ბს-1078-1072(კ-17) 16 იანვარი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა პ. შ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. შ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 03.06.2014წ. N1305459 გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 24.07.2014წ. N1883 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ვ. გ-ი და თ. თ-ი, ხოლო სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე - ნ. ფ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.07.2015წ. გადაწყვეტილებით პ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში ჩაბმულ იქნენ ნ. მ-ი და ზ. თ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა პ. შ-ისა და ნ. მ-ის მიერ.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სადავო აქტით ვ. გ-ს მიეცა ღობის რეკონსტრუქციის, ე.ი. არსებული ღობის გადაკეთების და არა ახალი ღობის მოწყობის უფლება. საქმეში დაცული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის ორთოფოტოებითა და ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება აღნიშნული ღობის მოსარჩელის ნაკვეთის ფარგლებში განთავსება. მართალია სადავო აქტი შეიცავს დათქმას, რომ ღობის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს ვ. გ-ის ნაკვეთის წითელი ხაზების ფარგლებში, თუმცა ფაქტობრივი მდგომარეობის გამო ამ პირობის შესრულება შეუძლებელია, რადგან ღობე არ მდებარეობს ვ. გ-ის ნაკვეთის საზღვრებში. კასატორები მიიჩნევენ, რომ ქვედა ინსტანციის სასამრთლოებმა არ შეისწავლეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ მოახდინეს მათი სათანადოდ შეფასება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. შ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების, მესაკუთრეების, საკადასტრო ერთეულების მახასიათებლების ცლილება, ამჟამად ფაქტობრივად არსებული მდგომარეობა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას განაპირობებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ....) რეგისტრირებული იყო პ. შ-ის საკუთრების უფლება. პ. შ-ის ნაკვეთს ესაზღვრებოდა ნ. თ-ის საკუთრებაში არსებული (ს.კ....) მიწის ნაკვეთი, რომელიც 2013 წ. დაიყო ორ მიწის ნაკვეთად, რომელთაგან ერთი - ს.კ. ... აღირიცხა ვ. გ-ის სახელზე, ხოლო მეორე - ს.კ. ... ჯერ დ. ჯ-ის, ხოლო შემდგომ მ. ფ-ას სახელზე. განსახილველი დავისათვის რელევანტურია პ. შ-ისა და ვ. გ-ის ნაკვეთებს შორის არსებული საზღვრის საკითხი, რადგან სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 03.06.2014წ. სადავო გადაწყვეტილებით ვ. გ-ს მიეცა ღობის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელე პ. შ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება სადავოდ გახადა იმ საფუძვლით, რომ მისი და ვ. გ-ის მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი და საკადასტრო საზღვარი არ არის თანხვედრაში, დაზუსტებული რეგისტრაციების შედეგად შეიცვალა მიწის ნაკვეთების კოორდინატები, რის გამო არსებული საკადასტრო საზღვრები აღარ დაემთხვა მეზობელი მიწის ნაკვეთების გამმიჯნავ ფაქტობრივად მოწყობილ ღობეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ზიანი ადგებოდა მის საკუთრებას, რადგან ვ. გ-ი ფლობდა პ. შ-ის მიწის ნაკვეთის ნაწილს და მის ნაკვეთზევე არსებულ ღობეზე აპირებდა სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებას. აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარადგინა საკადასტრო და სიტუაციური ნახაზები, ორთოფოტოები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები. კასატორი თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების გარეშე, მხოლოდ სადავო აქტის სიტყვასიტყვითი გაგებით, უარი თქვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, არ დაადგინეს სარეკონსტრუქციო ღობის ფაქტობრივი მდებარეობა, არ შეაფასეს სადავო აქტის აღსრულების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რადგან მნიშვნელოვნად არის შეცვლილი არსებული ფაქტობრივი ვითარება, მიწის ნაკვეთების საზღვრები.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლის აპრილში მოსარჩელე პ. შ-ის საკუთრებაში რიცხული (ს.კ....) მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა ნ. მ-ი, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში აღნიშნული ნაკვეთი გაერთიანდა ნ. მ-ის საკუთრებაში არსებულ სხვა ნაკვეთებთან და წარმოიშვა ახალი გაერთიანებული საკადასტრო ერთეული: ... . მესაკუთრე შეეცვალა ვ. გ-ის მიწის ნაკვეთსაც, 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით ნაკვეთის მესაკუთრედ ირიცხებოდა ზ. თ-ი, მიმდებარე ნაკვეთთან გაერთიანების შედეგად შეიცვალა საკადასტრო კოდიც და ზ. თ-ის (ვ. გ-ის) მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდად დაფიქსირდა: ... . ამდენად, სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას ფაქტობრივი და საკადასტრო ღობეების მდებარეობა სადავო იყო უკვე ს.კ. ... (მესაკუთრე: ნ. მ-ი) და ს.კ. ... (მესაკუთრე ზ. თ-ი) მიწის ნაკვეთებს შორის.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2017 წლის ნოემბერში ნ. მ-ის მიწის ნაკვეთი - ს.კ. ... დაიყო ორ საკადასტრო ერთეულად: ს.კ. ... და ს.კ. ... . მეზობელთა შორის სადავო ტერიტორიას მოიცავდა ... მიწის ნაკვეთი. 2019 წლის ოქტომბერში ... მიწის ნაკვეთი დაიყო ორ საკადასტრო ერთეულად: ... და ... საკადასტრო კოდებით. ... კოდით დარეგისტრირდა ნაკვეთის სწორედ სადავო ნაწილი, ანუ ის ტერიტორია, რომელიც მოსარჩელის მითითებით მოქცეული იყო დაზუსტებულ საკადასტრო საზღვარსა და ნ. მ-ის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად შემომსაზღვრელ ღობეს შორის. შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით 22.10.2019 წ. მდგომარეობით სადავო ტერიტორია (207 კვ.მ.) გამოყოფილი იყო ცალკე საკადასტრო ერთეულად, მინიჭებული ჰქონდა ინდივიდუალური საკადასტრო კოდი: ... და ირიცხებოდა ნ. მ-ის საკუთრებაში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 25.10.2019წ. ნ. მ-მა მიჰყიდა ო. მ-ეს, რომელიც აღირიცხა მესაკუთრედ. რაც შეეხება ჯერ ვ. გ-ის, ხოლო შემდგომში ზ. თ-ის საკუთრებაში რიცხულ ... კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ზ. თ-ის მიერ მისი გასხვისება მოხდა 2018 წლის იანვარში და შემძენი ამ შემთხვევაშიც გახდა ო. მარცვალაძე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ დავის დაწყების დროს მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთს შემდგომში გამოეყო მეზობელ - ვ. გ-ის მიწის ნაკვეთთან სადავო ტერიტორია და გამოყოფილი მიწის ნაკვეთის შემძენი, მეზობელ მიწის ნაკვეთთან ერთად გახდა ერთი პირი. ამდენად, საკითხი ფაქტობრივი და საკადასტრო საზღვრების სხვადასხვაობის, სარეკონსტრუქციო ღობის პ.შ-ის ნაკვეთში არსებობის შესახებ, აღარ არის რელევანტური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო პ. შ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. შ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2017წ. განჩინება;
3. პ. შ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.10.2017წ. N1 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი