Facebook Twitter
საქმე №ბს-1091(გ-19) 28 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ის“ სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-მა“ 2018 წლის 27 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე რ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ავტომანქანის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი საფასურის სრულად ანაზღაურების დავალება ავტომანქანის გაყვანის დღისთვის დარიცხული თანხის ოდენობით, რაც შეადგენს 553.50 ლარს. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ „112-ის“ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხისათვის სსიპ „112-ის“ სპეციალური სადგომიდან (მის.: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა) ავტომანქანის (სახ. ნომრით: ...) საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ გაყვანის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2014 წლის მაისიდან ახორციელებს ევაკუატორით მომსახურების სერვისს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანას და მათ შენახვას სპეციალურ სადგომზე. 2017 წლის 24 ოქტომბერს რ. გ-ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-0-0 მუხლის შესაბამისად, დროებით ჩამოერთვა მფლობელობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება. სსიპ „112-ის“ მიერ ავტომანქანა გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე, სადაც განთავსებულია დღემდე. სარჩელის შეტანის მომენტისათვის არსებული მდგომარეობით სატრანსპორტო საშუალებას სსიპ „112-ის“ მიმართ ერიცხება მომსახურების საფასური 553.50 ლარი, რომელიც გაანგარიშებულია საქართველოს მთავრობი 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112-ის“ მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესით“ დადგენილი განაკვეთების შესაბამისად. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხის სატრანსპორტო საშუალების მიმართ დასრულებულია ყველა საჭირო პროცედურა, რის გამო არ არსებობს მისი სპეციალურ სადგომზე დატოვების საჭიროება. ამასთანავე, სპეციალური სადგომის ტერიტორია სსიპ „112-ს“ კანონიერ სარგებლობაში გადაცემული აქვს მესაკუთრეს სახელმწიფოსაგან კონკრეტული მიზნით. საჭიროების გასვლის შემდეგ ავტომანქანის სადგომზე დგომა უარყოფითად აისახება სსიპ „112-ის“ სერვისზე, რადგან იზღუდება სადგომის ფაქტობრივი გამოყენების რესურსი. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 161-ე, 172-ე მუხლებიდან გამომდინარე სსიპ „112-ს“, როგორც სადგომის მართლზომიერ მფლობელს, შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. რაც შეეხება, ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებას, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლების მიხედვით ვალდებულება შესაძლოა წარმოიშვას ხელშეკრულებიდან, დელიქტიდან ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, განსახილველ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანისა და შენახვის ხარჯების მოპასუხის მიერ გადახდის ვალდებულება კანონისმიერია და წარმოიშობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი შენიშვნიდან, რომელიც გაწეული ხარჯის ანაზღაურებას დამრღვევს აკისრებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით სსიპ „112-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხისათვის თანხის დაკისრება მოთხოვნილია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ და არა კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დებულებების საფუძველზე. კერძოდ, რ. გ-ის კუთვნილი ავტომანქანის საჯარიმოს სადგომზე განთავსების საფუძველს წარმოადგენდა არა მხარეთა ნების ავტონომიის პირობებში დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება, არამედ ადმინისტრაციულ -სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი, სანქცირების ფორმატში განხორციელებული მოქმედებები. ამგვარად, საჯარიმო სადგომზე ავტომანქანის გადაყვანა, როგორც საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმა და ასევე, მოთხოვილი ღირებულების მოცულობა ცალსახად საჯაროსამართლებრივი მიზნებით იყო განპირობებული. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ის სარჩელის შეფასება ექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით სსიპ „112-ის“ სარჩელი სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია განსახილველი საქმის ძირითადი მოთხოვნის სამართლებრივი ბუნების დადგენა და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა სსიპ ,,112''-ის სპეციალურად დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების საფასურის დაკისრების თაობაზე, არ წარმოადგენს ძირითადი მოთხოვნისაგან დამოუკიდებელ საგანს, არამედ მოსარჩელის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშის აღკვეთის მოთხოვნის თანმდევი შედეგია. სასამართლომ ასევე აღნიშნა რომ მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია არა ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის კანონიერება, არამედ, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების საფასური. აღნიშნულზე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის №489 დადგენილების მე-4 მუხლის სათაურიც, რომლის მე-31 პუნქტით განსაზღვრულია მოთხოვნილი საფასურის ოდენობაც. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოთხოვნილი თანხის დაანგარიშების წესი განსაზღვრულია ნორმატიული აქტით, მოცემულ დავას არ სძენს ადმინისტრაციულ ხასიათს და ვერ იქნება განხილული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ სსიპ „112-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ დავაში სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთ მხარედ გამოდის სსიპ „112“ , ხოლო დავის საგანი არის სსიპ „112-სათვის“ სახელმწიფოსგან სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა და აღნიშნული ავტოსადგომით სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურება. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა) არის ადმინისტრაციული ორგანო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობაში მხარედ ადმინისტრაციული ორგანოს გამოსვლა არის დავის საჯარო - სამართლებრივი ხასიათის ერთ-ერთი და ერთადერთი მაჩვენებელი. ამასთანავე, საქმის განსჯადობის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს არა სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნება. დავის საჯაროსამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის სადავო სამართალურთიერთობაში საჯარო სამართლის სუბიექტის მონაწილეობა, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო შესაძლოა მხარედ გამოვიდეს კერძოსამართლებრივ ურთიერთობაშიც.
განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება საგნობრივ განსჯადობას. შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი, რადგან განსჯადობის საკითხის განსაზღვრისას საჯაროსამართლებრივი და კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს და ხელშეკრულების მიზანს, რომელიც მისი შინაარსიდან დგინდება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ „112-ის“ მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენა და მოთხოვნილი თანხის დაანგარიშების წესის საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის №489 დადგენილებით მოწესრიგება, თავისთავად არ არის საკმარისი ამავე ურთიერთობის ადმინისტრაციულსამართლებრივი კატეგორიისადმი კუთვნილების გადასაწყვეტად. თავის მხრივ, მხოლოდ ვალდებულებითი ურთიერთობის ფორმალურად სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა, საჯაროსამართლებრივი მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმაზე დაფუძნება ასევე არ ადასტურებს სადავო სამართალურთიერთობის სამოქალაქოსამართლებრივ ხასიათს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის ვალდებულება წარმოიშობა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნაა ფაქტობრივი მფობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხისათვის ავტოსადგომიდან სატრანსპორტო საშუალების გაყვანის დავალება, რომელიც სამოქალაქო კანონმდებლობის მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება. კერძოდ, სსიპ „112“, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია ის გარემოებები, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს რ. გ-ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-0-0 მუხლის შესაბამისად, დროებით ჩამოერთვა მფლობელობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება და სსიპ „112-ის“ მიერ ავტომანქანა გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე, სადაც დღემდეა განთავსებული, საჭიროების გასვლის მიუხედავად. სსიპ „112-ის“ მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა მოიცავს ევაკუატორის გამოძახების ღირებულებას (30 ლ.), სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით გადაადგილების საფასურსა (88.50 ლ.) და საჯარიმო სადგომზე დგომის ღირებულებას (435 ლ.)(ტ.1, ს.ფ. 32).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112-ის“ დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით სსიპ „112-ის“ ფუნქციებს შორის მითითებული იყო სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევების შემთხვევაში ჩამორთმევას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურად დაცული სადგომის მოწყობა-ორგანიზების და სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფის ფუნქცია (ასეთივე მოწესრიგებას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის N18 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112-ის“ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი), რომელიც სსიპ-ის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ამდენად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე დამრღვევის ავტომანქანის ე.წ. „საჯარიმო“ სადგომზე გადაყვანა სწორედ სსიპ „112-მა“ განახორციელა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ „112-ის“ კუთვნილ სპეციალურ დაცულ სადგომზე განთავსებული ავტომანქანის მიმართ დასრულებულია სამართალდარღვევაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება, ამგვარად, საჭიროების გასვლის გამო დასრულებულია ადმინისტრაციულსამართლებრივი ურთიერთობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სასარჩელო მოთხოვნები წარმოშობილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების შედეგად, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ სამართალურთიერთობაში აღარ მონაწილეობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ასევე დავის საგანს არ წარმოადგენს სამართალდარღვევის ჩადენა და მასზე რეაგირების ფარგლებში შესრულებული ოპერაციები, გამოირიცხება საჯარო ელემენტის არსებობა და დავის ადმინისტრაციული წესით განხილვის შესაძლებლობა. სადავო ურთიერთობა ეხება უკვე გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას და მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი შენიშვნის თანახმად, ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ეკისრება დამრღვევს, აღნიშნული ხარჯი ფაქტობრივად აღსრულების ღირებულებაა, რომლის მიღების უფლებაც სსიპ „112-ს“ აქვს გადაცემული, ხოლო ანაზღაურების განაკვეთები განსაზღვრულია ნორმატიულად - საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -„112-ის“ მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესით“ (მე-4 მუხ.). ამდენად, შსს-ს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ფარგლებში სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა და შენახვა შესაბამისი საჭიროების გასვლამდე წარმოადგენს ადმინისტრაციულსამართლებრივ ურთიერთობას, რადგან ხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ხოლო სამართალდარღვევაზე რეაგირების დასრულების შემდეგ, სსიპ „112-ისა“ და დამრღვევი მძღოლის ურთიერთობის ბუნება კერძოსამართლებრივია, ვინაიდან სსიპ „112-ის“ ავტოსადგომზე სატრანსპორტო საშუალების უნებართვოდ, სადგომზე დატოვებით და ავტომობილის მფლობელის აღნიშნულ ქმედებაზე სსიპ „112-ის“ უმოქმედობით მხარეთა შორის დაიდო სამოქალაქოსამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულება. საკითხის არსებითად განმხილველმა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი რეგულაციების გამოყენებით უნდა გადაწყვიტოს დავა და განახორციელოს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეფასება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 161-ე, 172-ე მუხლებიდან გამომდინარე სსიპ „112-ს“, როგორც სადგომის მართლზომიერ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. რაც შეეხება ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებას, აღნიშნული ვალდებულების შინაარსის შეფასება სწორედ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხორციელდეს, რადგან სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანისა და შენახვის ხარჯების მოპასუხის მიერ გადახდის ვალდებულება მხარეთა შორის კერძოსამართლებრივი ურთიერთობის შედეგად წარმოიშვა, მას შემდეგ რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირმა დაასრულა მის მიერ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეებზე სარჩელის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება გამოძახების, გადაყვანის და შენახვის ანაზღაურების მოთხოვნას საჯარო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული, ხოლო შენახვის საჭიროების გასვლის შემდეგ სადგომის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა და უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის დავალება კერძოსამართლებრივი ხასიათისაა და არ არსებობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა(იხ. სუსგ 16.05.2019წ. საქმე Nბს-431(გ-19) განჩინება).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. მოსარჩელე სსიპ „112“, არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თვით ხელშეკრულება მხარეთა შორის „საჯარიმო“ სადგომზე ავტომანქანის საჭიროების გასვლის მიუხედავად, მისი იქ დატოვებითა და სსიპ „112-ის“ მიერ სატრანსპორტო საშუალების მის სადგომზე დატოვებაზე კონკლუდენტურად, დუმილით დათანხმების საფუძველზე დაიდო. აღნიშნული ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯაროსამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას სსიპ „112-ის“ მხრიდან. სამართალდარღვევაზე რეაგირების გამო ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა, რის გამოც მხარეთა შორის მათი კონკლუდენტური მოქმედებით წარმოიშვა სადავო სამართალურთიერთობა, თავისთავად არ წარმოადგენს აღნიშნული დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს, ამასთანავე დავის საგანს წარმოადგენს არა სამართალდარღვევაზე რეაგირების დროს განხორციელებული ქმედებები, არამედ მხარეთა შორის სამართალდარღვევის ამოწურვის შემდგომ დადებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის თანხის დაკისრება და მის მფლობელობაში არსებული ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას მიეკუთვნება, შესაბამისად, მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლების საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას დავის სამოქალაქო კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ „112-ის“ სასარჩელო მოთხოვნა, მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლოწარმოების წესით და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „112-ის“ სარჩელი მოპასუხე რ. გ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ვ. როინიშვილი




მოსამართლეები: მ. ვაჩაძე




ნ. სხირტლაძე