Facebook Twitter

საქმე Nბს-1270(კ-19) 26 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ლ. კ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. კ-მა 2018 წლის 14 მაისს სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სააგენტოს სიღნაღის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და მოსარჩელის სახელზე 10 წლიანი მოქმედების ვადით ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა მოითხოვა. ამასთანავე, მოსარჩელემ იშუამდგომლა დროებითი განჩინების მიღებით მის სახელზე დროებითი არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით ლ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მიღებულ იქნა დროებითი განჩნება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა დავის დასრულებამდე ლ. კ-ის მიმართ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა, რაც მოპასუხეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სააგენტოს სიღნაღის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, რაც ლ. კ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსისი 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად მიღებულ იქნა წარმოებაში.

2020 წლის 04 თებერვალს ლ. კ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად სარჩელის გამოხმობის თაობაზე იშუამდგომლა.

მოპასუხეები საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 21 თებერვალს წარმოდგენილი განცხადებით დაეთანხმნენ ლ. კ-ის შუამდგომლობას სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა ლ. კ-ის შუამდგომლობის განხილვის შედეგად თვლის, რომ შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი განუხილველად დარჩეს, შემდეგ გარემოებთა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დგინდება, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სარჩელის გამოხმობისათვის აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია ლ. კ-ის შუამდგომლობა, რომელსაც მოპასუხეები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2020 წლის 21 თებერვალს წარმოდგენილი განცხადებით დაეთანხმნენ. ამდენად, არ არსებობს კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად და ლ. კ-ს სრულად დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. კ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;

3. ლ. კ-ის სარჩელი მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სიღნაღის სამოქალაქო რეესტრის მიმართ, ქმედების განხორციელების - მოსარჩელის სახელზე 10 წლიანი მოქმედების ვადით ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის დავალების თაობაზე, დარჩეს განუხილველი;

4. კასატორს - ლ. კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 11.12.2019წ. №8797278360 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე