Facebook Twitter

ბს-134(2კ-19) 13 თებერვალი, 2020წ.

- ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა-ემ 11.12.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 07.03.2017წ. N551460 ბრძანებისა და 11.07.2017წ. N1654584 ბრძანების არარა აქტებად აღიარების, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.03.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. 26.04.2018წ. სასამართლოს სხდომაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საპროცესო სტატუსი შეიცვალა და იგი საქმეში ჩაება მოპასუხედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.05.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, არარა აქტად იქნა ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 07.03.2017წ. N551460 ბრძანება, არარა აქტად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 11.07.2017წ. N1654584 ბრძანება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უზრუნველყოფის სამმართველოს …ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე გ. ა-ის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მოსარჩელის გათავისუფლებიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის არა ცალკე განყენებული ერთეული, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენელი ნაწილი. „პოლიციის შესახებ“ კანონის 4.2 მუხლის თანახმად, პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით, ამდენად, სასაზღვრო პოლიცია სამინისტროს ერთიანი სისტემის ნაწილია. კასატორთა მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. #1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 4.4 მუხლის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი, ამავე წესის 34.4 მუხლის მიხედვით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი. კასატორები თვლიან, რომ „სხვა უფლებამოსილ პირში“ შინაგან საქმეთა მინისტრიც მოიაზრება, ნორმის აღნიშნული სახით ჩამოყალიბება მიზნად ისახავს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსისათვის უფლებამოსილების დელეგირებას და ამავე დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისათვის დელეგირებული უფლებამოსილების შენარჩუნებას, მინისტრი უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ საქართველოს მთავრობის 13.12.2013წ. #337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს. კასატორები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო პალატის განმარტებები ეწინააღმდეგება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრულ მოხელეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს და 25-ე მუხლს, რომელთა თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინებების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 04.07.2019წ. Nბს-537(2კ-19), 26.09.2019წ. Nბს-884(კ-19)) განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით, კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში (მე-4 მუხ.). სწორედ ხელისუფლების დანაწილება უზრუნველყოფს სახელმწიფო ფუნქციების გონივრულ დიფერენციაციასა და ინსტიტუციურ გამიჯვნას. ადმინისტრაციული ორგანოები მოქმედებენ მხოლოდ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მათთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, რაც, როგორც წესი, გულისხმობს სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებების მკვეთრად გამიჯვნასა და ინდივიდუალიზაციას. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი კანონიერების პრინციპი, საჯარო მმართველობის კანონის ფარგლებსა და მის საფუძველზე განხორციელების საჭიროებას განამტკიცებს, ადმინისტრაციული ორგანო თავის საქმიანობაში შემოფარგლულია იმ უფლებამოსილებებით, რომელიც ნორმატიულად აქვს მინიჭებული. საჯარო სფეროს უფლებამოსილების მიმართ მოქმედებს პრინციპი - რაც არ არის დაშვებული, აკრძალულია. ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის, დაინტერესებული პირის უფლებების არამართლზომიერად შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, შემზღუდავი ხასიათის მმართველობითი საქმიანობის უფლებამოსილება კანონში ან მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტში დეტალურად უნდა იყოს მოწესრიგებული.

მართებულია კასატორთა მოსაზრება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა ერთიანია, რომლის შემადგენლობაშიც შედის საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (საქართველოს მთავრობის 13.12.2013 წ. #337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ 2.3 მუხ.), თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს სამინისტროს ერთიან სისტემაში შემავალი სუბიექტების მიმართ მინისტრის უფლებამოსილებების შეუზღუდაობას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით სამინისტროს ერთიან სისტემაში შედიოდნენ: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები (2.3 მუხ.). ამდენად, ერთმანეთისაგან გამიჯნული იყო სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს გაზიარებული სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია. ამ კუთხით გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-7 მუხლი შეიცავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შორის არ სახელდება არც ერთი საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო მე-9 მუხლი განცალკევებულად ჩამოთვლის სამინისტროს სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს. ამასთანავე, დებულება ცალსახად განსაზღვრავს თითოეული სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის) ფუნქციებს, რომელთა შესრულება უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას მიეკუთვნება, განსხვავებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან, რომელიც მართალია შედის სამინისტროს მმართველობის სფეროში, თუმცა წარმოადგენს არა ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, არამედ ცალკეულ სპეციალურ სამსახურს და სამართალდამცავ ორგანოს (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.06.2006წ. #786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ 2.1 მუხ.). გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მხოლოდ მინისტრის მიერ დანიშვნის წესისაგან განსხვავებით, სასაზღვრო პოლიციის უფროსს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი (21.06.2006წ. #786 ბრძანებით დამტკიცებული „დებულების“ 6.2 მუხ.). „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-2 მუხლის თანახმად, სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე. სასაზღვრო პოლიციას აქვს გერბი და დროშა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, აგრეთვე ემბლემა, ბეჭედი, უნიფორმა და ა.შ. მისი სტრუქტურა და საქმიანობა ცალკე ნორმატიული აქტით რეგულირდება. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალურ დანიშნულებასა და განსაკუთრებულ ფუნქციებს. ამდენად, ერთმანეთისაგან გამიჯნულია სამინისტროს, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივი სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილებები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე მათი მოადგილეები. ასეთივე მოწესრიგებას შეიცავს საქართველოს მთავრობის 13.12.2013 წ. #337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ 5.2 მუხ. „ე“ ქვ.პ.. ნორმა არ უთითებს მინისტრის მიერ საქვეუწყებო სამსახურის თანამშრომელთა გათავისუფლების უფლებამოსილების შესახებ. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.06.2006წ. #786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილებებს შორის ასახელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშვნის, გადაადგილებისა და გათავისუფლების უფლებამოსილებებს. ამდენად, არსებული ნორმატიული მოწესრიგების მიხედვით, საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლება სასაზღვრო პოლიციის უფროსის და არა შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილებას შეადგენს.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ გ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლება, კადრების განკარგულებაში გადაყვანა და შემდგომში სამინისტროდან დათხოვნა განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. სზაკ-ის 60.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არარაა, უკეთუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება სადავო აქტების არარა აქტებად მიჩნევის შესახებ. ამასთანავე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მოსაზრება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის მე-20 და 25-ე მუხლებთან მიმართებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებების წინააღმდეგობის შესახებ არარელევანტურია, რადგან აღნიშნული ნორმები ეხება სამინისტროს თანამშრომელთა გათავისუფლების და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის დანიშვნის წესს, განსახილველ შემთხვევაში კი დავის საგანს შეადგენს საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლის გათავისუფლების საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი