Facebook Twitter

ბს-848(კ-18) 16 იანვარი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა(ა)იპ-მა „…ის“ 05.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 04.02.2016წ. N01/06-16 და 04.03.2016წ. N01/18-16 წერილებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა, კერძოდ, იმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ პირთაგან (საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები) ამჟამად მოქმედი კონკრეტული პირების მიმართ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მიღებიდან დღემდე გამოცემულია თუ არა ამავე კანონით გათვალისწინებული დამცავი და შემაკავებელი ორდერი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.11.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელისათვის 04.02.2016წ. N01/06-16 და 04.03.2016წ. N01/18-16 წერილებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემებიდან გასაიდუმლოებას არ ექვემდებარება მხოლოდ ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, სხვა ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით აუცილებელია განისაზღვროს ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია პერსონალური მონაცემების გაცემა. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს მიერ არაპროპორციულად შეიზღუდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა კონსტიტუციით დაცული უფლებები. მოთხოვნილი ინფორმაცია ეხება თანამდებობის პირთა კერძო ინტერესებს და არ არის დაკავშირებული პირის სამსახურებრივ საქმიანობასთან. თანამდებობის პირს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პირს, აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და კერძო მონაცემების გამხელისაგან დაცვის უფლება. საზოგადოების უფლება ფლობდეს ინფორმაციას საჯარო პირების შესახებ არ არის აბსოლუტური და არ მოიცავს ინფორმაციის სრულ სპექტრს. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავად განსაზღვროს პირადი ცხოვრების გარე სამყაროთა ურთიერთობის ფარგლები. კასატორმა აღნიშნა, რომ „სფეროთა თეორიის“ მიხედვით პირად ცხოვრებაში გამოიყოფა ინტიმური, სოციალური და საჯარო სფერო. ინტიმური სფერო აბსოლუტურად ხელშეუვალია, სწორედ ამ სფეროში ექცევა მათი ურთიერთობები მეუღლეებთან და შვილებთან, მათ შორის კონფლიქტები. ამასთან, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემამ შესაძლოა თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებზეც იმოქმედოს, რადგან დადასტურდება მათი მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადენილი შემთხვევებისა (18.3 მუხ.). სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტებიდან ინფორმაციის მიღება ექვემდებარება კანონისმიერ მოწესრიგებას. პირად მონაცემებზე უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი. ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მონაცემთა სამართლებრივ რეჟიმზე ზემოქმედებს პირის სტატუსი, კერძოდ, საჯარო პირების მონაცემთა დაცვის რეჟიმი განსხვავდება სხვა პირების სამართლებრივი დაცვის რეჟიმისაგან. საჯარო პირების მიმართ კერძო ცხოვრების შესახებ ინფორმაციის დაცვასთან შედარებით ინფორმაციის თავისუფლებას პრიორიტეტული მდგომარეობა ენიჭება, ვინაიდან საჯარო საქმიანობაზე პრეტენზიის მქონე პირი იმთავითვე ერთგვარ მზადყოფნას აცხადებს მისი კერძო ცხოვრების სფეროში შესაძლო შეღწევაზე. თანამდებობის პირის მითითება იმაზე, რომ ინფორმაცია მის პირად სფეროს ეხება არ ადასტურებს მისი თანხმობის გარეშე ინფორმაციის გაცემის შეუძლებლობას. საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილე საჯარო პირი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მისი კერძო ცხოვრების დეტალები შესაძლოა იქცეს საზოგადოების და მასმედიის ინტერესის ობიექტად. აღნიშნული განაპირობებს პოლიტიკური თანამდებობის პირების კერძო ცხოვრების ერთგვარ ღიაობას, მათი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირთან დაკავშირებით პირადი სფეროს შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - უზრუნველყოს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის ტრანსფორენტობა, გამჭირვალობა (სუსგ 23.07.2015წ. Nბს-403-398(კ-14)). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახლველ შემთხვევაში მოთხოვნილია ინფორმაცია ისეთი მაღალი თანამდებობის პირების შესახებ, როგორებიცაა: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და სხვ.. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს, ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები, ახორციელებენ თუ არა ძალადობას ოჯახის წევრების მიმართ და არიან თუ არა ამ მიმართულებით ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ჩამდენები. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე არ ითხოვს ინფორმაციიას ძალადობის შედეგად დაზარალებულის, სამართალდარღვევის ჩადენის კონკრეტული გარემოებებისა და ვითარების შესახებ, ასევე არ არის მოთხოვნილი ინფორმაცია მიმდინარე, დაუსრულებელ სამართალდარღვევის საქმის წარმოებებთან დაკავშირებით. მოთხოვნა შეეხება მხოლოდ ამჟამად მოქმედი თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან დადასტურებულ ძალადობის ფაქტზე ინფორმაციას. ამ კუთხით გასათვალისწინებელია, რომ შემაკავებელ ან დამცავ ორდერებთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო წარმოება ყოველთვის დახურული არ არის, სასამართლო უფლებამოსილია მხარის ან საკუთარი ინიციატივით საქმე განიხილოს დახურულ სხდომაზე (სასკ-ის 2113.51, 2114.7 მუხ.).

კასატორის მოსაზრება, რომ მოთხოვილი ინფორმაციის გაცემით დაზარალდებიან ძალადობის განმახორციელებელი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები, არ არის დასაბუთებული, რადგან მოთხოვნილი არ არის ინფორმაცია მსხვერპლის ვინაობის ან თანამდებობის პირთან ნათესაური კავშირის შესახებ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრთა ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა და მხოლოდ იმ ფაქტის დადასტურება, რომ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა განხორციელდა არ იძლევა მსხვერპლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. კანონის მიხედვით ოჯახის წევრებად მიიჩნევიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (მე-4 მუხ. „ზ“ ქვ.პ.). ამდენად, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტის დადასტურება, ნათესაური კავშირის მითითების გარეშე, იმთავითვე არ გულისხმობს მსხვერპლის იდენტიფიცირებას, მის პირად სფეროში ჩარევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2018წ. განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი