Facebook Twitter

ბს-730-730 (კ-18) 7 თებერვალი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. პ-ემ 26.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 14.07.2016წ. N14-16 ბრძანებით შექმნილი კომისიის 27.07.2016წ. N2 სხდომის ოქმის (ნ. პ-ის ნაწილში) ბათილად ცნობისა და ნ. პ-ის კონკურსში წარდგენილი განაცხადის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 14.07.2016წ. N14-16 ბრძანებით შექმნილი კომისიის 27.07.2016წ. N2 სხდომის ოქმი ნ. პ-ის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 14.07.2016წ. N14-16 ბრძანებით დამტკიცდა სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და განისაზღვრა კომისიის საქმიანობის წესი. აღნიშნული ბრძანების 3.4 პუნქტის მიხედვით საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამოუკიდებლად აფასებს თითოეულ კანდიდატს. გამარჯვებულის გამოსავლენად კომისია გადაწყვეტილებას იღებს კონკურსანტის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული ქულობრივი შეფასების საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიის წევრები ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამოუკიდებლად აფასებენ აპლიკანტებს და თითოეული წევრი ვალდებული არ არის შეაფასოს თითოეული კანდიდატი. აღნიშნული ნორმა არ ადგენს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესიდან გამონაკლისს და არც იმას მიუთითებს, რომ იგი ვრცელდება კონკურსის მეორე ეტაპზე კომისიის მიერ კონკურსანტთა შეფასებისას. ზემოაღნიშნული ბრძანების 3.2 პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აღნიშნული დანაწესი ვრცელდება კონკურსანტთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეფასებაზეც. კანდიდატის შეფასება უნდა მოახდინოს კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა კონკურსის როგორც მეორე, ისე მესამე ეტაპზე. ნ. პ-ე კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასდა კომისიის ოთხი წევრის მიერ, შესაბამისად კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება აღნიშნული შეფასებების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლო ერთი მხრივ, აწესებს საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას სხდომაზე, კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის დასწრებით, ხოლო მეორე მხრივ, ადგენს ვალდებულებას კომისიის თითოეულმა წევრმა ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამოუკიდებლად შეაფასოს თითოეული კონკურსანტი, რაც წინააღმდეგობაში მოდის სასტიპენდიო პროგრამასთან და მის პრინციპთან. გაუგებარია რა საფუძვლით მიიჩნევს სასამართლო, რომ გასაუბრების ეტაპზე შეუძლებელია კონკუსანტთა შეფასება ელექტრონული სისტემის გამოყენებით, რადგან კომისიის სხდომაზე გასაუბრების ჩატარება არ აბრკოლებს კომისიის წევრებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით გასაუბრების პარალელურად შეაფასონ კონკურსანტები. კასატორი აღნიშნავს, რომ კონკურსის ორივე ეტაპზე ვრცელდება კომისიის მუშაობის მარეგულირებელი ნორმები. კომისიის საქმიანობის განმსაზღვრელ არცერთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დათქმა ან რაიმე ჩანაწერი, რომელიც კომისიის საქმიანობის წესს მხოლოდ კომისიის სხდომებზე გაავრცელდებდა.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა შეეფასებინა მოახდენდა თუ არა კომისიის მეხუთე წევრის მიერ კონკურსანტის მეორე ეტაპზე შეფასება საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას. იმ შემთხვევაში თუ კომისიის მეხუთე წევრის მეირ ნ. პ-ე კონკურსის მეორე ეტაპზე დადგენილ კრიტერიუმებთან მიმართებით მაქსიმალური ქულით შეფასდებოდა, მისი საკონკურსო ქულა იქნებოდა 78.4, რაც მცირედით აღემატება ნ. პ-ის მიერ მიღებულ ქულას (75.9) და არასაკმარისი იქნებოდა გრანტის მოსაპოვებლად, ვინაიდან დაფინანსების მოსაპოვებლად მინიმალურ ზღვრულ ქულად განსაზღვრული იყო 85 ქულა. ამდენად, თითოეული კონკურსანტი, რომელიც მონაწილეობას იღებდა სასტიპენდიო კონკურსში, შეფასდა კომისიის წევრების გადაწყვეტილებაუნარიანი უმრავლესობის მიერ. მოსარჩელე შეფასდა დანარჩენ კონკურსანტებთან თანასწორ ვითარებაში და მხოლოდ ის ფაქტი, რომ საკონკურსო კომისიის მეხუთე წევრის მიერ არ მოხდა მისი შეფასება, არ წარმოადეგნს საწინააღმდეგოს მტკიცების საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით მიხედვით ნ. პ-ე მონაწილეობას იღებდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 31.05.2016წ. N11-16 ბრძანებით დამტკიცებულ სასტიპენდიო პროგრამაში „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017“. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 14.07.2016წ. N14-16 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და განისაზღვრა კომისიის საქმიანობის წესი. ზემოაღნიშნული ბრძანების თანახმად საკონკურსო კომისია 5 წევრისგან შედგებოდა. ბრძანების 3.2 პუნქტი ადგენდა საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას სხდომაზე, კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის დასწრებით, ხოლო 3.4. პუნქტი საკონკურსო კომისიის თითოეულ წევრს ავალდებულებდა ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამოუკიდებლად შეეფასებინა თითოეული კონკურსანტი. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობდა, პირველ ეტაპი ითვალისწინებდა განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის ფორმალურ შემოწმებას, მეორე ეტაპზე დოკუმენტაციის ხარისხობრივი (შინაარსობრივი) შემოწმება ხდებოდა, ხოლო მესამე ეტაპი კონკურსანტთან გასაუბრებას ითვალისწინებდა. დადგენილია, რომ ნ. პ-ის შეფასებაში კომისიის 4 წევრი მონაწილეობდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ბუნდოვანია და დადგენას საჭიროებს “სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 14.07.2016წ. N14-16 ბრძანებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის რომელი წესი უნდა გავრცელდეს კონკურსანტების შეფასებისას კონკურსის თითოეულ ეტაპზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომისიის თითოეული წევრის მიერ კონკურსანტების შეფასება ხდებოდა ინდივიდუალურად ქულობრივი შკალის გათვალისწინებით, შესაბამისად კონკურსის შედეგები დამოკიდებული იყო კონკურსანტის მიერ მოპოვებული ქულების ოდენობაზე და არა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმათა რაოდენობაზე, ასევე კონკურსის მეორე ეტაპზე კომისიის სხდომის მოწვევის სავალდებულოობა არ იყო დადგენილი და კონკურსანტების დისტანციურად შეფასების შესაძლებლობა არსებობდა, არსებითი მნიშვნელობისაა კომისიის ყველა წევრის მიერ შეფასების პროცესის განხორციელებაში მონაწილეობა, რამეთუ კომისიის თუნდაც ერთი წევრის გამორიცხვა მნიშვნელოვნად ცვლის კონკურსის საბოლოო შედეგებს. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის მეხუთე წევრის მიერ ნ. პ-ისათვის ყველა კომპონენტში მაქსიმალური ქულის მინიჭების შემთხვევაში, იგი გრანტის მისაღებად საკმარის ქულათა ოდენობას ვერ დააგროვებდა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობისაა ის გარემოება, რომ საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია დადგენილი წესის დარღვევით, რაც მოსარჩელის ნაწილში შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველია, ამავდროულად იმ გარემოების გათვალისწინებით რომ ნ. პ-ეს მინიჭებული ჰქონდა გამარჯვებული რეზერვის სტატუსი, წესის დარღვევის გარეშე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანია რეზერვში მისი რიგითობის განსაზღვრის კუთხითაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი