Facebook Twitter

ბს-431-431 (კ-18) 7 თებერვალი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს "...-მა" 24.12.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ შპს "...-ის" შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 03.12.2015წ. N1277 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.2015წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შპს "...-ის" შუამდგომლობა და შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 03.12.2015წ. N1277 განკარგულების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.05.2016წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.2016წ. გადაწყვეტილებით შპს "...-ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს "...-ის" მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2018წ. გადაწყვეტილებით შპს "...-ის" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.2016წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს "...-ის" სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს "...-ის" შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 03.12.2015წ. N1277 განკარგულება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს "...-ს" სასარჩელო წარმოების წესით სადავოდ ჰქონდა გამხდარი ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების საკითხი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა კანონიერებისა და მიზანშეწონილობის მოსაზრებით და გადაწყვეტილება მიეღო იმგვარად, რომ არ შელახულიყო პირის კანონით დაცული უფლებები. კასატორი მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 07.04.2011წ. N9 ბრძანებით დამტკიცებულ "გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" 24.6 მუხლზე, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ წერილობით შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტი/მიმწოდებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ორგანოში გაასაჩივრებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც წარმოიშვა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებები და რასაც უშუალოდ უნდა დაეყრდნოს სააგენტო წერილობითი შეტყობინების განხილვის შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული მხარის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი დავის საბოლოო გადაწყვეტის ვადით. მოცემულ შემთხვევაში მიმწოდებელს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ წარმოუდგენია სასამართლოს განჩინება, რომლითაც შეჩერდებოდა წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. შესაბამისად, სააგენტოსათვის უცნობი იყო სამოქალაქო წესით სასამართლო დავის არსებობის შესახებ.

მიმწოდებელი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი თუ რომელი პროექტით უნდა ეხელმძღვანელა. კასატორი აღნიშნავს, რომ 26.08.2015წ. N2100 წერილით მიმწოდებელს განემარტა თუ რომელი პროექტით უნდა ეხელმძღვანელა. ამასთან, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის სისტემაში განუთავსებლობა არ წარმოადგენდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებას. ამდენად, არ არსებობდა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი, რადგან მიმწოდებელს შესრულებული ჰქონდა მხოლოდ 33443.97 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 26%-ს შეადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით მიხედვით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს "...-ს" შორის 16.06.2015წ. გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N196 ხელშეკრულება. შპს "...-მა" პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების შესახებ 09.07.2015წ. წერილით აცნობა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და შესაბამისი თანხის ანაზღაურება მოითხოვა. დასტურდება, რომ ამის შემდგომ შპს "...-მა" არაერთი წერილით მიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, სადაც ითხოვდა პროექტის შეცვლას, რადგან სამუშაოების გაგრძელება არსებული პროექტის ფარგლებში შეუძლებელი იყო. საქმეში დაცულია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 26.08.2015წ. წერილი, რომლითაც შპს "...-ის" დირექტორს გაეგზავნა კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ეთხოვა აღნიშნული პროექტით ხელმძღვანელობა. შპს "...-მა" 31.08.2015წ. კორექტირებული პროექტის წარუდგენლობის საფუძვლით შეწყვიტა ხელშეკრულება, რაც მისი შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი გახდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შპს "...-ის" შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი გახდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. საქმის მასალებში დაცულია მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 13.12.2016წ. გადაწყვეტილება, რომლითაც შპს "...-ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, იგი გათავისუფლდა 16.06.2015წ ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ გადახდის ვალდებულებისაგან. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს "...-ის" მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვადაგადაცილებას, ვალდებულების შეუსრულებლობას, ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორის უმოქმედობამ განაპირობა. დადგენილია ასევე, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 26.08.2015წ. წერილი შპს "...-ს" არ ჩაბარებია, რაც მას ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას ანიჭებდა. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს "...-ის" შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა, ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ვალდებულების შეუსრულებლობაში შპს "...-ის" ბრალეულობა არ დადასტურდა, ამდენად, არ არსებობს სადავო აქტის ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2018წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი