Facebook Twitter

საქმე №ბს-1150(კ-19) 28 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. უ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. უ-ემ 2018 წლის 8 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2936666 ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №895214 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მისი სამსახურში აღდგენა და მოპასუხისათვის მ. უ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2936666 და 2018 წლის 10 აპრილის №895214 ბრძანებები და მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. უ-ემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით მ. უ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

განსახილველ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული შესაბამისი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად. საკასაციო პალატის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბრის თვეებში, სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ მოხდა თანამდებობებიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით პატაკების დაწერა, მათ შორის, 2017 წლის 6 დეკემბერს მ. უ-ემ პატაკით მიმართა შსს მინისტრს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2936666 ბრძანებიდან ამონაწერით დადგინდა, რომ სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის …ის …ე - ცსსკ …ე, …ის …ი - მ. უ-ე (პ/ნ: ...) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №895214 ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, სსიპ - საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის …ის ყოფილი …ე - ცსსკ ….ე, პოლიციის პოლკოვნიკი - მ. უ-ე (პ/ნ: ...) დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 7 აპრილიდან.

საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გაანთავისუფლა პირადი პატაკის საფუძველზე მოსარჩელე, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია მ. უ-ის მიერ პატაკის დაწერა წარმოადგენდა თუ არა მისი ნამდვილი ნების გამოხატვას, თუ იგი გამოწვეული იყო რაიმე გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მ. უ-ის მიერ პატაკის დაწერის, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის პერიოდში სახეზე იყო ერთგვარი ტენდენცია, როდესაც დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში, სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები ერთდროულად მიმართავდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებული თხოვნით. ამგვარად, საქმეზე დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური აქტის გამოსაცემად, რა დროსაც იგი ვალდებული იყო მიუკერძოებლად გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე