Facebook Twitter

ბს-1062(2კ-18) 16 იანვარი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.ფ-ამ 27.07.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 10.03.2015წ. N12/13069 აქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 29.06.2015წ. N1-1/264 ბრძანების ბათილად ცნობის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრისათვის გ. ფ-ას განცხადების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2016წ. გადაწყვეტილებით გ. ფ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 29.06.2015წ. N1-1/264 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 10.03.2015წ. N12/13069 აქტი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2018წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილით მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა. სადავო ნაკვეთი არის „საძოვრის“ კატეგორიის და განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის ქვეშ ექცევა, კერძოდ, არ ექვემდებარება პრივატიზებას. საძოვრის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ადგილობრივი მოსახლეობით მისი დაინტერესება გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე მისი სარგებლობის უფლებით გადაცემისას. გ. ფ-ა არ არის შეზღუდული ისარგებლოს საძოვრით სხვა ადგილობრივი მოსახლეების მსგავსად. სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება არ არის დასაბუთებული. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების კერძო სარგებლობაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების მმართველი, შესაბამისად, საძოვრის სარგებლობაში გადაცემაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.

კასატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სადავო აქტები მიღებულ იქნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად. კასატორმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე და 37-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე გადასცემს ქონების მმართველი ან მისი თანხმობით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, ხოლო სახელმწიფო ქონების სარგებლობით გადაცემა აუქციონის გარეშე ხორციელდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში. სახელმწიფო ქონების მმართველი არის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც ახორციელებს მესაკუთრის უფლებამოსილებებს. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. კასატორი თვლის, რომ დაცულია აქტის მომზადებისა და გამოცემის ფორმალური წესები და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, სადავო აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება, ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

მართებულია კასატორთა მოსაზრება, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ქონების ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, თუმცა დისკრეციის სფეროში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს მისი დასაბუთების, საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის საჭიროებას. განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 10.03.2015წ. N12/13069 წერილით გ. ფ-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის მიზანშეუწონლობის გამო. აქტი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია მხოლოდ სახელმწიფო გუბერნატორის ადმინისტრაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილები, რომლებიც ასევე არ შეიცავენს რაიმე სახის დასაბუთებას. არც სადავო აქტში და არც მის საფუძვლად არსებულ წერილებში არ არის განმარტებული ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის კონკრეტული საფუძვლები და გარემოებები, არ არის დასაბუთებული რა საფრთხე შეიძლება შექმნას საძოვრის სარგებლობაში გადაცემამ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. კასატორთა მოსაზრებები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვის, გადაწყვეტილების მიღებისას საძოვრის სპეციფიური დანიშნულების გათვალისწინების საჭიროების შესახებ, არ არის ასახული სადავო აქტებში. გაურკვეველია რა ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სადავო აქტების გამოცემისას. ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებაში უნდა მიეთითოს ის გარემოებები, რაც გახდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მხოლოდ მიზანშეწონილობის საკთხზე მითითება არ ქმნის ადმინისტრაციული აქტის საკმარის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრა ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების საკითხს უკავშირდება და სწორედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი სუბიექტი, თუმცა დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს მასზე სასამართლო კონტროლს, რადგან სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2018წ. განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი