Facebook Twitter

ბს-361-361(კს-18) 13 თებერვალი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჩ-ი, ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესამე პირი - ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.17წ. განჩინება

დავის საგანი - სარჩელის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. კ-მა 22.06.15წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 23.07.2009წ. №8 გადაწყვეტილებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 16.10.2009წ. გ. ჩ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების №315 მოწმობის ბათილად ცნობა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 17.09.2015წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ ა. კ-ი ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას 15 კვ.მ. და 23,49 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღიარებულ იქნა საკუთრების უფლება 24 კვმ.მ. მიწის ნაკვეთზე. 15 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღიარების თაობაზე ა. კ-ს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განემარტა, რომ ამ ნაწილში მისი განცხადების განხილვა კვლავ მიმდინარეობდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ 24 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეც დაგვიანებით იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება, რის გამოც ა. კ-ი ვერ ივარაუდებდა, რომ 15 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში გადაწყვეტილების მიღების გახანგრძლივება საკითხის უარყოფითად გადაწყვეტას ნიშნავდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დოკუმენტაციის ადმინისტრაციული ორგანოდან მიღების დღიდან (22.05.2015წ.) ა. კ-მა გასაჩივრების 1 თვიანი ვადის დაცვით მიმართა სასამართლოს (22.06.15წ.), რაც ხანდაზმულობის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის უსაფუძვლობას ადასტურებს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 13.11.15წ. გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 23.07.2009წ. №8 საოქმო გადაწყვეტილება ქ. ახალციხეში, …ის ქუჩა №6-ის მიმდებარედ 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში და მასვე დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 16.10.2009წ. გ. ჩ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების №315 მოწმობა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ჩ-ისა და ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.17წ. განჩინებით ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (ტ.2.ს.ფ.61-63).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.17წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 13.11.15წ. გადაწყვეტილება და ა. კ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ სასკ-ის 262 მუხლის მოთხოვნაზე მითითებით აღნიშნა, რომ სასკ-ის 22-25-ე მუხლებით დადგენილი დასაშვებობის პირობების არარსებობის შემთხვევაში საქმის წარმოება წყდება ნებისმიერ სტადიაზე. განჩინება სარჩელის დაუშვებლად ცნობის შესახებ საჩივრდება კერძო საჩივრით. სარჩელის დასაშვებობის სავალდებულო წინაპირობაა მოთხოვნისადმი მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის არსებობა, სარჩელის აღძვრის უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი. ამასთან, ინტერესი უნდა იყოს კანონიერი. სასკ-ის 22-ე მუხლის თანახმად აღძრული სარჩელის შემთხვევაში დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია მოსარჩელის კანონიერი უფლების ან ინტერესისათვის ზიანის მიყენების საკითხი. ამ მიზნით მოსარჩელემ დასაბუთებულად უნდა წარმოადგინოს იურიდიული ფაქტები, რომლებიც დაადასტურებს უფლების ან ინტერესის არსებობას, აგრეთვე მათ დარღვევას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ა. კ-ი ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას 15 კვ.მ. და 23,49 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღიარებულ იქნა საკუთრების უფლება 24 კვმ.მ. მიწის ნაკვეთზე, 15 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღიარების საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც სადავოდ არ გამხდარა ა. კ-ის მიერ. გასაჩივრებული ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 23.07.2009წ. №8 გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა გ. ჩ-ის საკუთრების უფლება მის მიერ თვითნებურად დაკავებულ 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და 16.10.09წ. გაიცა საკუთრების მოწმობა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 15 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღიარების საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ა. კ-ის მიერ არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში და წესით, ამასთან, ა. კ-მა ვერ წარუდგინა სასამართლოს მისი კანონიერი ინტერესის არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, სარჩელი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და საქმეზე შეწყდა წარმოება აღნიშნული საფუძვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.17წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარადგინა ა. კ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მომხდარა მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინება და საქმეში არსებული მასალების სრულყოფილად შესწავლა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებების შეუსწავლელად და ვადების დარღვევით. კომისიამ არ გამოიკვლია აკმაყოფილებლდა თუ არა ა. კ-ის მოთხოვნა კანონით დადგენილ პირობებს. ა. კ-მა კომისიას მიმართა 22.08.2008წ., რომელზეც დადებითი პასუხი ნაწილობრივ იქნა გაცემული 08.02.2010წ., კანონით დადგენილი ვადების დარღვევით. არასწორია მსჯელობა ა. კ-ის სარჩელის ხანდაზმულებაზე, ვინაიდან ა. კ-მა გასაჩივრებული აქტის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან და შესაბამისი მასალის გამოთხოვიდან კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა სარჩელი, კერძოდ, ა. კ-ისთვის გასაჩივრებული აქტის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გ. ჩ-მა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. აღნიშნული ქმედება გ. ჩ-ის მიერ განხორციელდა საკუთრების უფლების მოპოვებიდან 6 წლის შემდეგ. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ა. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრულია სასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე, შეცილებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები ხსენებული ნორმის თანახმად არის: პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანისა და მოსარჩელის კანონიერი უფლების ან ინტერესის არსებობის დადასტურება, აგრეთვე გასაჩივრებული აქტის კანონით დადგენილ ვადაში შეტანა (სასკ-ის 22-ე მუხ. მე-2 და მე-3 ნაწ.). სასკ-ის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელი ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. კ-მა 22.08.2008წ. განცხადებით მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 კვ.მ. და 23.49 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით (ტ.1.ს.ფ.98). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღიარებულ იქნა საკუთრების უფლება 24 კვმ.მ. მიწის ნაკვეთზე, 08.02.2010წ. გაიცა №350 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა 23.49 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების თაობაზე (ტ.1.ს.ფ.133). საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (ტ. 2, ს.ფ. 133) ა. კ-ის სახელზე აღრიცხულია 24 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საქმის მასალებით არ დგინდება 15 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის შესახებ“ განსაზღვრულია, რომ კომისიის მიერ განცხადების განხილვის ვადაში საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების არ მიღება ჩაითვლება მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (16.2 მუხ.). ანალოგიურ ჩანაწერს შეიცავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-51 მუხ. მე-8 ქვეპ.). ა. კ-ის 22.08.2008წ. განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება დაუკმაყოფილებელ ნაწილში არ გასაჩივრებულა ა. კ-ის მიერ. ა. კ-ს არ წარუდგენია სასკ-ის 22-ე მუხლით დადგენილი წესით უარის თქმის ნაწილში საკუთრების უფლების აღიარების კომისის გადაწყვეტილების გასაჩივრების დამადასტურებელი მტკიცებულება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 17.09.2015წ. განჩინების მითითება, რომ ა. კ-ს 15 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განემარტა საკითხის განხილვის გაგრძელების შესახებ საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლო არ უთითებს კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდება ამგვარი განმარტების არსებობა. გაუგებარია რას ეყრდნობა სასამართლოს ხსენებული მითითება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის ვადის გაგრძელების შემთხვევაშიც დარღვეულია აქტის გასაჩივრების ვადა, ვინაიდან „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-4 ქვეპუნქტის თანახმად კომისია განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან ორი თვის ვადაში. თუ საკუთრების უფლებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ორ თვეზე მეტი ვადა, კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არა უმეტეს ექვსი თვით. ამდენად, ა. კ-ის მიერ 22.08.2008წ. შეტანილი განცხადების განხილვის მაქსიმალური ვადა იწურებოდა 22.04.2009წ. (განცხადების შეტანიდან რვა თვეში), ამდენად, სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის გათვალისწინებით, სასამართლოსთვის ა. კ-ს უნდა მიემართა არაუგვიანეს 23.05.2009წ.. საქმის მასალების მიხედვით ა. კ-ის მიერ სარჩელი აღძრულია 22.06.2015წ., რაც ადასტურებს რომ ა. კ-ის მიერ გაცდენილია კანონმდებლობით დადგენილი სარჩელით მიმართვის ვადა. ის გარემოება, რომ ა. კ-ის განცხადებაზე 24 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში საკუთრების აღიარება მოხდა კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით, კერძოდ, საკუთრების უფლების №350 მოწმობა 08.02.10წ. გამოიცა, არ ადასტურებს დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში განუსაზღვრელი ვადით მოსარჩელის გონივრული მოლოდინის არსებობას. განცხადების შეტანიდან (22.08.08წ.) სარჩელის აღძვრამდე თითქმის 7 წლიანი პერიოდის გავლა ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა. კ-ის 22.08.08წ. განცხადებით 15 კვ.მ. ნაკვეთის აღიარების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განვლილი ვადა ადასტურებს, რომ არ არსებობს განცხადებასთან დაკავშირებით აქტის გამოცემის, მოთხოვნის დაკმაყოფილების გონივრული მოლოდინი. განცხადებიდან სარჩელის აღძვრამდე განვლილი პერიოდი ცხადად ადასტურებს, რომ ამ ხნის განმავლობაში განცხადებაზე გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს ვირტუალური უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დასაშვებობის წინაპირობის არარსებობის თაობაზე.

საქმეზე არ დასტურდება აგრეთვე დავის საგნისადმი ა. კ-ის კანონიერი ინტერესის არსებობა. ვადის დაცულობის გარდა, შეცილებითი სარჩელის დასაშვებობის აუცილებელი პირობათაგანია დავის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, რისთვისაც არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის კანონიერ ინტერესს (იხ. სუსგ ბს-848-840(კ-16) 30.11.2017წ.). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა მისი კანონიერი ინტერესის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სარჩელის შეტანის და წარდგენილი სარჩელის საფუძველზე აქტის ბათილად ცნობის და შესაბამისად, აქტის გამოცემის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ იმ პირს, რომლის სუბიექტურ უფლებას ან კანონიერ ინტერესს აქტი, ან/და მისი გამოუცემლობა, აყენებს უშუალო და ინდივიდუალურ ზიანს. ხელყოფა უნდა შეეხებოდეს მოსარჩელის იმ უფლებას ან ინტერესს, რომელიც დაცულია მატერიალური კანონმდებლობით და აქტის ბათილად ცნობის ან აქტის გამოცემის შემთხვევაში იძლევა პირის უფლებებში აღდგენის ან მისი რაიმე ტიპის უფლებით აღჭურვის შესაძლებლობას. გამოირიცხება თეორიული ინტერესის გამო სარჩელის დაშვების შესაძლებლობა (იხ. სუსგ ბს-764-764 (2კს-18) 27.12.2019წ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. კ-ის ინტერესს არ გააჩნია კანონიერი ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობით ვერ შეიცვლება მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა. აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელე ვერ აღიჭურვება რაიმე უფლებით, ვინაიდან ა. კ-ის 22.08.2008წ. განცხადება 15 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა, საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლების არსებობა დადგინდა მხოლოდ 24 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა არ წარმოშობს მოსარჩელისათვის რაიმე სახის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება.

სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დაგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე (სასკ-ის 262.2). ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არარსებობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 22-ე, 262 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ა. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.2017წ. განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი