Facebook Twitter

საქმე №ბს-1177(კ-19) 28 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ო. თ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. თ-მა 2018 წლის 2 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 თებერვლის №124 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ო. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 თებერვლის №124 ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით განსახილველ საქმეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 თებერვლის №124

ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ საცხოვრებლის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა სამინისტროს, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ შეფასდა ო. თ-ის ოჯახის მიერ გაკეთებული განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. წინასწარი შეფასების შედეგად მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 4 ქულა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 1) სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა; 2) მარტოხელა პენსიონერი - 1 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელის ოჯახის განაცხადი წარდგენილ იქნა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე განსახილველად. კომისიის დავალების საფუძველზე, ზემოხსენებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილების მიერ განხორციელდა მონიტორინგი ოჯახის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. 2017 წლის 12 სექტემბერს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსარჩელეს ხელი მიუწვდება მისი შვილის _ ნ. ჭ-ის საცხოვრებელ ბინაზე, გორში, ...ის ქ. მე-5 კვარტალი, N23, ბინა N№25-ზე. მოცემული საცხოვრებელი ფართი, ამავე მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ირიცხებოდა ნ. ჭ-ის საკუთრებად და გადაფორმებულ იქნა მის დისშვილზე - ბ. ჭ-ის შვილზე _ ნ. ც-ზე. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, იმ მიზეზით, რომ ის ამ ეტაპზე არ საჭიროებს დაუყოვნებლივ განსახლებას და მის ოჯახს გააჩნია თავშესაფარი. ამასთან, უდავოდ დადგინდა, რომ ის ფაქტობრივი მდგომარეობით, არ ცხოვრობდა გორში, ...ის ქ.N63-ში არსებულ დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტში („...“).

კასატორის მოსაზრებით ამ საკითხზე მსჯელობისას ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თვით სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულება. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი, ობიექტის მომსახურე ელექტროკომპანიის მიერ გაცემული აბონენტის (იგულისხმება ო. თ-ი) ბრუნვის ამონაწერი, ხსენებული აბონენტის მიერ, თვის განმავლობაში ან საერთოდ არ დასტურდებოდა ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტი, ანდა მოხმარებული ელექტროენერგია იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ნათლად ადასტურებდა ბინაში არ ცხოვრების ფაქტს. ასევე, მნიშვნელოვანია სააგენტოს მოსაზრება, რომ მოსარჩელე ამ ეტაპზე არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას, რამდენადაც ხელი მიუწვდება ალტერნატიულ საცხოვრებელზე.

მიუხედავად საქმეზე დადგენილი გარემოებებისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ო. თ-ის საკითხი დამატებით შესწავლას და გამოკვლევას საჭიროებდა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება უკანონო და დაუსაბუთებელია. აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია აქტის გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რასაც კასატორი არ ეთანხმება, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არასწორად განმარტა მთელი რიგი ნორმები, რამაც ერთობლიობაში გამოიწვია უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებების სამართლებრივ უსწორობასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ის, არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას თითქოს სამინისტრომ აქტი გამოსცა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასების გარეშე, მაშინ, როდესაც სამინისტრომ შეისწავლა მოსარჩელის ოჯახის საკითხი და საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააგენტო მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ შემთხვევაში მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს თავის საცხოვრებელთან დაკავშირებით მითითებული აქვს მცდარი ინფორმაცია. საგულისხმოა, რომ საცხოვრებლის სწრაფად ან რამდენიმე საცხოვრებლის მიღების მოტივით დევნილთა ოჯახები მიმართავენ სხვადასხვა ხერხს. ხშირია შემთხვევები, როდესაც დევნილი ოჯახები, რომლებიც ელოდებიან საცხოვრებლით უზრუნველყოფას და რომელთაც დიდი სურვილი აქვთ სწრაფად მიიღონ ბინა, ასხვისებენ ბინებს, ასევე ქირაობენ ბინებს, უთანხმდებიან მესაკუთრეებს, რომ სამინისტროს მონიტორინგის სამსახურს დაუდასტურონ ამა თუ იმ პირის ცხოვრების ფაქტი, ხოლო ქირას, რომელსაც სამინისტრო ურიცხავს უხდიან რეგულარულად, რათა კმაყოფილი იყოს მესაკუთრე და სამინისტროს თანამშრომლების მისვლაზე ყოველ ჯერზე დაადასტურონ ცხოვრების ფაქტი, ქირის არსებობის შემთხვევაში - აპლიკაციის შევსებისას მათ ემატებათ ქირის ქულა, რაც ემატება რეალურად არსებულ ქულებს, როგორც ყველასათვის ცნობილია, რაც უფრო მაღალია ქულა, მით მეტია ბინის მიღების შანსი. ასევე ხშირია შემთხვევები მათივე საკუთრების გასხვისების ან გაჩუქებისა ისევ ოჯახის წევრებზე ან ახლობლებზე, რაც ასევე ქულის მომატების მიზეზია. ასევე, გამოიკვეთა კიდევ ერთი საგულისხმო ტენდენცია, პირები, რომლებიც სხვის საკუთრებაში ცხოვრობენ უთანხმდებიან მესაკუთრეებს შეიტანონ სარჩელი გამოსახლების მოთხოვნით (გამოსახლების შემთხვევაში აპლიკანტი იღებს 3 ქულას), ხოლო სასამართლო პროცესის პირველივე მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეები - დევნილები ცნობენ სარჩელს. ძალიან ადვილი მისახვედრია, თუ რატომ იქცევიან ამდაგვარად, რადგან წლების წინ, როდესაც არ არსებობდა განსახლების პერსპექტივა გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოში წარმოებულ დავებში მოპასუხე მხარე - დევნილები ბოლო წუთამდე არ თმობდნენ პოზიციებს და წაგების შემთხვევებში ასაჩივრებდნენ ყველა ინსტანციის სასამართლოში. ასევე ხშირია ოჯახის ხელოვნურად გაყოფის მცდელობებიც, დევნილი ავსებს მარტო განაცხადს, თითქოსდა მისი შვილები არ ცხოვრობენ მასთან და გადამოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ განმცხადებელი ცხოვრობს მის შვილებთან ერთად ერთ ოჯახად, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მსგავსი მაგალითები უსასრულოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელთა გამოყენებაც ხელოვნურად იწვევს ქულის მომატებას და რომელთა გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო, როდესაც განსახლების წესი იქმნებოდა რადგან ასეთი შემთხვევები მრავლადაა, სააგენტო ცდილობს ინდივიდუალურად გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და ხელი არ შეუწყოს ოჯახების ხელოვნურ გაზრდას. ამასთან, საცხოვრებელი პირველ რიგში მიიღონ რეალურად საჭიროების მქონე ოჯახებმა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც დარწმუნდა მის მართებულობაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მიმდინარე ეტაპზე არ დააკმაყოფილა პირი საცხოვრებლით, რომელიც ცდილობს უფრო ადრე მიიღოს საცხოვრებელი სხვა უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ და უფრო მაღალქულიან ოჯახებთან შედარებით.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც, საქმეზე ითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

განსახილველ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული შესაბამისი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად. საკასაციო პალატის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საკითხი იმის შესახებ, ო. თ-ი ქ. გორში, ...ის ქ. №63, ...ის დევნილთა ჩასახლებაში მუდმივად ცხოვრებდა თუ არა, უნდა გაირკვეს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ხელახალი შესწავლის, ასევე ახალი მტკიცებულებების მოძიების შედეგად. კერძოდ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სხვა მტკიცებულებებთან ერთად ასევე იმსჯელოს სამართალწარმოების ეტაპზე წარმოდგენილ ო. თ-ის აბონენტის ბარათზე ელექტროენერგიის საფასურის გადახდის თაობაზე და ამ მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად დაადგინოს, დასტურდება თუ არა ზემოაღნიშნულ ფართში მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ასევე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაკითხოს ქ. გორში, ...ის ქ. №63-ის მეზობლები იმის დასადგენად, ო. თ-ი ნამდვილად წარმოადგენდა თუ არა ზემოაღნიშნული ბინის მუდმივ მაცხოვრებელს. ასევე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა სხვა ზომა საქმის გარემოებების უტყუარად დასადგენად, მოიძიოს ყველა საჭირო მტკიცებულება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოსცეს დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტი სადავო საკითხის მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებების უმეტესი ნაწილი მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის არარელევანტურია და კონკრეტული საქმის გადასაწყვეტად მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე