Facebook Twitter

საქმე №ბს-86(კ-19) 26 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. ბ-ე;

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

მესამე პირი - გ. ლ-ე;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-ემ 2016 წლის 03 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მესამე პირის - გ. ლ-ის მიმართ მოპასუხის 2015 წლის 30 ივნისის N15055699/103793 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ბ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა წარმოედგინა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები), სსსკ-ის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედნის სახით) ან ის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას.

2019 წლის 19 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა, რომელიც განცხადებაში უთითებდა, რომ ნოტარიუსმა, გ. ბ-ის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის გამო, მინდობილობა არ გასცა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გ. ბ-ის ოჯახის წევრი აპირებდა სასამართლოსთვის მიმართვას გ. ბ-ის მხარდამჭერად აღიარების მოთხოვნით და, შესაბამისად, მხარემ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის 2 თვით გაგრძელება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განჩინებით გ. ბ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის 2 თვით გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული განჩინებით მხარეს განუმარტა, რომ 2019 წლის 19 მარტის განცხადებით მხარეს არ წარმოუდგენია ცნობა ნოტარიუსის მიერ მინდობილობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ან/და შესაბამისი მტკიცებულება გ. ბ-ის ოჯახის წევრის მიერ სასამართლოსათვის გ. ბ-ის მხარდამჭერად მიმღებად ცნობის თაობაზე განცხადებით მიმართვის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა საპროცესო ვადის 2 თვით გაგრძელების შესახებ. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განჩინებით კასატორს დაევალა შემდეგი სახის მტკიცებულებების წარმოდგენა: ნოტარიუსის მიერ მინდობილობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ცნობა ან/და გ. ბ-ის ოჯახის წევრის მიერ სასამართლოსათვის გ. ბ-ის მხარდამჭერად მიმღებად ცნობის თაობაზე განცხადებით მიმართვის შესახებ შესაბამისი მტკიცებულება ან კასატორის - გ. ბ-ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, ასევე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედნის სახით).

2019 წლის 1 მაისს გ. ბ-ის ოჯახის წევრმა (შვილიშვილმა) განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა მხოლოდ გ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის 25 აპრილის ცნობა, რომლითაც გ. ბ-ეს დაესვა შემდეგი სახის დიაგნოზი: ვასკულიური ენცეფალოპათია, მნიშვნელოვნად გამოხატული კოგნიტური მოშლა. განცხადებაში მითითებული იყო, რომ სასამართლოსათვის უახლოეს პერიოდში იქნებოდა წარმოდგენილი მხარდაჭერის მისაღებად ოფიციალური განცხადებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინებით გ. ბ-ეს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით.

2019 წლის 29 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა გ. ბ-ის ოჯახის წევრმა (ა. ბ-ე) და წარმოადგინა მხარდამჭერად მიმღებად ცნობის თაობაზე 2019 წლის 21 მაისის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 07 ივნისის განჩინებით #ბს-86(კ-19) ადმინისტრაციულ საქმეზე გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე შეჩერდა საქმის წარმოება გ. ბ-ისათვის შესაბამისი მხარდაჭერის მიღებამდე.

2019 წლის 23 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელის შესაბამისად, გ. ბ-ე (პ/ნ ...) ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად, ა. ბ-ე (პ/ნ ...) დაინიშნა გ. ბ-ის მხარდამჭერად. მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. ბ-ის მხარდამჭერი პირის - ა. ბ-ის მხარდაჭერის ფარგლები განისაზღვრა შემდეგი მოცულობით: წარმოადგინოს მხარდაჭერის მიმღები პირი სასამართლოში, აიყვანოს ადვოკატი მისი ინტერესების დასაცავად, დამოუკიდებლად წარმოადგინოს მისი უფლებები და ინტერესები აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში, დაიცვას გ. ბ-ის სხვა კანონიერი უფლებები, რაც პირდაპირ არ არის მინიჭებული გადაწყვეტილებით, თუმცა გამომდინარეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შინაარსიდან. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, გ. ბ-ის მხარდაჭერის ვადა განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით, ა. ბ-ის, როგორც მხარდამჭერის უფლებამოსილების გადასინჯვა განისაზღვრა 5 წლის თავზე, 2024 წლის 02 დეკემბრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-86(კ-19) გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან განახლდა საქმის წარმოება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინების ასლი, გ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტისა და 2019 წლის 10 მაისის განჩინებების ასლები, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე გაეგზავნა გ. ბ-ის მხარდამჭერს - ა. ბ-ეს, რომელსაც მითითებული განჩინებების ასლები პირადად ჩაბარდა 2020 წლის 23 იანვარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებებზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2020 წლის 24 იანვრიდან დაიწყო და 2020 წლის 30 იანვარს (ხუთშაბათი) ამოიწურა. კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება მოუთხოვია, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 70-ე 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე