ბს-1207(კ-18) 16 იანვარი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ბ-მა 01.12.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 25.10.2017წ. N2086 განკარგულების ბათილად ცნობის და კომისიისათვის მ. ბ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 25.10.2017წ. N2086 განკარგულება და კომისას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ კომისიაში განცხადების პირველად წარდგენისას მ. ბ-ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული 2007 წლამდე ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. საქმეში დაცული 2005 წლის აეროფოტოგადაღებით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ იყო შემოღობილი და მასზე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა. აღნიშნული ორთოფოტოს საფუძველზე, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვარიელებითა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლით, კომისიის მიერ ვერ დადგინდა 2007 წლამდე ნაკვეთის თვითნებურად ფლობა. 2017წ. მ.ბ-მა კვლავს მიმართა კომისიას იმავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თუმცა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების მიღებას, არ იყო შეცვლილი, არ არსებობდა ახლადაღმოჩენილი ან ახლადგამოვლენილი გარემოება, რომელიც განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა. მ. ბ-მა კომისიას ვერ წარუდგინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი მტკიცებულებები. შპს „...-ის“ მიერ შესრულებული დასკვნა ძირითადად ეყრდნობოდა განმცხადებლის მიერ წარდგენილ მოწმეთა ჩვენებებს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მეზობლები ადასტურებენ კანონის ამოქმედებამდე მ. ბ-ის მიერ ნაკვეთით ფლობასა და სარგებლობას, არ ქმნის მ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება, ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მ. ბ-მა კომისიას თავდაპირველად მიმართა 2015წ., განცხადებაზე თანდართული არ ყოფილა რაიმე სახის საექსპერტო დასკვნა. 07.06.2017წ. მ. ბ-მა განმეორებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით. საკადასტრო ნახაზისა და მეზობელთა განცხადების გარდა განცხადებაზე თანდართული იყო სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.01.2017წ. დასკვნა, ორთოფოტოები, შპს „...-ის“ 18.05.2017წ. ექსპერტიზის დასკვნა და ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.01.2017წ. დასკვნით დადასტურდა ნაკვეთზე არსებული ნაგებობის 2014 წლამდე მოწყობა და აღინიშნა, რომ 2005 წ. ორთოფოტოზე ნაკვეთზე ჩანს ნაგებობის ფრაგმენტი, თუმცა ხშირი მწვანე საფარის გამო ვერ დგინდება რა ნაგებობის ნაწილია ეს ფრაგმენტი; 2006წ. და 2010 წ. ორთოფოტოებზე ნაგებობა ან ფრაგმენტი არ ჩანს ორთოფოტოების ცუდი ხარისხის გამო; 2014 წ. ორთოფოტოზე ნაგებობა ფიქსირდება. შპს „...-ის“ 18.05.2017წ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული არასაცხოვრებელი შენობის მზიდი ბეტონის და სამშენებლო ბლოკის კონსტრუქციებს აღენიშნებათ წლების მანძილზე განვითარებული ეროზიული დეფექტები და ნახეთქი ბზარები, რაც გამოწვეულია მათი ხანდაზმულობით. ასევე ტერიტორიის შემომზღუდავ ლითონის კონსტრუქციებს და ნაკვეთში არსებული შენობის მზიდ კონსტრუქციებში ჩამონტაჟებულ ლითონის მილებს აღენიშნებათ წლების მანძილზე განთავსების გამო ღრმა კოროზიის კვალი, რაც განპირობებულია მათი ხანდაზმულობით. არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები ადასტურებენ ნაკვეთის შემოღობვას და მასზე არასაცხოვრებელი ნაგებობის არსებობას. კომისიას სათანადოდ არ შეუფასებია აღნიშნული მტკიცებულებები, არ გაუთვალისწინებია ექსპერტთა შეფასებები, სათანადოდ არ დაუსაბუთებია მათ გაზიარებაზე უარის თქმა. კომისიამ სზაკ-ის 102-ე მუხლზე მითითებით უთხრა უარი მ. ბ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ 2017წ. განმეორებით წარდგენილ განცხადებაზე თანდართული ახალი მტკიცებულებების სათანადოდ შეფასებას შესაძლოა მ. ბ-ისათვის უფრო ხელსაყრელი სამართლებრივი შედეგი გამოეწვია. კომისიამ ფაქტობრივად არსებითად არ განიხილა მ. ბ-ის 2017წ. განცხადება, საკასაციო პალატა თვლის, რომ საამისოდ არსებობდა სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები. კომისიას არსებითად უნდა ემსჯელა მ. ბ-ის განცხადებაზე და მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების შედეგად მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი