საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-17(კ-20) 24 იანვარი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „..."; ე. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 3 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „...ის” და ე. კ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხეების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხე ე. კ-ის სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ ქონებაზე:
1. თბილისი, ...ის გამზ. №10, შენობა №7 (ავტოფარეხი), (საკადასტრო კოდი ...) დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ფართი: 2240 კვ.მ, მიწის ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, ავტოფარეხის ფართი: 15.48 კვ.მ (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ბრძანება №ლეგ-477; გაფორმების თარიღი: 29/06/2009, თბილისის არქიტექტურის სამსახური);
2. თბილისი, ...ი, ...ის ქ. №8, ბლოკი III, ავტოსადგომი №17 (2013 წლის ბოლო ამონაწერზე ფიქსირდება შემდეგი მისამართი: თბილისი, ...ის ბოლოს (ნაკ: №11/14), ავტოსადგომი №17, III ბლოკი), (საკადასტრო კოდი ...), დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ფართი: 17108 კვ.მ; მიწის ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, მშენებარე ავტოსადგომის ფართი: 25.86 კვ.მ (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საცხოვრებელი ბინისა და ორი ავტოფარეხის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 06/06/2013, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.);
3. თბილისი, ...ი, ...ის ქ. №8, ბინა №12ა (საკადასტრო კოდი ...), დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ფართი: 17108 კვ.მ, მიწის ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, ბინის ფართი: 155,37 კვ. მ (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საცხოვრებელი ბინისა და ორი ავტოფარეხის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება; გაფორმების თარიღი: 06/06/2013; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; გადაწყვეტილება №... გაფორმების თარიღი 05/02/2015 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. შეთანხმების გაფორმების თარიღი: 09/06/2016 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 11/04/2016 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.);
4. ,,მერსედეს ბენც ML 320’’ (VIN:..., გამოშვების წელი - 2000, ფერი- რუხი, 1/8) სახელმწიფო სანომრე ნიშნით ... .
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხე ე. კ-ის ზემოხსენებულ ქონებას.
ე. კ-ემ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორის მითითებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების მიღების დროისათვის უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ...ი, ...ის ქ. №8, ბინა №12ა (საკადასტრო კოდი ...) აღარ იყო მის საკუთრებაში. შესაბამისად, განჩინების ამ ნაწილში აღსრულება, ზემოხსენებული მიზეზის გამო, შეუძლებელი იქნებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 იანვრის განჩინებით ე. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის განჩინებით ე. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრისა და 2017 წლის 4 იანვრის განჩინებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს „...ის“ და ე. კ-ის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია ცრუმაგიერ პირებად ცნობა. საგადასახადო კოდექსის როგორც ცვლილებამდე, ასევე ამჟამად მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე ცრუმაგიერი პირების დადგენა სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს (საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწ.), თუმცა კანონმდებლობაში 2019 წლის 28 ივნისს განხორციელებული ცვლილებების (ამოქმედდა 2019 წლის 4 ივლისს) შედეგად არსებითად შეიცვალა სასამართლოს მიერ მსგავსი დავების განხილვის, გადაწყვეტისა და გასაჩივრების წესი, კერძოდ, ცვლილებების განხორციელებამდე საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის განხილვის განსხვავებულ წესს.
პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად სასამართლოს მიერ აღიარების დადგენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელისთვის ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების საერთო წესის შესაბამისად ხორციელდებოდა, რაც თავის მხრივ, საერთო წესიდან გამომდინარე მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას იძლეოდა. საგადასახადო კოდექსში 2019 წლის 28 ივნისს განხორციელებული ცვლილებისა და დამატებების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილით განისაზღვრა, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდესით დადგენილი წესით. აღნიშნული დანაწესის შესაბამისად, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატა VII16 თავი „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით". ამასთან, განისაზღვრა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის განსხვავებული წესი, კერძოდ, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს ბრძანებას და არა გადაწყვეტილებას (ასკ-ის 2163 მუხ.). აღნიშნული ბრძანება კი, ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ასკ-ის 2165 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საბოლოოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2019 წლის 4 ივლისს ამოქმედებული ცვლილების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით გათვალისწინებული დავები დაექვემდებარა მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას და ამ ტიპის დავებზე საკასაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს აღარ გააჩნია კომპეტენცია შეაფასოს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით და 2165 მუხლის მე-9 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე