Facebook Twitter

საქმე №ბს-961(კ-19) 28 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. ჩ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირები - თ. ჩ-ე, მ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჩ-ემ 2016 წლის 1 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

2016 წლის 11 ნოემბერს მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №1, ბინა 95-ის 1/4 ნაწილზე (საკადასტრო კოდი - ...) ყადაღის დადება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მ. ჩ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბერს საჩივრით მიმართა მ. ჩ-ემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. ჩ-ე და მ. ხ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მ. ჩ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით მ. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სხდომის ოქმი ელექტრონული ვერსიით არ უწარმოებია და საქმეში არ მოიპოვება სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, რაც კასატორის მოსაზრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის განჩინებით, მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველი დავის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ №... (03.01.2013) გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უარი ეთქვა მ. ჩ-ეს 2016 წლის 20 ივნისის №129848/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოპასუხეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთხელ უკვე ჰქონდა ნამსჯელი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2014 წლის 3 დეკემბრის №252578 გადაწყვეტილებით, რომელიც დაინტერესებული მხარის მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, მართებულია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო განაცხადის გაზიარების შესაძლებლობა სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერის არარსებობისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლის არსებობის თაობაზე და მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი. მხარეთა და სხვა საპროცესო სუბიექტთა მონაწილეობით გამართულ სხდომაზე ოქმის შედგენის სავალდებულოობას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლი. ამასთან, ოქმის შედგენის და გაფორმების წესი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლით, რომლის შესაბამისად ოქმს ადგენს მდივანი თვით სასამართლო სხდომაზე ან სხდომის გარეშე ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. ამ კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც, მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ. იმავე კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 287-ე და 289-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი 2019 წლის 1 მარტის სხდომის ოქმი (ტ. II, ს. ფ. 75), რომლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლთან (ოქმის შინაარსი) შეუსაბამობაზე ამავე კოდექსის 289-ე მულის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით პროცესის მონაწილეებს არ განუხცადებიათ. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის გაკეთება სასამართლოს შესაძლებლობაა და არა ვალდებულება, სასამართლოს სხდომის ოქმის ელექტრონული ჩანაწერის არარსებობის გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე