Facebook Twitter

საქმე №ბს-1502(2კ-18) 4 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. მ. ნ-ი (მოსარჩელე), 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ნ-მა 2017 წლის 30 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ. მოთხოვნის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 12 დეკემბრის N556 სხდომაზე N52-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დასახელებული კომისიისთვის ქ. თბილისში, ... გზატკეცილზე, ... გადასახვევ გზასთან მდებარე 269 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 2016 წლის 21 სექტემბრის N18 სხდომის ოქმში ასახული, მ. ნ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის N... და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების გაუქმების დავალება იმ ნაწილში, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მ. ნ-მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა (ქალაქ თბილისში, ...ის გზატკეცილზე, ...ის გადასახვევ გზასთან მდებარე 269 კვ.მ).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 12 დეკემბრის N556 სხდომაზე №50 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მ. ნ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და მ. ნ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით მ. ნ-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ნ-მა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორმა - მ. ნ-მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს გასაჩივრებულ განჩინების დასაბუთებაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ უდავოდ დაადგინა შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის განმცხადებლის მიერ ფლობის ფაქტი. მოცემული ფაქტი ასევე დადგენილი აქვს აღიარების კომისიას, რის გამოც სასამართლოს შეეძლო საქმის არსებითად გადაწყვეტა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ამდენად, კასატორის მოსაზრებით დაუსაბუთებელია, რატომ იყო შეუძლებელი წარდგენილი მტკიცებულებების შემოწმებისა და შეფასების შემდეგ საქმის არსებითი გადაწყვეტა.

კასატორმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო საოქმო გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ კომისიის მიერ 2016 წლის 11 ივლისის N516 საოქმო გადაწყვეტილებით ნიაზაშვილისთვის საკუთრების უფლებააღიარებული, 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის, კერძოდ, N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ შესაძლებელად მიიჩნია მოთხოვნილი - 300კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ შენობის კონტურზე, კერძოდ, 31 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, კომისიას ჰქონდა უფლება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოეცხადებინა მის მიერ მიღებული საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა მ. ნ-ის საკუთრების უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მ. ნ-ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

განსახილველ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული შესაბამისი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად. საკასაციო პალატის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 14 მარტის №488 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (41-ე საკითხი) მ. ნ-ის საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა სადავო მიწის ნაკვეთზე შენობის კონტურის ფარგლებში (300 კვ.მ-დან 31 კვ.მ-ზე). ამასთანავე, მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი სწორედ ის გახდა, რომ მიწის ნაკვეთი კვეთდა N... და N... საკადასტრო ერთეულს. შესაბამისად, მ. ნ-ის მოთხოვნაზე პირველივე გადაწყვეტილების მიღებისას აღიარების კომისიისთვის ცნობილი იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გადადიოდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, 2016 წლის 11 ივლისის №516 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (52-ე საკითხი) ქალაქ თბილისში, ...ის გზატკეცილზე, ...ის გადასახვევ გზასთან მდებარე 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მ. ნ-ის საკუთრების უფლება იქნა აღიარებული ისე, რომ, ერთი მხრივ, დამაბრკოლებელ გარემოებად არ იქნა მიჩნეული სადავო მიწის ნაკვეთით საკადასტრო ერთეულის გადაკვეთა, მეორე მხრივ კი, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პოზიცია საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა გამოთხოვილი. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილების უფროსმა მხოლოდ 2016 წლის 3 აგვისტოს, მ. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შემდეგ და ამავე მოტივით, მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და სთხოვა, N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრირებული მონაცემები (საზღვრები) შეეცვალა მ. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის მიხედვით, წერილზე დართული აზომვითი ნახაზის მიხედვით. შესაბამისად, საკითხის გამოკვლევისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, აღიარა პირის საკუთრების უფლება და მხოლოდ შემდეგ მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, იმ პირობებში, როდესაც აღიარების კომისიისთვის თავიდანვე ცნობილი იყო თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მოცემული ვითარების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახლად აღმოჩენილ თუ ახლად გამოვლენილ გარემოებად შეფასება ვერ მოხდება. ამასთანავე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ამ მიწაზე მუნიციპალიტეტის უფლების დარეგისტრირება არ აბრკოლებს. მართებულია ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ საკუთრების უფლების აღიარებით ხორციელდება იმ კერძო პირების უფლების რეალიზება, რომელთაც კანონმა თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლება მიანიჭა, ანუ ადგილი აქვს მუნიციპალიტეტის მიერ არა ქონების განკარგვას, არამედ კერძო პირთათვის კანონით მოპოვებული საკუთრების უფლების რეალიზების უზრუნველყოფას. ამდენად, კანონით გარანტირებული უფლების დადგენისას - კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარებისას მუნიციპალიტეტს წარმოეშობა ვალდებულება, მასთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი ქონება ან დაასაბუთოს ამის დაუშვებლობა კომპეტენტური ორგანოების, კომისიებისა თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს მეშვეობით.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 2016 წლის 21 სექტემბერს N18 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით კომისიამ N... საკადასტრო ერთეულის კორექტირება დაუშვა მხოლოდ შენობის კონტურის ფარგლებში, მაგრამ ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ აღიარების კომისიის განახლებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, კომისია განმეორებით განიხილავდა ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხს. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად აღნიშნეს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებული იყო მ. ნ-ის მიმართ 2016 წლის 11 ივლისის №516 სხდომაზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერებაზე იმ გარემოებების შეფასებით ემსჯელა, ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი 2007 წლამდე მ. ნ-მა დაიკავა თუ არა თვითნებურად და არსებობდა თუ არა მასზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობები ან/და მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმა, თუმცა ამ მხრივ დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობაზე იმავე მიწის ნაკვეთზე შენობის კონტურზე უფლების აღიარება მეტყველებს. შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებული იყო, მის მიერ 2016 წლის 11 ივლისის №516 სხდომაზე გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით მოეთხოვა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შესაბამისი კომისიისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების კორექტირება და მხოლოდ იმ შემთხვევაში ემსჯელა 2016 წლის 11 ივლისის №516 სხდომაზე მ. ნ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე, თუ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კომისია მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების ფარგლების შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევდა. ამგვარი ქმედების არარსებობის პირობებში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებების კანონის შესაბამისად გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და არათანაზომიერად ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ნ-ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე