Facebook Twitter

საქმე №ბს-1074(კს-19) 28 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ კ. დ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირები: სს „...ი“, შპს „ა...“, ნ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. დ-მა 2014 წლის 7 ივლისს სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების ნ. ხ-ის, შპს „...სა“ და სს „ბ...ას“ მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ყაზბეგის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების გამგის) მიერ 1993 წლის 10 ნოემბერს ნ. ხ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების №48/2 მოწმობა, 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნ. ხ-ისთვის გაცემის ნაწილში; ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის“ 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება (სააღრიცხვო ბარათი) ნ. ხ-ისთვის 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში; ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის“ 2011 წლის 28 აპრილის (№...-03) გადაწყვეტილება ნ. ხ-ისთვის 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ სს „ბ...ა“, შპს „ა...“ და ნ. ხ-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით კ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნ. ხ-ისთვის გადაცემული 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყაზბეგის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების გამგის მიერ 1993 წლის 10 ნოემბერს ნ. ხ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების №48/2 მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 29 დეკემბრის სააღრიცხვო ბარათი (განცხადების №...) კ. დ-ის კუთვნილი 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნ. ხ-ის სახელზე რეგისტრაციის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 აპრილის №...-03 გადაწყვეტილება კ. დ-ის კუთვნილი 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნ. ხ-ის სახელზე რეგისტრაციის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ნ. ხ-მა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

2017 წლის 15 თებერვალს კ. დ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ყადაღა დადებოდა ნ. ხ-ის სახელზე რიცხულ ქონებას, მდებარე: ყაზბეგის რაიონი, ..., ს.კ. ..., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურს აკრძალვოდა რეგისტრირებულ უფლებაზე შემდგომი რეგისტრაციისა და ცვლილების განხორციელება, ნ. ხ-ს აკრძალვოდა სამშენებლო სამუშაოების წარმოება სადავო ტერიტორიაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით კ. დ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კ. დ-ის შუამდგომლობა ნ. ხ-ის სახელზე რიცხულ ქონებაზე, (მდებარე: ყაზბეგის რაიონი, ..., ს.კ. ...), ყადაღის დადებისა და ნ. ხ-ისათვის სამშენებლო სამუშაოების წარმოების აკრძალვის შესახებ არ დაკმაყოფილდა; კ. დ-ის შუამდგომლობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა უძრავ ქონებაზე, მდებარე: ყაზბეგის რაიონი, ..., ს.კ. ..., შემდგომი რეგისტრაციისა და ცვლილების განხორციელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. დ-მა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით კ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.

ნ. ხ-მა 2019 წლის 4 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული იქნა საბოლოო გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ნ. ხ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურისათვის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ყაზბეგის რაიონი, ..., ს.კ. ..., შემდგომი რეგისტრაციისა და ცვლილების განხორციელების აკრძალვის თაობაზე, გაუქმდა.

პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კ. დ-ის სარჩელი, შესულია კანონიერ ძალაში, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის პროცესუალური და ფაქტობრივი საფუძველი. შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურისათვის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ყაზბეგის რაიონი, ..., ს.კ. ..., შემდგომი რეგისტრაციისა და ცვლილების განხორციელების აკრძალვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. დ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მის მიერ საჯარო რეესტრიდან მოპოვებულ იქნა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც პირველადი რეგისტრაციით აღრიცხულ იყო ა. ვ-ზე, განეკუთვნება სასოფლო სამეურნეო კატეგორიას. კ. დ-მა, როგორც ა. ვ-ის უფლებამონაცვლემ მიმართა საჯარო რეესტრს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და ნ. ხ-ის სახელზე უკანონოდ რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის ამორიცხვის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით დღეისათვის მიმდინარეობს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული წარმოება და იმ შემთხვევაში თუ გაუქმდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კ. დ-ის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაკარგავს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას, რადგან ნ. ხ-ი სასწრაფო წესით გაასხვისებს სადავო ნაკვეთს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. დ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი კერძო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერება. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი (სარჩელის უზრუნველყოფა).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

განსახილველ დავაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით კ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც კ. დ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება მითითება იმის შესახებ, რომ მისი განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, რომლის კ. დ-ის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში აუცილებელია უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნება საქმის გარემოებათა გარკვევამდე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ უშვებს, რათა დავის საგანი მოპასუხის არაკეთილსინდისიერი (მათ შორის კეთილსინდისიერი მესამე პირების მართლზომიერი) ქმედებისგან იყოს დაცული. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი მოპასუხეების მიმართ თავისთავად გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან სარჩელის იურიდიული ბედი (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა), რომლის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული იყო მოქმედების განხორციელების აკრძალვა − გადაწყვეტილია, კერძოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეთა მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებისა და მისი აღსრულების საშუალებას წარმოადგენს, მოცემულ საქმეზე დავა მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებითად დასრულებულია და სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით და დააკმაყოფილა ნ. ხ-ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს მოსარჩელის საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცველად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე