Facebook Twitter

ბს-1181 (კ-18) 16 იანვარი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 25.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირების ა. ნ-ის, გ. თ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.07.2016წ. №1-1312 ბრძანების ბათილად ცნობისა და შპს ,,...ის’’ მიერ მითითებული ყველა ფაქტის და გარემოების გამოკვლევის შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,...ის’’ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,...ის’’ მიერ.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ და სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს საქმის გარემოებები სრულად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისე ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რომ მის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად თავიდანვე არ ყოფილა მიწვეული შპს ,,...ი“. კასატორი თვლის, რომ აღნიშნული გარემოება ადასტურებს გასაჩივრებული აქტის უკანონობას, ვინაიდან შპს ,,...ის“ შენობის წინ არის განთავსებული ა. ნ-ის, გ. თ-ის უკანონო ნაგებობები და სწორედ შპს ,,...ის“ დირექტორი იყო იმ განცხადების ავტორი, რომლის საფუძველზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტისათვის მიმართვის შემდეგ, დამატებით ჩატარდა სხდომა, სადაც შპს ,,...ის“ წარმომადგენელი მიწვეული იქნა და მან გამოთქვა საკუთარი მოსაზრებები, თუმცა მათი გათვალისწინება არ მომხდარა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საკითხის ხელახალი განხილვის დავალების ნაცვლად სასამართლოს თავად უნდა გამოეკვლია საქმის გარემოებები და მიეღო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...ის’’ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს ,,...ის’’ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ა. ნ-ისა და გ. თ-ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაიცა მითითება ქ. თბილისში ... ქ. №186-ის მიმდებარედ შენობა-ნაგებობის სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებისთვის (ტ.1.ს.ფ.41). დარღვევის გამოუსწორებლობის გამო გაიცა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.12.2015წ. №000438 დადგენილება ა. ნ-ისა და გ. თ-ის 8000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. დადგენილებაში მითითებული იქნა, რომ ა. ნ-ე და გ. თ-ე დაჯარიმდნენ ქ. თბილისში ... ქ. №186-ის მიმდებარედ „ოთხი ცალი დროებითი შენობა-ნაგებობის“ სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობისთვის. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.12.2015წ. №000438 დადგენილება ა. ნ-ისა და გ. თ-ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.07.2016წ. №1-1312 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.12.2015წ. №000438 დადგენილება და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. შპს ,,...ის’’ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არასწორია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.07.2016წ. №1-1312 ბრძანება, ვინაიდან იგი არ გამოცემულა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად. აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს საკასაციო პალატა და აღნიშნავს, რომ კასატორი არგუმენტირებულად ვერ უთითებს გასაჩივრებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათზე.

კასატორის მოსაზრება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხი უნდა განიხილოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, არ ადასტურებს აქტის უკანონობას. აღნიშნულის საჭიროების შესახებ მითითებას შეიცავს გასაჩივრებულ აქტი. კერძოდ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.12.2015წ. №000438 დადგენილების გამოცემისას არსებული ხარვეზების დადგენის საჭიროება ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა გასაჩივრებული აქტით, რომელმაც ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,...ის’’ მონაწილეობით ჩაატარა. აღნიშნულით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს ,,...ი’’ მიიჩნია სზაკ-ის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაინტერესებულ პირად, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებაში შპს ,,...ის’’ ჩართვის შესახებ დამატებით იქნა მითითებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

საფუძველს არის მოკლებული აგრეთვე შპს ,,...ის’’ მოსაზრება სასამართლოს მიერ არსებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის არსებობის თაობაზე. სასკ-ის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, უკეთუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ დგინდება სასამართლოს მიერ საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობის არსებობა. მართალია პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს აქვთ შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვონ დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას სასამართლო წარმოებით. როდესაც ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, უმართებულოა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების შესრულების დელეგირება სასამართლოზე. მოცემულ შემთხვევაში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.12.2015წ. №000438 დადგენილების გამოცემისას არსებული ხარვეზების გამოსწორების საჭიროება ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა გასაჩივრებული აქტით, ვინაიდან ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მითითება გაიცა ქ. თბილისში ... ქ. №186-ის მიმდებარედ ერთი შენობა-ნაგებობის სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის გამო, ხოლო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.12.2015წ. №000438 დადგენილებით ა. ნ-ე და გ. თ-ე დაჯარიმდნენ ქ. თბილისში ... ქ. №186-ის მიმდებარედ „ოთხი ცალი დროებითი შენობა-ნაგებობის“ სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობისთვის. ამდენად, თავად ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით არ დგინდება სასამართლოს მიერ საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობის არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ დასტურდება შპს ,,...ის’’ მოსაზრებების მართებულობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.07.2016წ. №1-1312 ბრძანებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო შპს ,,...ის’’ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,...ის’’ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. გაჩინება;

3. შ. ჯ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.08.2018წ. N№0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი