Facebook Twitter

საქმე №ბ-215-2(გან-20) 26 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

მოსამართლე _ ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შევამოწმე გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის №ბს-1247(კს-19) განჩინების განმარტების თაობაზე

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საკასაციო სასამართლოში 2019 წლის 08 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე №ბს-1247(კს-19) გ. ბ-ის, ზ. ბ-ისა, რ. ბ-ის და სხვათა კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის, ზ. ბ-ისა, რ. ბ-ის და სხვათა კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, ერთიანად ჩამოყალიბებული დასაბუთებული კერძო საჩივარი, სადაც გარკვევით იქნებოდა მითითებული გასაჩივრებული განჩინებების ზუსტი რეკვიზიტები და საჩივარზე ხელმომწერ პირთა ვინაობა, ამასთანავე საჩივარზე ხელმომწერ პირთა პირადობის მოწმობების ასლები და სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

2020 წლის 21 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს კერძო საჩივრის ავტორებმა გ. ბ-ემ, ზ. ბ-ემ და რ. ბ-ემ და მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ ერთიანად ჩამოყალიბებული, დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოდგენის მიზნით ესაჭიროებათ საქმეში დაცული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრების, საჩივრებისა და განცხადებების ასლები, რის გამოც იშუამდგომლეს მათი გაგზავნის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით და დაევალათ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, ერთიანად ჩამოყალიბებული დასაბუთებული კერძო საჩივარი, სადაც გარკვევით იქნებოდა მითითებული გასაჩივრებული განჩინებების ზუსტი რეკვიზიტები და საჩივარზე ხელმომწერ პირთა ვინაობა, ამასთანავე საჩივარზე ხელმომწერ პირთა პირადობის მოწმობების ასლები და სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. კერძო საჩივრის ავტორებს განემარტათ, რომ დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოდგენის მიზნით შეეძლოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მეშვეობით ადგილზე გაცნობოდნენ საქმეს და გადაეღოთ მათთვის საჭირო მასალები.

გ. ბ-ემ 2020 წლის 20 თებერვალს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის №ბს-1247(კს-19) განჩინების განმარტება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მითითებული განჩინება ბუნდოვანი და გაუგებარია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის №ბს-1247(კს-19) განჩინების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება. კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელი ვერ ასაბუთებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის №ბს-1247(კს-19) განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას. მითითებული განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს გაუგრძელდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით და დაევალათ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, ერთიანად ჩამოყალიბებული დასაბუთებული კერძო საჩივარი, სადაც გარკვევით იქნებოდა მითითებული გასაჩივრებული განჩინებების ზუსტი რეკვიზიტები და საჩივარზე ხელმომწერ პირთა ვინაობა, ამასთანავე, საჩივარზე ხელმომწერ პირთა პირადობის მოწმობების ასლები და სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნულის თაობაზე აგრეთვე მითითებულია განჩინების სამოტივაციო ნაწილში. ამდენად, გაურკვეველია რა ნაწილშია განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გაუგებარი. განმცხადებელი არ უთითებს კონკრეტულ გარემოებებს, რაც დაადასტურებდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის №ბს-1247(კს-19) განჩინების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვიხელმძღვანელე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:

1. გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის №ბს-1247(კს-19) განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი