ბს-1155(2კ-18) 16 იანვარი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ქ-ემ 17.11.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის მიმართ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 19.02.2015წ. N6/9153 წერილის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 15.02.2016წ. N10/7020 წერილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 18.10.2016წ. N1-1/552 ბრძანების ბათილად ცნობის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის აუქციონზე შესყიდული ქონებისა და აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული ქონების იდენტურობის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2017წ. გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 19.02.2015წ. N6/9153 წერილი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 15.02.2016წ. N10/7020 წერილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 18.10.2016წ. N1-1/552 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ი. ქ-ის მიერ აუქციონზე შესყიდული, N32/14ა საკუთრების მოწმობით გადაცემული, მარნეულის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე ქონებასთან მიმართებით აზომვითი ნახაზის იდენტურობის დადასტურებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2018წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ საპრივატიზაციო დოკუმენტაციით არ დგინდება აუქციონზე შესყიდული და საკადასტრო ნახაზზე ასახული ქონების იდენტურობა, მოსარჩელეს უნდა უზრუნველყო აღნიშნული ფაქტის დამდგენი სათანადო მტკიცებულებების წარდგენა. სასამართლოს არ დაუდგენია კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას დაადასტურებს. კასატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დამატებით აღნიშნა, რომ აუქციონზე შესყიდული წყალგაყვანილობა იყო უმოქმედო, რის გამო მისი მიჩნევა უნდა მომხდარიყო მოძრავ ნივთად, ამდენად, უმოქმედო წყალგაყვანილობაზე არსებული საკუთრების უფლება არ ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ, აუქციონის გამართვის დროს მოქმედი, კანონმდებლობა არ შეიცავდა ხაზობრივი ნაგებობის ცნებას,
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 20.06.2006წ. გამართულ აუქციონზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი „...ის“ სამხედრო მეურნეობის უმოქმედო წყალგაყვანილობის შემძენი გახდა ი. ქ-ე, რომელმაც ქონების საფასური დადგენილ ვადაში გადაიხადა, ქონების გამკარგავ ორგანოსა და ი. ქ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი და საკუთრების მოწომობა. არც ერთი მხარე სადავოდ არ ხდის აუქციონსა და მის შედეგებს, ი. ქ-ის მიერ საკუთრების მართლზომიერად მოპოვებას. აღნიშნულის მიუხედავად ი. ქ-ე ვერ ახერხებს საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვას მოპასუხეთა მიერ საკუთრების მოწმობაში მითითებული და აზომვით ნახაზზე არსებული ქონების იგივეობის დადასტურებაზე უარის თქმის გამო. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული აქტები არ შეიცავენ რაიმე სახის დასაბუთებას, სადავო აქტების მიხედვით ფაქტობრივი მდგომარეობით ვერ ხერხდება საკუთრების მოწმობასა და აზომვით ნახაზზე მითითებული ქონების იდენტურობის დადგენა. ორგანოები ვერ უთითებენ იდენტურობის დადგენის ხელშემშლელ რაიმე ობიექტურ გარემოებებზე, ასევე არ ხდება მითითება ი. ქ-ის მიერ შესყიდული წყალგაყვანილობის კონკრეტულ მდებარეობაზე, ამდენად, სადავო აქტების ძალაში დატოვების შემთხვევაში, ი. ქ-ეს მართალია ფორმალურად მოპოვებული ექნება საკუთრების უფლება, თუმცა თავად ქონება ანუ უფლების ობიექტი არ იქნება სახეზე, რაც საკუთრების უფლების შინაარსისა და მესაკუთრის კანონიერი უფლებების დაცვის საჭიროების გათვალისწინებით, დაუშვებელია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, საკუთრების უფლება ფაქტობრივად ჩამორთმეულად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახელმწიფო უარყოფს ქონების ექსპროპრიაციის ფაქტს და ქონების ფლობის სამართლებრივი უფლება ფორმალურად პირველად მესაკუთრეს რჩება, თუმცა მისით სარგებლობა შეუძლებელი ან მნიშვნელოვნად გართულებულია (,,სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ ). საკუთრების რეგისტრაციის ხელშეშლის შემთხვევაში მოსარჩელე სრულებით ვერ შეძლებს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან მიმართებით თავისი, როგორც მესაკუთრის, უფლებების განხორციელებას.
კასატორთა მოსაზრება, რომ ვერ დგინდება აუქციონზე შესყიდული ქონების მდებარეობა და მახასიათებლები, არ არის დასაბუთებული. საქმეში დაცულია 28.11.2005წ. აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად, წყალგაყვანილობა მოწყობილია თუჯის ექვსმეტრიანი გადასაბმელი მილებით, კედლის სისქე - 10 მმ, დიამეტრი - 180 მმ, დიდი ხნის უმოქმედობის გამო დაზიანებული და ექსპლუატაციიდან გამოსულია ბაბაქარის მთის ძირში მოწყობილი სარეზერვო ბასეინი, ამასთანავე სოფ. ...ისკენ 2200 მ. სიგრძეზე გაყვანილი წყალსადენი კოროზირებულია და შემდგომი ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარია. გარდა აღნიშნულისა ცნობილია, რომ წყალგაყვანილობა შედიოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი დამხმარე მეურნეობა „...ის“ შემადგენლობაში. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას საკუთრების მოწმობასა და აზომვით ნახაზზე მითითებული ქონების იდენტურობის დადასტურების შესაძლებლობის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოები არ უთითებენ და არც საქმის მასალებით დგინდება იდენტური მახასიათებლების მქონე, იმავე ტერიტორიაზე არსებული რაიმე სხვა უმოქმედო წყალგაყვანილობის არსებობაზე, რომელიც შესაძლოა მოსარჩელეს შეესყიდა. ამასთანავე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგრობა მიწასთან მყარად დაკავშირებული ნივთის შემთხვევაში გავლენას ახდენს მის საფასურზე, თუმცა არ ცვლის მის ბუნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2018წ. განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი