ბს-647-647(3კ-18) 16 იანვარი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2017 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ღ-ემ 18.12.2014წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად დასახელდნენ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარის ა/რ მთავრობა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. ა. ღ-ემ სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 14.07.2009წ. N01-22/2179 წერილის ბათილად ცნობა ...ს დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 06.08.2009წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ...ს დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში, საქართველოს მთავრობის 24.04.2012წ. N731 განკარგულების პირველი პუნქტის მეორე ქვეპუნქტის ბათილად ცნობა ...ს დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 07.05.2012წ. დადებული ხეშეკრულების ბათილად ცნობა ...ს დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 14.05.2012წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ...ს დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.07.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.10.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრში ა. ღ-ის საკუთრებაში დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული, ...ს დასახლებაში მდებარე 1 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (ს.კ....) ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 14.07.2009 წ. №01-22/2179 მიმართვა ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 53 804 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) სახელმწიფოს საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 14.07.2009 წ. №01-22/2179 მიმართვის საფუძველზე ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 06.08.2009 წ. №... გადაწყვეტილება; ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 75 360 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 24.04.2012წ. №731 განკარგულების პირველი პუნქტის მე-2 ქვეპუნქტი; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 75 360 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 07.05.2012წ. დადებული ხელშეკრულება; ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 75 360 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ....) აჭარის ა/რ საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 14.05.2012წ. №... გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2016წ. განჩინებით შეჩერდა მიმდინარე საქმის წარმოება მ. მ-ესა და ა. ღ-ეს შორის 15.05.2008წ. გაფორმებული უძრავი ქონების N1-4836 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელის გამო მიმდინარე სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.06.2017წ. განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
კასატორმა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მ. მ-ემ საკუთრება მოიპოვა 2007წ., კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების შედეგად, თუმცა მოგვიანებით - 2009წ. აღიარების კომისიამ ბათილად ცნო 2007წ. მ. მ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, რაც ადასტურებს 2008წ. მ. მ-ესა და ა. ღ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების უკანონობას. კასატორი მიიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცური და მოჩვენებითი იყო, რადგან სოციალურად დაუცველობის გამო ა. ღ-ე ვერ შეძლებდა ნასყიდობის ფასის გადახდას. დაუშვებელია მოჩვენებითი გარიგებით მოპოვებული კერძო საკუთრების უფლება გახდეს სახელმწიფოს საკუთრების უფლების ბათილად ცნობის საფუძველი. კასატორმა აღნიშნა, რომ მ. მ-ესა და ა.ღ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სასამართლში აქვს გასაჩივრებული და ამ სამოქალაქო დავის დასრულებამდე მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის განხილვის შეჩერება მოითხოვა.
კასატორმა საქართველოს მთავრობამ აღნიშნა, რომ მის მიერ სადავო დადგენილების გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება იყო გამოკვლეული. დადგენილების მომზადებისა და გამოცემის პროცედურა შეესაბამებოდა ნორმატიულად დადგენილ წესს. სადავო დადგენილების გამოცემისას ძალაში იყო მარეგისტრირებელი ორგანოს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებად ირიცხებოდა. ორგანო ენდობოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერთა ნამდვილობასა და სისრულეს.
კასატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები. სადავო აქტების გამოცემისას სამინისტროს არ ჰქონდა ობიექტური, ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მიეღო ინფორმაცია უძრავ ნივთზე ა. ღ-ის უფლების შესახებ. რეგისტრაციის დაუზუსტებლობის გამო შეუძლებელი იყო დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთისა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. სსიპ საჯარო რეესტრი წარმოადგენს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უფლებების მარეგისტრირებელ ორგანოს, შესაბამისად, სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვამდე სწორედ მას უნდა მოეხდინა საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დაუსაბუთებელია კასატორ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსაზრება ა. ღ-ის მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენის შეუძლებლობის შესახებ, რადგან ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემისას საკადასტრო-აზომვითი ნახაზი არ შედგენილა ელექტრონული ფორმით - UTM პროექციაში, არ ადასტურებს ნაკვეთის მდებარეობის დადგენის შეუძლებლობას, დაუზუსტებელი რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, იგი ექვემდებარება ისეთივე დაცვას, როგორც დაზუსტებული რეგისტრაცია (იხ. სუსგ 28.02.2013წ., Nბს-367-363(კ-12)). საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას სადავო აქტების გამოცემისას საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევის შესახებ და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე საჯარო რეესტრს უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. რეესტრის დასახელებული ვალდებულება არ ათავისუფლებს უფლებამოსილ ორგანოს სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართვის საჯარო რეესტრისათვის გაგზავნამდე საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევისაგან. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდება. სახელმწიფოს მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარდგენისას ა. ღ-ე უკვე იყო აღრიცხული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, მისი რეგისტრაცია დღემდე ძალაშია.
კასატორ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მითითება მ. მ-ესა და ა. ღ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შესახებ, არ ადასტურებს სარჩელის უსაფუძვლობას, რადგან საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ სადავო რეგისტრაციების განხორციელებისას როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე მის საფუძველზე განხორციელებული ა. ღ-ის რეგისტრაცია ძალაში იყო, რაც გამორიცხავდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების წარმოშობას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სამოქალაქო დავა არ ქმნის განსახილველი ადმინისტრაციული დავის განხილვის შეჩერების საფუძველს, რადგან უკეთუ სამოქალაქო წარმოების ფარგლებში დადასტურდება ა. ღ-ის მიერ საკუთრების უფლების არმართლზომიერად მოპოვება და მისი საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერი მარეგისტრირებელ ორგანოში გაუქმდება, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ექნება შესაძლებლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ხელახლა წარდგენის შედეგად მოიპოვოს კონკრეტულ ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამდენად, მიმდინარე დავის განხილვის დასრულება, ა. ღ-ის უფლებაწარმომშობი დოკუმენტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, არ დააბრკოლებს სახელმწიფოს მიერ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. შესაბამისად, არ არის დასაბუთებული სამოქალაქო დავის განხილვის დასრულებამდე მიმდინარე ადმინისტრაციული დავის შეჩერების საჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობა ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2017წ. განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი