგვარი სახის კაპიტალური მშენებლობა. ქ. თბილისის საკრებულოს 05.06.2009წ. N6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომელშიც საკრებულოს 11.09.2009წ. N10-24 გადაწყვეტილებით შეტანილ იქნა ცვლილება და დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა ჩამოყალიბდა ახალი სახით. აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტებითი ბარათის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ზონების ცვლილების საკითხები განხილულია და რეკომენდირებულია „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის“ მიერ. განმარტებითი ბარათის მესამე პუნქტის 301 ქვეპუნქტის მიხედვით ...ის ტყეპარკის მოპირდაპირე მხარეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ) შეიცვალა საცხოვრებელი ზონა 3-ით. განმარტებითი ბარათის მიხედვით, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის საკრებულოს ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად საზღვრის ცვლილების საკითხი განხორციელდა ერთობლივი კომისიის მიერ ადგილზე საკითხის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) შეიცვალა ზოგად საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა-2-ით. განმარტებითი ბარათი შეიცავს …ის ტყე-პარკთან დაკავშირებით შემდეგ დათქმას, რომ ...ის გასწვრივ რეალურად მოქმედ ობიექტებსა და ქ. თბილისის საკრებულოს 31.03.2006წ. N41 დადგენილებით შექმნილ ...ის ტყე-პარკს შორის მოხდა ...ის გასწვრივ ტერიტორიის გადაკეთება საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ად (მე-3 პუნქტის 47-ე ქ.ვპ.). ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში რიცხულმა ტერიტორიამ შეინარჩუნა გამწვანების სპეციალური ზონის სტატუსი, რადგან 11.09.2009წ. N10-24 გადაწყვეტილების განმარტებით ბარათში მითითებულია კონკრტული ზონის სტატუსის გადაკეთებაზე და არა რაიმე დამატებითი სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთანავე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ 11.09.2009წ. N10-24 გადაწყვეტილებაში ასახული რუკის, განმარტებითი ბარათისა და საქმის მასალების მიხედვით დგინდება მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების იმ ტერიტორიაზე არსებობა, რომელიც გამოეყო …ის ტყე-პარკს და მიენიჭა საქმიან-საზოგადოებრივი ზონა 2-ის სტატუსი. ამდენად, კასატორთა მოსაზრება მოსარჩელეების კუთვნილ ნაკვეთზე ნაგებობის მოწყობის დაუშვებლობის შესახებ, არ არის დასაბუთებული.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ნაგებობაა მოწყობილი, ნებართვები გაცემულია სადავო აქტების გამოცემის დროს, 2014-2015 წლების პერიოდშიც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება, მიზანშეწონილობის საკითხზე მითითება არ გამორიცხავს აქტის დასაბუთების, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, განმცხადებელთა მიმართ თანასწორი მიდგომის საჭიროებას. მსგავსი საკითხები არ უნდა წყდებოდეს განსხვავებულად, ხოლო განსხვავებული საკითხები - ერთნაირად. უკეთუ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ რიგ გადაწყვეტლებებში ორგანო გარკვეული წესით იყენებდა კონკრეტულ უფლებას, ის ვალდებულია მომავალშიც ანალოგიურ სიტუაციაში დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენოს შესაბამისი წესით. ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში აპირებს გადაწყვეტილებათა მიღების სხვა კონცეფციის გატარებას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას არ დაუსაბუთებია განსახილველ შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები, მის მიერვე დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.11.2017წ. განჩინება;
3. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს.კ. 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.05.2018წ. N00902 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი