საქმე ბს-1303(კ-19) 17 თებერვალი, 2020 წელი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. კ-ის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი.
სასამართლომ გამოარკვია:
ვ. კ-მა 2017 წლის 07 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მიოთხოვა მოპასუხის 2017 წლის 10 ივლისის N04-488/ო ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ აღდგენის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება და მოპასუხისათვის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში სოციალური დახმარების სახით გასაცემი ფულადი თანხის სრულად ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის N04-488/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული.
2020 წლის 13 თებერვალს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აცნობა, რომ ვ. კ-ის გარდაცვალების გამო, მისი სტატუსი სამოქალაქო რეესტრის მართვის სისტემაში არის გაუქმებული. ამასთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმოადგინა ვ. კ-ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2019 წლის 18 ოქტომბრის N... გარდაცვალების აქტის ჩანაწერით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე - ვ. კ-ი გარდაიცვალა 2019 წლის 18 ოქტომბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა. საკასაციო სასამართლო, არსებული სასარჩელო მოთხოვნიდან და დავის საგნიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაში უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ. კ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება და უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 284-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. კ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება ვ. კ-ის გარდაცვალების გამო;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე