საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1357(კ-19) 5 თებერვალი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ა-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სახელფასო დავალების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:ა. ა-მა 2019 წლის 19 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების - 523,05 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაეკისრა ა. ა-ის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების გადახდა - 523,05 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არის უსაფუძვლო და ხანდაზმული, რადგან ა. ა-მა 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლით გათვალისწინებული 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართა 2019 წლის 19 აპრილს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ. ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ ითვალისწინებს 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას, შესაბამისად, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლის 15 აპრილს გაცემული N955900 ცნობა მხოლოდ სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტს ადასტურებს და არ შეიცავს ვალის აღიარებას. ამდენად, არ წარმოშობილა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 15 აპრილის №955900 წერილით დადგენილია, რომ ა. ა-ის მიმართ 1998-2003 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების გადახდის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება მოსარჩელე მხარის მიმართ სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ გადახდის შესახებ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების დამატებით გამოყოფის შემთხვევაში.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 15 აპრილის №955900 წერილით მოპასუხის მიერ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების თაობაზე, რაც იმავე კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს ქმნის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტისა და ვალის აღიარება, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო ვალის აღიარება იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განჩინება საქმეზე Nბს-1455(კ-18), ასევე 2014 წლის 13 მარტის განჩინება საქმეზე Nბს-537-518(კ-13)). განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ცნობის (15.04.2019წ.) მესამე აბზაცში სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს საჭირო საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის შემთხვევაში დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვის შესახებ, რაც მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას ნიშნავს და გამორიცხავს სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიზნობრივი დაფინანსების არარსებობა არ გამორიცხავს სამინისტროს მხრიდან დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერების შესახებ.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლის დანაწესისგან განსხვავებით, ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ ითვალისწინებს 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიმართვა და სარჩელის აღძვრა განხორციელდა დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მითითებული კანონის ამოქმედებამდე საკითხის რეგულირებას ახდენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი, რომელიც 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სპეციალურ წესს ითვალისწინებდა და კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად (1341 მუხლი). ა. ა-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. ამდენად, 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მოქმედების პირობებში ა. ა-ის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, არ მიიჩნეოდა ხანდაზმულად. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 1 ივლისს. ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ შეიცავს 1341 მუხლის მსგავს უფლების წარმომშობ ნორმას, რაც ადასტურებს მხარეთა შორის 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის საერთო წესის გავრცელებას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მიმართვა და სარჩელის წარდგენა ა. ა-მა განახორციელა დღეისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან სამწლიან ვადაში, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე