Facebook Twitter

ბს-1149(კ-18) 16 იანვარი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. მ-მა 22.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.07.2016წ. N1-1329 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური. ამავე სასამართლოს 28.03.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ა. ჯ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.07.2016წ. N1-1329 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი თვლის, რომ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რადგან ნ. მ-ს აღარ აქვს დავის გაგრძელების კანონიერი ინტერესი, განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს ნ. მ-ის უფლებებზე. სადავო აქტი კანონშესაბამისია, არსებობდა ღობის მოწყობის შესაძლებლობის დადასტურების შესახებ აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან აღნიშნული აქტის გამოცემის მომენტში კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო ნაგებობის მოწყობის შეზღუდვა. ამჟამად შეზღუდვა მშენებლობის აკრძალვის სახით აღარ არსებობს, რადგან აღნიშნული ნაკვეთი გაერთიანდა სხვა მიწის ნაკვეთებთან, რაც ნ. მ-ს აძლევს შესაძლებლობას ახალი განცხადების წარდგენის შედეგად მოიპოვოს ღობის მოწყობის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების არარსებობის შესახებ. ნ. მ-ის ინტერესია დადასტურდეს მის მიერ ღობის მოსაწყობად განხორციელებული სამუშაოების მართლზომიერება, რათა თავიდან აიცილოს უნებართვო მშენებლობისათვის გათვალისწინებული შესაძლო პასუხისმგებლობა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა სადავო აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის წინაპირობები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჩატარებულ აუქციონში გამარჯვების შედეგად ქ. თბილისში, ... მდებარე N10/195 ნაკვეთის შემძენი გახდა და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირდა ნ. მ-ი. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან ერთად მიწის ნაკვეთზე აღირიცხა შეზღუდვა - დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 12.03.2012წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ს დაუდასტურდა N10/195 მიწის ნაკვეთზე მავთულბადის ღობის მოწყობის შესაძლებლობა, რის საფუძველზეც ნ. მ-მა განახორციელა კონკრეტული სამუშაოები. აღნიშნული აქტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ბათილად ცნო გამოცემიდან დაახლოებით 4 წლის შემდეგ. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო აქტის გამოცემისას ნ. მ-ის კანონიერი ნდობის გათვალისწინების საჭიროების შესახებ. სზაკ-ის 601.4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ პირს კანონიერი ნდობა აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოკვლეულა ნ. მ-ის ნაკვეთზე, მის საკადასტრო საზღვრებში ღობის მოწყობის შემთხვევაში კერძო პირთა ან სახელმწიფოს ინტერესებისათვის ზიანის მიყენების საკითხი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ნებართვა გაიცა მავთულბადის და არა კაპიტალური ღობის ან რაიმე სხვა ნაგებობის მოწყობის თაობაზე, რის გამო სარწმუნოა ნ. მ-ის მოსაზრება, რომ ნაკვეთზე რეგისტრირებული შეზღუდვის მიუხედავად, იგი ენდობოდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 12.03.2012წ. გადაწყვეტილების მართლზომიერებას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ პირი, რომლის საჩივრის საუძველზეც გამოიცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო აქტი, ამჟამად აღარ არის ნ. მ-ის მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, ამასთანავე, N10/195 ნაკვეთი ცალკე საკადასტრო ერთეულად აღარ არსებობს, სხვა მიწის ნაკვეთებთან გაერთიანების შედეგად მასზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ შეზღუდვა გაუქმებულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი