საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1349(კ-19) 5 თებერვალი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ. დ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - შპს „...ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:თ. დ-მა 2018 წლის 12 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა 2018 წლის 19 ოქტომბრის №SP180608041/497370 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით თ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №SP180608041/497370 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ თ. დ-ის მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №SP180608041/497370 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემისას სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიცვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 74-ე მუხლების მოთხოვნები. გამარტივებული წარმოების ფარგლებში რესპონდენტს - თ. დ-ს გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა აპლიკანტის - შპს „...ის“ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ, რესპონდენტის რეგისტრირებულ მისამართზე. რესპონდენტისთვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაიბარა მისმა ოჯახის წევრმა (დამ), ადრესატის მისამართზე არყოფნის გამო, შესაბამისად, არ დარღვეულა შეტყობინების ჩაბარების კანონმდებლობით დადგენილი წესი.
კასატორმა საკასაციო საჩივარში ასევე მიუთითა, რომ ჩაბარების მომენტიდან უწყების მიმღებ პირს - თ. დ-ის დას წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება ადრესატისათვის შეტყობინების გადაცემის თაობაზე, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და სასარჩელო განცხადების საფუძველზე უწყების ჩამბარებელი პირი არ მიიჩნია რესპონდენტთან მუდმივად მცხოვრებ პირად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, ირკვევა, რომ შპს „...ის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული გამარტივებული წარმოებისას, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება არაერთხელ გაუგზავნა თ. დ-ს (მისამართზე - ქ. თბილისი, ..., მე-3ა მ/რ, კორპუსი ..., ბინა 1ა), რომლითაც აცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ და სათანადო რეაგირებისათვის 10 კალენდარული დღე განუსაზღვრა. აღნიშნული შეტყობინება 2018 წლის 4 ოქტომბერს ჩაიბარა თ. დ-ის დამ - შ. დ-მა.
2018 წლის 19 ოქტომბერს მოპასუხე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოსცა ბრძანება №SP180608041/497370 დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც თ. დ-ს დაეკისრა 2883.95 ლარის გადახდა შპს „...ის“ სასარგებლოდ.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შეტყობინების „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი წესით ოჯახის წევრისათვის უწყების ჩაბარებისას მნიშვნელოვანია უწყების ადრესატისა და კორესპონდენციის ჩამბარებელი ოჯახის წევრის თანაცხოვრების ფაქტი. პირის რეგისტრირებულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნა და ამ მისამართზე მცხოვრები ოჯახის წევრისათვის ჩაბარება უპირობოდ არ მიიჩნევა შეტყობინების კანონით განსაზღვრული წესით ჩაბარებად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია შეტყობინებაში აუცილებლად მისათითებელი პირობები. აღნიშნული ნორმა ადგენს იმ უფლება-მოვალეობებს, რომელთა შესრულებაც ეკისრება რესპონდენტს (ვალდებულ პირს), რათა დავალიანების სადავოობის პირობებში თავიდან აიცილოს ამ წესით ბრძანების გამოცემა და მიიღოს შესაბამისი ზომები სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიმართვის გზით. მოცემულ საქმეში, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თ. დ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი არ არის რეგისტრირებული მისამართის იდენტური და მოსარჩელისათვის რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაჰბარდა თ. დ-ის დას, აღნიშნული პირი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოსარჩელესთან მუდმივად მცხოვრებ პირად, რომლისთვისაც გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარება მიიჩნევა აღნიშნული შეტყობინების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებულად, შესაბამისად, სახეზეა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №SP180608041/497370 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დამატებით მიუთითებს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 19 ოქტომბრის №SP180608041/497370 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემისას არ გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება რესპონდენტის მისამართის/სხვა საკონტაქტო მონაცემების დასაზუსტებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამო სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს 23.10.2019წ. №17648 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე