Facebook Twitter
საქმე №ბს-1367(კს-19) 5 თებერვალი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – მ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

2016 წლის 16 დეკემბერს მ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1 ივნისის №15508 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მ. გ-ას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის ქვითარი, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე და განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. სასამართლოს მითითებით, მ. გ-ა ვალდებული იყო ხარვეზის შევსების მტკიცებულება სასამართლოში წარმოედგინა 2019 წლის 13 ივნისის ჩათვლით, რაც აპელანტის მხრიდან არ შესრულებულა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადის აღდგენა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მხარეს განემარტა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი გადაწყვეტილების დადგომის შესახებ, თუმცა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ არის უსაფუძვლო, ვინაიდან ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარემ აღმოფხვრა ხარვეზი, კერძოდ, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რასაც ადასტურებს საჩივარზე დართული სალაროს შემოსავლის ორდერი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფაქტი ადასტურებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული განჩინების უსაფუძვლობას. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით იგი რეალურად კარგავს სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას, რომლის მიზეზიც არის არა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, არამედ დროულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარუდგენლობა - ფაქტის დაფიქსირება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორს - მ. გ-ას მიეცა 10-დღიანი ვადა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ამასთან, სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება, რომლითაც მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინების ასლი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე და 74-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, გაეგზავნა მ. გ-ას მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და 2019 წლის 3 ივნისს ჩაჰბარდა მ. გ-ას ოჯახის წევრს (შვილს) - გ. ზ-ეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ასევე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინების ასლი მ. გ-ას ოჯახის წევრს - შვილს გ. ზ-ეს ჩაჰბარდა 2019 წლის 3 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2019 წლის 4 ივნისიდან დაიწყო და 2019 წლის 13 ივნისის (ხუთშაბათი) 24:00 საათზე ამოიწურა. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზი ამ ვადაში არ გამოუსწორებია. მ. გ-ას სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით და არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზის არსებობას და აღნიშნული საპატიო მიზეზის გამო ხარვეზის შევსების შეუძლებლობას. მან მხოლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ კერძო საჩივარს დაურთო სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 150 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი და მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების ვადის დასრულებამდე მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ იმის გამო, რომ გადახდის ქვითარი არ იქნა წარდგენილი უშუალოდ სასამართლოსთვის, მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რითაც შეილახა სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით პირს ეკარგება სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საჩივრის წარმოებაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაწესება, ბაჟის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ხარვეზის დადგენა, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და აღნიშნული არ ხელყოფს სასამართლო ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებას. საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საპროცესო ნორმებით, რა დროსაც საჩივრის ხარვეზიანობის შემთხვევაში, მხარისაგან შესაბამისი მტკიცებულების წარდგენით მოითხოვს ხარვეზის შევსების დადასტურებას. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფაქტი, იმ პირობებში, როდესაც ის ხარვეზის დამდგენი სასამართლოსათვის ცნობილი არ არის, ავტომატურად ვერ წარმოშობს ხარვეზის შევსების წინაპირობას.

საკასაციო პალატის განმარტებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზი გამოსწორებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სრულად შეასრულებს სასამართლოს მითითებას. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მ. გ-ას ნათლად და იმპერატიულად განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედნის სახით) უნდა წარედგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ასევე მოიცავდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მისამართსაც (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ანუ განსაზღვრავდა ადგილმდებარეობას ხარვეზის შევსების მიზნით გადასახდელი ქვითრის წარსადგენად. შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სასამართლოში მისი წარდგენის გარეშე, ვერ მიიჩნევა საკმარის მოქმედებად დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამდენად, დადასტურებულია, რომ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო პალატას გააჩნდა მ. გ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და მიიღო დასაბუთებული განჩინება, შესაბამისად, მ. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განჩინება მ. გ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ვინაიდან მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა, მას სრულად უნდა დაუბრუნდეს 13.06.2019წ. №20621097 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300183150.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-59, 63-ე, 64-ე, 74-ე, 368-ე, 374-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება;

3. მ. გ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 13.06.2019წ. №20621097 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300183150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე