ბს-178(კ-19) 13 თებერვალი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს „...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...ამ“ 25.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ კომისიის 07.07.2016წ. N47/44 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.08.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2016წ. გადაწყვეტილებით სს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „...ას“ მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ 30 კალენდარულ დღეში დარიცხვის განხორციელება იმავდროულად არ ნიშნავს ზუსტად 30-ე დღეს მრიცხველის ჩვენების აღებას. მრიცხველის ჩვენების აღების მომენტის მიუხედავად, სს „...ა“ ტარიფის დაანგარიშებას ახდენს 30 დღეზე. ყველა მომხმარებლის ჩვენების ინდივიდუალური გრაფიკით წაკითხვა შეუძლებელია, მთავარია, რომ თითოეული მომხმარებლის შემოწმება ხდება თვეში ერთხელ. ტარიფის საფეხურის შესარჩევად საშუალო დღიური მოხმარების განსაზღვრისა და 30 დღეზე გამრავლების მეთოდის გამოყენებას დაეთანხმა კომისია 12.02.2014წ. წერილით. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია, დაუშვებელი იყო ვადების ათვლასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება. კასატორი თვლის, რომ თუ თვეში ერთხელ შემოწმება, ზუსტად 30-ე დღეს შემოწმებას გულისხმობს, მაშინ წელიწადში რამდენიმე დღე შეუმოწმებელი რჩება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 04.12.2008 წ. #33 დადგენილებიის მე-12 მუხლის თანახმად, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით დადგენილი ტარიფები არაგამჭოლია; ყოველი მომხმარებელი ელექტროენერგიის საფასურს იხდის 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაზე იმ ტარიფით, რომელიც დაწესებულია მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის რაოდენობაზე. კომისიის 18.09.2008 წ. #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მიხედვით მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად (9.1, 9.2 მუხ.). ამდენად, ინდივიდუალური მრიცხველის არსებობა, რომელიც სრულად და ინდივიდუალურად აღრიცხავს მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას, გამორიცხავს საშუალო დღიური მოხმარების გამოანგარიშებით აბონენტზე გადასახადის დარიცხვის შესაძლებლობას და უშვებს მომხმარებელზე გადასახადის დარიცხვას მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აბონენტმა ა. გ-მა 2016 წლის 03 მაისიდან 29 კალენდარული დღის განმავლობაში მოიხმარა 99 კვტ/სთ ელექტროენერგია. სს „...ამ“ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა - 99 კვტ/სთ გაყო 29 კალენდარულ დღეზე, რითაც დაადგინა საშუალო დღიური მოხმარება - 3,41 კვტ/სთ და გაამრავლა 30 კალენდარულ დღეზე, რის შედეგადაც სს „...ამ“ მიიჩნია, რომ ა. გ-მა მოიხმარა 102,41 კვტ/სთ ელექტროენერგია და აბონენტზე დასარიცხვი თანხა დაიანგარიშა მეორე საფეხურის ტარიფით.
საკასაციო პალატა არამართლზომიერად მიიჩნევს სს „...ას“ მიერ გამოყენებულ დაანგარიშების წესს და თვლის, რომ აბონენტის მიერ 30-ე დღეს 3,41 კვტ/სთ ელექტროენერგიის უცილობლად მოხმარების ვარაუდი, საფუძველსაა მოკლებული. შესაძლოა აბონენტს მიზანმიმართულად ეთქვა უარი 30-ე დღეს ელექტროენერგიის მოხმარებაზე, რათა ელექტროენერგიის ხარჯი არ განსაზღვრულიყო გაზრდილი - მეორე საფეხურის ტარიფით. აბონენტისათვის ინდივიდუალური მრიცხველის დამონტაჟების მიზნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2019წ. Nბს-1197(კ-18) განჩინებაში მითითებულ განმარტებას, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაზე, მხოლოდ ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით, იმ ტარიფით, რომელიც დაწესებული იყო მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის რაოდენობაზე; საშუალო შეწონილის პრინციპით ელექტროენერგიის მოხმარებული რაოდენობის განსაზღვრა მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც შეუძლებელია აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის ზუსტად დადგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2018წ. განჩინება;
3.სს „...ას“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.12.2018წ. N63676001 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი