Facebook Twitter

საქმე №ბს-1251(კ-19) 28 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. თ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. თ-ემ 2018 წლის 19 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის MES 0 18 00055723 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ... ინსტიტუტის პროფესიული კოლეჯის (შპს ... ინსტიტუტი) მიერ ლ. თ-ის სახელზე გაცემული „ნა“ N... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის MES 0 18 00055723 გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ... ინსტიტუტის პროფესიული კოლეჯის (შპს ... ინსტიტუტი) მიერ ლ. თ-ის სახელზე გაცემული „ნა“ N... დიპლომის (სარეგისტრაციო N033) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს. საქმის სამართლიანი განხილვის პროცესთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიები ფორმალური შინაარსისაა და მათი საფუძვლიანობა არ დასტურდება სამართალწარმოების მასალებით და საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შედეგი შეესაბამება დარგის მარეგულირებელ მატერიალურ კანონმდებლობას.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს ... ინსტიტუტის პროფესიული კოლეჯის (შპს ... ინსტიტუტი) მიერ ლ. თ-ის სახელზე გაცემული „ნა“ N... დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით საგანმანათლებლო დაწესებულება სახელწოდებით -„.... ინსტიტუტის პროფესიული კოლეჯი“ არ იძებნება. ამასთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით, საიდენტიფიკაციო კოდით ... რეგისტრირებულია შპს „... ინსტიტუტი“, რომელზეც საქართველოს განათლების სამინისტრომ 2002 წლის 11 ოქტომბერს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N... ლიცენზია. გარდა ამისა, საქართველოს განათლების სამინისტროს 2018 წლის 22 მარტის MES61800321381 წერილს თან ახლავს განათლების დარგის ობიექტების საშუალო სასწავლებლების, მათ შორის, სხვა სისტემის საშუალო სპეციალური სასწავლებლების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია თბილისის .... კოლეჯი; ასევე ... დაქვემდებარებული დასაფუძნებელი სასწავლებლების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია თბილისის ... პროფესიული კოლეჯი. სააპელაციო პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება მასზედ, რომ ... ინსტიტუტის პროფესიული კოლეჯის ბეჭედზე მითითებულია სწორედ საქართველოს ... ინსტიტუტი, რაც სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 2017 წლის 25 დეკემბრის წერილითაც დასტურდება. ამგვარად, ის გარემოება, რომ ცენტრის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებში ვერ იქნა მოძიებული საგანმანათლებლო დაწესებულება სახელწოდებით - „.... ინსტიტუტის პროფესიული კოლეჯი“, არ აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას საერთოდ უარი უთხრას ლ. თ-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ. თ-ის მიერ მოპოვებული განათლების მიღების უფლებაზე გავლენას ვერ იქონიებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გარემოება, რადგან საქმეში დაცული მტკიცებულებების კანონით დადგენილი წესით გამოკვლევის შედეგად დასტურდება, რომ მოსარჩელემ ... ინსტიტუტის პროფესიული კოლეჯში დაამთავრა საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსი პროფესიით „გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა სარკინიგზო ტრანსპორტზე“, სახელმწიფო საგამოცდო საატესტაციო კომისიის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მიენიჭა სადგურის მორიგის კვალიფიკაცია და მის სახელზე 2006 წლის 15 სექტემბერს გაიცა საგანმანათლებლო დოკუმენტი - „ნა“ №... დიპლომი, რომლის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არარსებობის თაობაზე კასატორის მიერ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ დასაბუთებას.

საკასაციო პალატის მოსაზრებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და დარგის მარეგულირებელი ნორმების უგულებელყოფით წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება სწავლის შედეგის დეფაქტო გაბათილებაა და ის გარემოება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებში ვერ იქნა მოძიებული საგანმანათლებლო დაწესებულება სახელწოდებით - „... ინსტიტუტის პროფესიული კოლეჯი“, არ შეიძლება გახდეს ფიზიკური პირისათვის კონსტიტუციით გარანტირებული შრომის თავისუფლებისა და სამსახურში დასაქმების მოპოვებული უფლების შეზღუდვის საფუძველი, ამასთან, აღნიშნული გარემოება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საფუძვლად დაედოს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმას, თუ კასატორი დაასაბუთებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობას.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან დასტურდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული მოსარჩელის უფლების დაცვის გარემოებების არსებობა. ამასთან, დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება არ არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს და აღნიშნული აქტის გამოცემაზე უარით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი არათანაზომიერია და ვერ გადაწონის ის ინტერესი, რომელზეც კასატორი მიუთითებს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ 202330566) დაუბრუნდეს 02.10.2019წ. №10046 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე