ბს-1368 (კ-18) 7 თებერვალი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. გ-ემ 01.08.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მოპასუხისათვის ვ. გ-ის სასარგებლოდ 2013-2016 წლების გამოუყენებელი შვებულების (ჯამში 77 დღე) ნატურით, 4147.22 ლარის ოდენობით, ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2017წ. გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.2018წ. გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წელს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 1616.04 ლარის ოდენობით, ვ. გ-ის სარჩელი 2013-2015 წლებში გამოუყენებელი შვებულების 47 კალენდარული დღის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 41.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეთათვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. შვებულებით სარგებლობა წარმოადგენს მოხელის უფლებას და მისი გამოყენება დამოკიდებულია ამ უფლების რეალიზაციაზე. საქმეში არ არსებობს ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს შვებულების მოთხოვნით, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი უთხრა მას შვებულებით სარგებლობაზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს გამოუყენებელი შვებულებისათვის კომპენსაციის გაცემას. ამასთანავე, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მითითებული ვ. გ-ის 2016 წლის ნოემბრის თვის ხელზე ასაღები თანხის ოდენობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელფასო უწყისის თანახმად, ვ. გ-ის 2016 წლის ნოემბრის თვის დარიცხული ხელფასის ოდენობა შეადგენდა 2021.3 ლარს, ხოლო ხელზე ასაღებ თანხას წარმოადგენდა არა 1616.04 ლარი, არამედ 1612.04 ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით საქართველოს თავდაცვის მინისტრის 29.11.2016წ. N MOD 2 16 00004331 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს …ი ვ. გ-ე 2016 წლის 28 ნოემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ვ. გ-ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობისას 2013 წლის ანაზღაურებადი შვებულებიდან ისარგებლა 19 კალენდარული დღით, 2014 წლის ანაზღაურებადი შვებულებიდან ისარგებლა 12 კალენდარული დღით, ხოლო 2015 წლის ანაზღაურებადი შვებულებიდან ისარგებლა 12 კალენდარული დღით. ვ. გ-ეს არ გამოუყენებია 2016 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, სამსახურიდან გათავისუფლების დროს დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია. დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულს არ უნდა წაერთვას იმ შვებულების უფლება, რომელსაც სავარაუდოდ იგი გამოიყენებდა. საქმის მასალებით არ დასტურდება ვ. გ-ის მიერ 2013-2015 წლებში გამოუყენებლი შვებულების გაცემაზე მიმართვა და ადმინისტრაციული ორგანოს უარი შვებულებაში გაშვებაზე.
საკასაციო სასამართლო „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 04.06.1936წ. კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 22.02.1995წ. დადგენილებით) მე-6 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით არ შეიძლება დასაქმებულს წაერთვას შვებულებიის უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. გ-ე 2016 წლის 28 ნოემბრიდან სამსახურიდან გათავისუფლდა სტრუქტურული რეორგანიზაციის და შტატებით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ვ. გ-ემ ვერ ისარგებლა 2016წ. კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულებით, დამსაქმებლის ბრძანებით, ე.ი. დამსაქმებლის ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლების გამო, რომლითაც იგი სავარაუდოდ ისარგებლებდა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეტაპზე ამ უფლების პირდაპირი აღდგენა შეუძლებელია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ვალდებულება. საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება საკომპენსაციო თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, ვინაიდან 2016 წლის ნოემბრის თვის ვ. გ-ის მიერ ხელზე ასაღები თანხა არ შეესაბამება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული თანხის ოდენობას, ამავდროულად ვ. გ-ის მიერ არ გასაჩივრებულა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, შესაბამისად იგი დაეთანხმა გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის ოდენობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.2018წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი